Thumbnail

ბრაზილიის ნაკრებისთვის მუნდიალი დასრულებულია! სამხრეთამერიკელებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე ხორვატიასთან თერთმეტმეტრიანების სერია დათმეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გაუშვეს ნახევარფინალში.

ხორვატიასთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარები ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა გააკეთეს. კაზემიროსა და გუნდის კაპიტნის ტიაგო სილვას თქმით, მოთამაშეებმა თავი უნდა აწიონ, რადგან ცხოვრება გრძელდება.

კაზემიროს თქმით, ბრაზილიამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"ყველა მარცხი მტკივნეულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიზანი და ოცნება გაქვს და ამისთვის 4 წელი შრომობ. ძნელია სიტყვების პოვნა. თავი უნდა აწიო, რადგან ცხოვრება გრძელდება. ძალიან დამწუხრებულები ვართ. დარწმუნებულები ვართ, რომ გუნდში ყველამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა. გამარჯვება ხელში გვქონდა და გავუშვით. ახლა დროა მშვიდად ვიყოთ. ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ", - თქვა კაზემირომ.  

"ჩვენ კონტრშეტევებზე ასეთ გოლებს არ ვუშვებთ. ცოტათი არაორგანიზებულები ვიყავით. ძნელია, მაგრამ რამდენადაც საწყენია, იმდენად გვჭირდება ცხოვრების გაგრძელება. თავები უნდა ავწიოთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს. ვამაყობთ იმით, რასაც მივაღწიეთ. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. ამ თასს ფეხბურთელის რანგში ვეღარ მოვიგებ თუმცა სხვა როლში ვინ იცის?", - ეს ბრაზილიის ნაკრების კაპიტნის ტიაგო სილვას სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები