Thumbnail
  • ხორვატიას დიდი გუნდის ხასიათი და მენტალობა აქვს
  • დალიჩს გუნდმა მეტოქეს დაცვიდან შეტევაში გადასვლა გაურთულა
  • ხორვატებმა მეტოქეს ბურთი და ინიციატივა არ დაუთმეს

ჩემი ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო ემოცია 1994 წლის მუნდიალზე, გერმანია-ბულგარეთის მეოთხედფინალურ შეხვედრას უკავშირდება.

ის ჩემთვის პირველი მუნდიალი იყო. გერმანია იგებდა, როცა ჩემი ოჯახის წევრები ოთახიდან გავიდნენ, რამდენიმე წუთში შემობრუნდნენ და როცა ანგარიში მკითხეს და ვუპასუხე, რომ ბულგარეთი 2:1-ს იგებდა, მაგრად დამცინეს. ჩათვალეს, რომ პატარა ბავშვს ანგარიში შემეშალა. ვერც დაუშვეს, რომ მრისხანე გერმანიას, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შეიძლებოდა, 3 წუთში ბულგარეთისგან ორი გოლი გაეშვა.

იმ გერმანიას ბოლო ხუთ მუნდიალზე ოთხი ფინალი ჰქონდა ნათამაშები, ჯამში კი, 1966 წლის შემდეგ გერმანიამ 7 მუნდიალზე ხუთი ფინალი ითამაშა. ეს გუნდი ბულგარეთებთან არ აგებდა. ამიტომაც ვერ იჯერებდნენ. ბავშვობიდან ჩამრჩა ეს ემოცია, რომ გერმანია რაღაც მრისხანე, დაუმარცხებელი და დაუძლეველი ძალაა.

'მაშინ ვიღაც ბალკანელი მაგარი ბიჭები გამოჩნდნენ და გერმანიას ისე მოუგეს, როგორც ბუნდესგუნდისთვის თავის ისტორიაში არასოდეს მოუგიათ'

ამიტომ, როცა 4 წლის შემდეგ, 1998 წლის მუნდიალზე, უკვე მოზრდილ ასაკში, ისევ მეოთხედფინალში ხორვატების მიერ ძალიან შთამბეჭდავი 3:0 და გერმანიის განადგურება ვნახე, ეს ემოცია, ბუნებრივია, არასოდეს დამავიწყდება. გოლის ავტორებიც მახსოვს - იარნი, ვლაოვიჩი და შუკერი და ის გოლებიც არასოდეს დამავიწყდება. სულ თვალწინ მიდგას. ვიღაც ბალკანელი მაგარი ბიჭები გამოჩნდნენ და გერმანიას ისე მოუგეს, როგორც ბუნდესგუნდისთვის თავის ისტორიაში არასოდეს მოუგიათ.

ეს ხორვატების დიდი თაობის შემოქმედება იყო - დავორ შუკერი, ზვონიმირ ბობანი, რობერტ პროსინეჩკი, რობერტ იარნი და სხვები ევროპული გრანდების ფეხბურთელები იყვნენ. ხორვატებს ასეთი ვარსკვლავები 6-7 კაცი ჰყავათ. ეს უფრო ერთჯერად მოვლენად ჩანდა. არის ხოლმე, როცა ერთ ქვეყანას ერთი დიდი თაობა ჰყავს (ზემოთ ხსენებული ბულგარეთის არ იყოს) და ერთ დიდ სანაკრებო ტურნირს ითამაშებს. ასეთი გუნდი გვინახავს 1994 წლის შვედეთი და ბულგარეთი, 2010 წლის ურუგვაი, იქამდე 70-იანებში პოლონეთი და ა.შ. თუმცა, დიდ გრანდებთან ამ ისტორიას ის განასხვავებს, რომ ერთჯერადია. აღარ მეორდება. მეტიც: პატარა საფეხბურთო კულტურას ასეთი წარმატება იმდენად თავბრუს ახვევს, რომ მიღწეულის შენარჩუნებაც რთული ხდება ხოლმე.

წინა მუნდიალზე ხორვატებმა კიდევ უფრო მეტი ქნეს. მანჯუკიჩის, მოდრიჩის, რაკიტიჩის და პერიშიჩის გუნდი ფინალამდე მივიდა. ეს უკვე დიდი განაცხადი იყო. ასეთი გუნდების ჭერი, ჩვეულებრივ, ნახევარფინალია ხოლმე. ხორვატია ფინალში გავიდა.

გერმანიის ტრიუმფალური ძლევის შემდეგ 24 წელია გასული და ხორვატია უკვე მესამე ნახევარფინალს თამაშობს. ამ პერიოდში, ამდენივე ნახევარფინალი დაუგროვდა ბრაზილიას, ორი - არგენტინას, ერთი - იტალიას. 7 მუნდიალიდან სამჯერ ნახევარფინალში თამაში უკვე გრანდის სტატისტიკაა. წინა მუნდიალისგან განსხვავებით, ახლა ვერ ვიტყვით, რომ ხორვატიას თავისი სტანდარტით განსაკუთრებულად ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ან მისი ლიდერები ფორმის პიკში არიან. რაკიტიჩი ნაკრებიდან წავიდა, მანჯუკიჩი მთლიანად ფეხბურთიდან, მოდრიჩი 37 წლისაა და თავისი გენიალური კარიერის ბოლო ეტაპზეა, ისევე, როგორც დეიან ლოვრენი. ანუ, ხორვატია გრანდის დონეზე თამაშობს თავისი სტანდარტული მოცემულობით. ‘ჩვეულებრივად’ კარგი ხორვატული გუნდი უკვე ბრაზილიას ტოლ-სწორად ეთამაშება და უგებს კიდეც.

ივან პერიშიჩი მატჩის დასრულების შემდეგ ბრაზილიელ ფეხბურთელებთან

არადა, ფინალში თამაში ისეთი წარმატებაა, რომ პატარა ქვეყანა მენტალურად ამ წარმატების ტყვე ხდება ხოლმე და შემდეგ დიდ ტურნირებს აუცილებლად აგდებს. ამიტომაც ამ მუნდიალის წინ ხორვატიისგან ბევრს არ ველოდით.

გრანდის და ზოგადად გამარჯვებული ხალხის მენტალიტეტი ხორვატიას გუშინაც დაეხმარა. ეს ის ხალხია, რომელმაც ბალკანური ომების და კონფლიქტების საშინელებებს თავი ყველაზე სწრაფად და უკეთ დააღწია. 30 წლის წინ მათაც ჩვენსავით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოუწიათ. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ეს გამარჯვებული ომის ხალხია და ეს გამარჯვება მათ მენტალიტეტზეც აისახება. ოთხმილიონიანი ქვეყანა ნატოს, ევროკავშირის და შენგენის ზონის წევრია. წარმატების, პროფესიონალიზმის, თავის არდახრის და ღირსეულად ბრძოლის კულტურა ხორვატიას ყველგან მიჰყვება, მათ შორის, ფეხბურთში.

ხორვატიამ ძალიან მძლავრ და მრისხანე ბრაზილიასთან თავადავე სცადა ინიციატივის ხელში აღება. როცა ბრაზილიას მხოლოდ დაცვიდან, მეორე ნომრად ეთამაშები, შენს კარში გოლი დროის საკითხია. ეს სერბეთთან და შვეიცარიასთან შეხვედრებმაც აჩვენა. სწორედ ამიტომ, ხორვატია ბრაზილიასთან ბურთისთვის ბრძოლაში ჩაერთო. თუკი ბურთს შენ აკონტროლებ, აკონტროლებ თამაშს - მეტოქე ვერ შემოგიტევს და კართან ვერ მიგაჯაჭვავს. ეს აღქმის, ინტერპრეტაციის საკითხი იყო. ხორვატია თამაშს არ მიუდგა, როგორც აუტსაიდერი, რომელიც შანსს ელოდება. თავად სცადა თამაშის და ინიციატივის ხელში აღება.

ამასთან ერთად, ხორვატიამ ბრაზილიის შემადგენლობაში შედარებით სუსტი რგოლი იპოვა. ამ ბრაზილიას ჰყავს ძალიან კარგი შემტევი ოთხეული (ვინისიუსი, რაფინია, ნეიმარი, რიშარლისონი), ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი კაზემიროს სახით, თუმცა ამ შემადგენლობაში ლუკას პაკეტას სახით მხოლოდ ერთი ფეხბურთელია ისეთი, ბურთის მოძრაობა, გათამაშება, მისი ფლობა და პასში თამაში რომ ეხერხება. აქ ბურთის პასით ფლობაზე, მისი რიტმის კონტროლზე და თამაშის ტემპის ხელში აღებაზეა საუბარი და არა დრიბლინგზე, რომელიც ბრაზილიელებს სასწაულად გამოსდით.

სწორედ ამიტომ, ხორვატიამ ძალიან კარგად სცადა პირველ ტაიმში პრესინგის თამაში და მეტოქისთვის დაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანაში ხელის შეშლა. ფეხბურთი ძალიან სტრატეგიული თამაშია. შეიძლება წინ ძალიან მაგარი იარაღი გქონდეს შენი შემტევი ხაზის ჩათვლით, მაგრამ ამ შემტევებს ბურთით მომარაგება სჭირდებათ. ხორვატიამ ბრაზილიის შემტევებს ბურთით მომარაგება შეუზღუდა. დაცვიდან შეტევაში ბურთის იოლად გადატანაში შეუშალა ხელი. ტიტეს გუნდს თითქოს მოედნის ცენტრში მოდრიჩისნაირი მოთამაშე დააკლდა, რომელიც კარგი პასით ბურთის დაცვიდან შეტევაში გადაიტანდა. მხოლოდ პაკეტა ამას არ ეყო, კაზემირო კი სხვა პროფილის ფეხბურთელია, დაცვის, ბრძოლის და დაზღვევის.

ხორვატიას პირველ ტაიმში ეს ძალიან კარგად გამოდიოდა, მეორეში - მხოლოდ ფრაგმენტულად. ბრაზილია მეორე ტაიმში სხვა გუნდად გამოვიდა. წინა მუნდიალის ფინალში ხორვატების პრესინგმა დეშამს ნგოლო ნკანტე შეაცვლევინა. კანტე ზედმეტად ხშირად კარგავდა ბურთს. ხორვატების პრესინგი მაშინაც შთამბეჭდავი იყო.

თავად კი ხორვატები ბურთს ძალიან ფრთხილად და ორგანიზებულად ათამაშებდნენ. ეს უფრო ბურთის ფლობა იყო მეტოქის შესაზღუდად, ვიდრე უპირატესობის გამოხატულება. ბურთის გათამაშებით ხორვატია მეტოქეს უგდებდა ტემპს და ბრაზილიას არ აძლევდა საშუალებას, გეგმაზომიერი წნეხის, ზეწოლის ქვეშ მოექცია ისინი მთელი მატჩის განმავლობაში.

ჯამში გამოვიდა, რომ ხორვატიამ მეტოქეს ბურთი და ტერიტორია ერთპიროვნულად არ დაუთმო. ბურთის ფლობა გუნდებს პრაქტიკულად თანაბარი ჰქონდათ. მოდრიჩმა თამაში 115 პასით დაასრულა, ბროზოვიჩმა - 109 გადაცემით, კოვაჩიჩს 75 გადაცემა ჰქონდა. ეს სამეული გადაცემების რაოდენობით ხორვატთა საუკეთესო ოთხეულში იყვნენ. ანუ, დალიჩის გუნდს ბურთი მოედნის ცენტრში, ნახევარდაცვის ხაზში ეჭირა. ბრაზილიელთაგან 100 პასს არავინ გადაცდენია და რაოდენობის მხრივ პირველ ოთხეულში ოთხი მცველი იყო. ანუ, ბრაზილიას ბურთი დაცვის ხაზში დიდხანს ჰქონდა და შეტევაში იოლად ვერ გადიოდა.

წინა ხაზში (ნახევარდაცვა, შეტევა) ბრაზილიელთგან ყველაზე კარგი შედეგი კაზემიროს ჰქონდა, 62 პასი და ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მოდრიჩის და ბროზოვიჩის შედეგი. მრავლისმეტყველი სტატისტიკაა. ისევ მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლამდე მივდივართ, რამაც ხორვატებს საშუალება მისცა, რომ მთელი თამაში მეტოქის ზეწოლა თავიდან აერიდებინათ და მომენტებში ამოესუნთქათ. ჯამში დალიჩის გუნდმა უფრო მეტი გადაცემა და შეხება მოაგროვა ბურთთან.

ხორვატია ბრაზილიის ზეწოლაში მხოლოდ ეპიზოდურად ხვდებოდა და იმ მომენტებში ძალიან უჭირდა. ეს ის მომენტები იყო, როცა ხორვატები გაძლებაზე იყვნენ და რომ არა მათი ბრძოლისუნარიანობა, ბრაზილია გატეხავდა კიდეც.

მეორე ტაიმში ბრაზილიამ ხორვატიის კართან ბევრი მომენტი შექმნა. ლივაკოვიჩი ძალიან კარგად იდგა, ზოგიც თავად ბრაზილიელებმა ვერ შეასრულეს.

შეასრულეს მხოლოდ დამატებითში, როცა ნეიმარის მიერ დაწყებული შეტევა ძალიან მაგრად გაათამაშეს და პაკეტას პასით ნეიმ ერთი-ერთზე მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მაგარი გოლი იყო.

მთავარი ამბავი ის იყო, რომ ასეთ მომენტებში პატარა გუნდები ტყდებიან ხოლმე. როცა დაცვაში დგახარ, გაძლებაზე ხარ და ბურთს დამატებით დროში გიტანენ, ძალიან რთული კი არა, თითქმის შეუძლებელია თამაშის გადაწყობა და შეტევაზე ფიქრი. ხორვატიამ ეს დარტყმა ჩემპიონურად მიიღო. არ აირია, არ დაპანიკდა, სიმწყობრე არ დაკარგა და მომენტის ლოდინი გააგრძელა. არადა, პატარა გუნდი ასეთ მომენტში უფრო ქაოტური ხდება ხოლმე და ეს სუიციდია.

ხორვატების რეაქცია კლასის, გამოცდილების და მენტალიტეტის ამბავი იყო. ეს მომენტი მატჩის ბოლოს იპოვეს. ლუკა მოდრიჩმა, ლეგენდარულმა და დაუღლელმა ლუკა მოდრიჩმა, ერთი მოძრაობით და ერთი პასით ბრაზილიის პრესინგი გაიარა და გუნდს კონტრშეტევა აჩუქა. ეს ბრაზილიური ზეწოლა-პრესინგი თავისი კაზემიროებით მთელი ტურნირი ძალიან მძლავრი და დამანგრეველი იყო. წინა სტატიებშიც ვწერდი - ‘სელესაო’ მეტოქეს თავისი საჯარიმოდან არ უშვებდა და მერე დიდი პითონივით გეგმაზომიერად ანადგურებდა. მოდრიჩმა ეს ზეწოლა გაიარა და 117-ე წუთზე მარცხნიდან კონტრშეტევას ამ თამაშში ბრაზილიელთა კარში პირველი დარტყმა და გოლი მოჰყვა. ეს აუტსაიდერის შემთხვევითობა არ ყოფილა, ეს გრანდის, დიდი გუნდის, შესრულება იყო. ელოდნენ ერთადერთ მომენტს, იპოვეს ეს მომენტი და შეასრულეს.

ერთი დეტალიც: მოდრიჩმა მთელი თამაში, 120 წუთი ამ ბრაზილიური წნეხის შუაგუალში გაატარა, მის 115 პასზეც გითხარით და ზუსტი გადაცემების 91-პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდა. ანუ ბურთს თითქმის არ კარგავდა.

ბევრი შეიძლება ითქვას ლუკას დაუფასებელ გენიალურობაზე, ან ძალიან კარგ იოშკო გვარდიოლზე დაცვის ხაზში (20 წლის ბიჭი შემდეგი დიდი ხორვატი ვარსკვლავია), მაგრამ მთავარი აქ მენტალური საკითხია. ეს ხორვატია უკვე აღარ არის ცალკეულ პერსონალიებზე და თუნდაც თაობებზე მიბმული.

ამ ხორვატიას დიდი გუნდის, გრანდის ხასიათი, სიმშვიდე, გამოცდილება და ფსიქოლოგია აქვს. ხორვატული სასწაულებიც ამიტომ ხდება. პატარა ქვეყანას დიდი გული აქვს. ჩვენთვის ხორვატია მაგალითი უნდა იყოს, მინდორზეც და მის მიღმაც. ოთხი მილიონი არიან და 30 წლის წინ ჩვენსავით დაიწყეს. დღეს სად არიან ისინი და სად ვართ ჩვენ?!

კომენტარები

ბოლო ამბები