Thumbnail
  • ნიდერლანდები 2:2 (3:4 პენალტები) არგენტინა
  • მესის ნაკრები ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება

ალბათ, დიდი ხანია მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი დრამატული მატჩი არ გვინახავს. ამ თამაშს კიდევ დიდხანს არ დაივიწყებენ.

არგენტინისა და ნიდერლანდების ნაკრებების შეხვედრამ მოლოდინი სრულად გაამართლა - ორი საფეხბურთო გრანდის დუელი ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც მათ ტრადიციებს შეეფერებოდა. საბოლოოდ, არგენტინამ იმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონობისკენ სვლას აგრძელებს. "ალბისელესტემ" ნიდერლანდებს ზუსტად ისე მოუგო, როგორც 8 წლის ნახევარფინალში, პენალტების სერიაში, მაგრამ მაშინდელისგან განსხვავებით, ახლა გაცილებით ეპიკური თამაში ვნახეთ.

ლუის ვან გაალმა ისევ 3-მცველიანი სქემა აირჩია, შეტევაში კი მემფის დეპაის სტივენ ბერგვაინი შეუწყვილდა, რომელთა უკან კოდი გაკპო მოქმედებდა. ლიონელ სკალონიმაც 3 ცენტრალური მცველით თამაში გადაწყვიტა, ანხელ დი მარია კი სათადარიგო სკამზე დარჩა. ლიონელ მესისთან ერთად შეტევაში ხულიან ალვარესი ვიხილეთ.

მესის პასით მოლინამ გაიტანა

არგენტინა 35-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ლიონელ მესიმ უზადო პასით მეკარეს პირისპირ ნაუელ მოლინა შეატოვა და მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინას პირველ ტაიმში ბევრი არაფერი შეუქნია, ნიდერლანდებზე უკეთ გამოიყურებოდა და შედეგი ლოგიკური იყო. ლიონელ სკალონის გუნდმა უპირატესობა 73-ე წუთზე გაზარდა. დენზელ დუმფრისმა საჯარიმოში აკუნია წააქცია და პენალტი, რომელიც ეჭვს არ იწვევდა, მესიმ ძალიან დამაჯერებლად შეასრულა - 2:0.

ანგარიშიდან და ნიდერლანდების ნაკრების უსუსური თამაშიდან გამომდინარე, მატჩის ბედი გადაწყვეტილი სჩანდა, თუმცა, ლუის ვან გაალის გუნდმა თამაში მაინც "მოატრიალა". გამოცდილმა მწვრთნელმა 78-ე წუთზე ინერტული მემფის დეპაი ვოუთ ვეგორსტით შეცვალა და ბეშიქთაშის ფორვარდმა ნამდვილი სასწაული მოახდინა. მან 83-ე წუთზე თავური დარტყმით შეამცირა სხვაობა, რითაც თამაშიც დაძაბა, თავისი გუნდს მუხტი შესძინა და არგენტინა აანერვიულა. თამაშს 10 წუთი დაემატა და ზუსტად ბოლო დამატებულ წუთზე ნიდერლანდელებმა სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს - თითქოს კარში დარტყმა იკითხებოდა, მაგრამ მათ ორიგინალურად გაითამაშეს, კედელში მდგომ ვეგორსტს ტეუმ კუპმაინერსმა პასი გაუკეთა და ვოუთმა დუბლი შეასრულა!

ვეგორსტის გმირობა

დამატებით დროში, მეტწილად კი, მეორე დამატებით 15-წუთეულში არგენტინა უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა. ენცო ფერნანდესის დარტყმა ძალიან მცირე მანძილით ასცდა კარს, 120-ე წუთზე კი მანვე ბურთი ძელს გაარტყა და პენალტების სერიაც დაინიშნა.

თერთმეტმეტრიანებში დიდებული იყო ემილიანო მარტინესი, რომელმაც 2 პენალტი მოიგერია და მართალია, ერთი დარტყმა არგენტინელებმაც გააცუდეს, ნახევარფინალში მაინც სამხრეთამერიკელები გავიდნენ.

არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში 13 დეკემბერს, ხორვატიას შეხვდება, რომელთანაც წინა მუნდიალზე 0:3 წააგო და ფინალის საგზურის გარდა, რევანშისთვისაც იბრძოლებს.

TOP ფეხბურთელი

მე-80 წუთამდე მატჩის გმირი ცალსახად ლიონელ მესი იყო, შემდეგ ეს სტატუსი ვოუთ ვეგორსტმა გადაიბარა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ემილიანო მარტინესს ვირჩევთ. პენალტების სერიაში არგენტინელმა მეკარემ ორი დარტყმა მოიგერია და მატჩის გმირი გახდა.

მარტინესი ვან დეიკის პენალტს იგერიებს

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში მე-5 საგოლე პასი გააკეთა. მას შემდეგ, რაც მსგავს სტატისტიკას აღწერენ (1966 წლიდან), პლეი ოფში ამდენი ასისტი არავის გაუკეთებია. მესიმ პელეს შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც 4 საგოლე პასი ჰქონდა.

🟠 ჯგუფურ ეტაპსაც თუ ჩავთვლით, მესის მუნდიალზე 7 საგოლე პასი აქვს და ყველა სხვადასხვა მოთამაშის მისამართით: კრესპო (2006), ტევესი (2010), დი მარია (2014), აგუერო, მერკადო (ორივე - 2018), ფერნანდესი, მოლინა (ორივე - 2022).

🟠 ლიონელ მესიზე მუნდიალზე 65-ჯერ დაჯარიმდნენ და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ დიეგო მარადონას ჩამორჩება, რომლის წინააღმდეგ თამაშის წესი 152-ჯერ დაირღვა (მას შემდეგ, რაც ამ სტატისტიკას ითვლიან  ანუ 1966 წლიდან).

🟠 ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 გოლი გაიტანა და გაბრიელ ბატისტუტასთან ერთად არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

🟠 ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე უშუალო მონაწილეობა 17 გოლში (10 გოლი, 7 საგოლე პასი) მიიღო, რითაც დიეგო მარადონას გადაასწრო.

🟠 ვოუთ ვეგორსტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი თავისი პირველივე დარტყმით გაიტანა.

🟠 ვეგორსტი ნიდერლანდების ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე შეცვლაზე შესვლის შემდეგ 2 გოლი გაიტანა. მან მეორე გოლი 100:30 წუთზე გაიტანა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში ყველაზე გვიანი გოლის ავტორი გახდა (დამატებითი დრო ამ სტატისტიკაში არ შედის).

🟠 ლუის ვან გაალს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში არასდროს წაუგია (არ იგულისხმება პენალტების სერიაში მარცხი) და ლუიშ ფელიპე სკოლარის რეკორდი გაიმეორა - 12 მატჩი, 8 მოგება, 4 ფრე. ვან გაალი მუნდიალს ორჯერვე არგენტინასთან პენალტებში მარცხით გამოეთიშა.

ნიდერლანდები 2:2 (3:4 პენალტები) არგენტინა

გოლები: 0:1 მოლინა (35), 0:2 მესი (73. პენ), 1:2 ვეგორსტი (83), 2:2 ვეგორსტი (90+11)

პენალტების სერია: ვან დეიკი, მესი, ბერგუისი, პარედესი, კუპმაინერსი, მონტიელი, ვეგორსტი, ფერნანდესი, ლ. დე იონგი, ლაუტარო.

ნიდერლანდები (3-4-1-2): ნოპერტი - ტიმბერი, ვან დეიკი, აკე - დუმფრისი, დე როონი (46. კუპმაინერსი), ფ. დე იონგი, ბლინდი (64. ლ. დე იონგი) - გაკპო (113. ლანგი) - დეპაი (78. ვეგორსტი), ბერგვაინი (46. ბერგუისი).

არგენტინა (3-5-2): ე. მარტინესი - რომერო (78. პეცელა), ოტამენდი, ლ. მარტინესი (112. დი მარია) - მოლინა (106. მონტიელი), დე პაული (66. პარედესი), ფერნანდესი, მაკალისტერი, აკუნია (78. ტალიაფიკო) - მესი, ალვარესი (81. ლაუტარო).

კომენტარები

ბოლო ამბები