Thumbnail

არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ გახარებულიც იყო და გაბრაზებულიც.

არგენტინელმა ვარსკვლავმა TyC Sports-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დაწყებამდე ერთ-ერთ ადამიანს, რომლის ვინაობა ოფიციალურად უცნობია, საკმაოდ გამაღიზიანებელი ტონით მიმართა და სულელი უწოდა.

"რას უყურებ სულელო? რას უყურებ? წადი, სულელო, წადი", - ეუბნება მესი ვიღაცას და შემდეგ ლეოს დამშვიდებას ჟურნალისტი ცდილობს: "დამშვიდდი ლეო, დამშვიდდი".

მოგვიანებით, ჟურნალისტმა გასტონ ედულმა დაპოსტა, რომ მესი ამ სიტყვებით მსაჯს, სავარაუდოდ მატეო ლაოსს მიმართავდა.

არგენტინელმა მატჩის მერე ლუის ვან გაალთან იკამათა, ინტერვიუში კი გააკრიტიკა და მისი გუნდის სათამაშო სტილი დაიწუნა:

"ვან გაალი გვაჯერებს და ამბობს, რომ მისი გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს, მოედანზე მაღალი მოთამაშეები გამოიყვანეს და მხოლოდ გრძელი პასებით ითამაშეს. არ მიყვარს თამაშამდე საუბარი, ეს არ არის ფეხბურთის ნაწილი. მე ყოველთვის პატივს ვცემ ყველას, მაგრამ მომწონს, როცა ისინიც პატივს მცემენ. ვან გაალს ჩვენთან მიმართებაში პატივისცემა არ ჰქონდა".

არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ფეხბურთელებმაც არაერთხელ იკამათეს. სამხრეთამერიკელთა აღნიშვნაც პროვოკაციული იყო პირდაპირ ნიდერლანდელი ფეხბურთელების წინაშე, რაც მიანიშნებს ფეხბურთელებს შორის დაძაბულ ვითარებაზე.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა 13 დეკემბერს, ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრებს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები