Thumbnail

‘გუშინ საღამოს ფეხბურთის ღმერთები იღიმებოდნენ’ - ასეთი იყო ერთი ბრაზილიური გაზეთის სათაური ათწლეულების წინ, რიოს ერთ-ერთი დიდი დერბის შემდეგ. არ ვიცი, რა ხდებოდა მაშინ რიოში, მაგრამ თუ ფეხბურთის ღმერთები არსებობენ, გუშინ საღამოს ისინი ნამდვილად იღიმებოდნენ.

გუშინ ის თამაში ვნახეთ, რასაც მუნდიალზე 4 წელი ველით ხოლმე და მერე მთელი ცხოვრება ვიხსენებთ. ჰკითხეთ, თუნდაც ათწლეულების მერე არგენტინის ან ნიდერლანდების ნებისმიერ გულშემატკივარს და ზუსტად გეტყვით, სად იყო და რა პირობებში უყურა ამ მატჩს. ასეთი ემოციები მუდამ შენთან რჩება, თავისი ტკივილით და სიხარულით, არასოდეს გტოვებს. განცდა გაქვს, რომ დიდი ომის ნაწილი იყავი, თამაშის მერე ისე დაღლილი ხარ, თითქოს ოტამენდივით იცავდი შენს კარს, ან ბერგჰუისივით სასოწარკვეთილი უტევდი მეტოქეს ანგარიშის გასათანაბრებლად.

ფეხბურთი ამის გამო გვიყვარს და სულ რომ გაუქმდეს აი ეს მუნდიალი, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის გამო ლოდინი ღირდა. ლოდინიც და ცხოვრებაც. ფეხბურთი ხან თამაშია და ბურთის დევნა, ხან კი ცხოვრება მოედანზე - გუშინ ცხოვრება იყო, მთელი მისი მოულოდნელობებით, სიგიჟეებით, გმირობებით, შეცდომებით, სასოწარკვეთილებებით და სიხარულებით.

არადა, მატჩის წინ ასეთი თითქოს არაფერი ჩანდა. ვისაც 2014 წლის არგენტინა-ნიდერლანდების ნახევარფინალი გახსოვთ, დამეთანხმებით, რომ მსგავსი მოსაწყენი ბევრი არაფერი გვინახავს. იმ თამაშში პენალტებამდე ფეხბურთი ერთგან იყო - როცა მასკერანომ თავგანწირული ვარდნით არიენ რობენს არ გაატანინა.

ახლა ისევ ისეთი არგენტინა, მებრძოლი, დაცვითი, მესის მიღმა და მესის გარეშე შეტევაში შეზღუდული და ‘ალბისელესტეს’ კვალობაზე უფრო მუშა, ვიდრე ვარსკვლავური. აქედან ლუის ვან გაალის წესრიგის, ორგანიზაციის და დისციპლინის ნიდერლანდები ძალიან მწირი შემტევი რესურსით და მკვეთრი აქცენტით დაცვაზე. 2014-ში არგენტინას უფრო დიდი და ფართო არჩევანი ჰქონდა შეტევაში. იმდენად, რომ საბელია ისე გაბრიყვდა, კარლოს ტევესი დატოვა სახლში. ცოტა სხვა თემაა, მაგრამ დიდი სიბრიყვე იყო - კარლოს ტევესი მეტოქის კარის წინ ‘მკვლელია’ - განსხვავებით იგუაინისგან და პალასიოსგან, რომელთა ფინალში ვერგატანილ ბურთებს დღემდე მისტირის არგენტინა. იქეთ ნიდერლანდებს ჰყავდა ჯადოსნურ ფორმაში მყოფი რობენი, ძალიან მაგარი სნაიდერი და რობინ ვან პერსი, რომლის კოსმოსური გაფრენა ესპანეთთან 5:1-ზე მურალების და პოსტერების თემაა. მაინც უსახური ნულით ნული გამოვიდა.

ახლა, როცა არგენტინას შეტევაში უჭირს და ნიდერლანდების საუკეთესო ბიჭები დაცვაში თამაშობენ, თითქოს უგოლო, ან ერთგოლიანი შეხვედრის ალბათობა ძალიან დიდი იყო. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ორივე გუნდი 3-5-2-ს თამაშობს, შეტევაში 2-3 კაცის იმედზეა და ზოგადად, ორი იდენტური სქემით მოთამაშე მეტოქეების შეხვედრისას ჩაკეტილი თამაში იოლად გამოდის ხოლმე.

გოლს თუ ველოდით, ვინმე (ანუ მესი), რომ შეასრულებს ეპიზოდს გენიალურად ისეთს. ანდაც მოულოდნელი და უხეში შეცდომის შედეგად. ორივე ეს სცენარი მარტივად გამოვიდა. ლეომ ღვთაებრივი პასი გააკეთა - ბურთი იქ და ისე გააძვრინა, რომ ნიდერლანდების დაცვაში მაგ სივრცეს და მიმართულებას კომპიუტერიც ვერ იპოვიდა. გეომეტრია და ბილიარდი კი არ იყო, ღმერთის ხელი და ცაცია. მაგ პასს სახაზავითაც ვერ გაატარებ. ფლანგიდან მოლინამ შეირბინა და მესის წყალში არ ჩაუყარა.

მერე აკუნიამ იპოვა მეტოქის შეცდომა, ანუ ცუდად დატოვებული ფეხი და პენალტით მესიმ ანგარიში წყნარად გაზარდა. მშვიდი გამარჯვება ჩანდა კლასის ხარჯზე. თუმცა ფეხბურთი დიდი და მოულოდნელი თამაშია.

არგენტინა ჩაჯდა და დროის გაყვანა დაიწყო. ვან გაალმა თავისი შეზღუდული რესურსების ფონზე მაინც იპოვა, ამის გამოყენება როგორ შეეძლო. როცა არგენტინა თავის კართან ახლოს მიდის, მას სიმაღლე და გაბარიტები აკლია. არც ოტამენდი და არც ლისანდრო მარტინესი ცენტრალური მცველისთვის გაბარიტებით არ გამოირჩევიან. მარტინესს პრემიერლიგაში ამიტომაც უყურებდნენ სკეპტიკურად. ისეთი მცველები არიან, ვარდნაში არაფერს დაგითმობენ, დასწრებაზე თამაში იციან, თუმცა სიმაღლე მთელს არგენტინაში მხოლოდ კრისტიან რომეროს აქვს.

ვან გაალმაც თამაში ძველ და მარტივ ამბავზე ააგო - გრძელი გადაცემები, ჩაწოდებები და ჰაერში ბრძოლა. ნიდერლანდები სიმაღლით მიაწვა. ვერ დავეთანხმები მესის, რომელმაც მატჩის მერე აღნიშნა, რომ მეტოქე მხოლოდ ჩაწოდებების იმედად იყო. ჩაწოდება და ჰაერის მოგება "მხოლოდ" არ არის. ფეხბურთის გენიალურობა და სიდიდე იმაშია, რომ მისი თამაში ბევრნაირად შეიძლება. მათ შორის, მარტივად, პრიმიტიულად, თუმცა მაინც შედეგიანად.

მოედანზე ბევრისთვის უცნობი ბიჭები გამოჩნდნენ. 197-სანტიმეტრიანი ვეგჰორსტი თურქული ბეშიქთაშიდან თავდასხმის ცენტრში, თავით თამაშის დიდოსტატი ლუუკ დე იონგი, კიდევ ერთი 190-სანტიმეტრიანი კაცი და სტივენ ბერგჰუისი ფლანგზე - აგრესიული, მონდომებული და სწრაფი. ნიდერლანდებიც მასით, ძალით და ფიზიკურობით მიაწვა მეტოქეს. ვეგჰორსტი-დე იონგის დუეტი და მათთან ერთად ბოლო წუთებში თავდამსხმელად მოთამაშე ვირჯილ ვან დაიკი გოლიათურ სამეულს ქმნიდნენ. შედეგად, ვეგჰორსტმა დიდებული თავურით გაიტანა.

არგენტინამ შეცდომები დაუშვა. ძალიან ჩაჯდა, მგონი ცოტა მოეშვა და დროის გაყვანა-ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა ძვირად დაუჯდა. სხვათა შორის, ასეთი რამ ავსტრალიასთანაც მოუვიდა ‘ალბისელესტეს’ და ეს კარგის ნიშანი არ არის. დაცვაში დგომას პირველ რიგში კლასი, დისციპლინა, კონცენტრაცია და ტაქტიკური განსწავლულობა სჭირდება და არა ფანატიკური ბრძოლისუნარიანობა, რაც ამ არგენტინის მთავარი ძალაა.

დაცვაში დგომას ცივსისხლიანობაც უნდა. არგენტინამ კიდევ ბოლო წუთებში ბევრი არასაჭირო ჯარიმა აიკიდა - ცხელი გული უფრო მეტი იყო, ვიდრე ცივი თავი. ესეც ხარვეზია. მაგალითად, ლეანდრო პარედესი მოედანზე ისე გამოვიდა, რომ გიჟივით იქცეოდა. ძალიან გაუმართლა, რომ არ გააგდეს. უეჭველი წითელი იყო, როცა მეტოქის სათადარიგო სკამის მიმართულებით ბურთი დაარტყა, თან იქამდე ძალიან უხეში ვარდნა შესრულა.

უცნაური ის იყო, რომ ნიდერლანდები, ბერგკამპის, დე ბურების, კლუივერტის და ფეხბურთის ფილოსოფიის ქვეყანა, არგენტინას მისთვის სახასიათო ბინძურ თამაშში წარმატებით აყვა. ბინძური ამ შემთხვევაში ნეგატიური ეპითეტი ნამდვილად არ არის. ფეხბურთს ესეც უხდება. აღმოჩნდა, რომ ამ გუნდს კრუიფის და მიხელის დახვეწილობასა და ელეგანტურობაზე მეტად, ვან გაალის სიმკაცრე და სიხისტე აქვს. ან რატომ გვიკვირის, ლუის გვერდით ისეთი კაცი იჯდა, რომ სხვანაირად არც შეიძლება. ედგარ დავიდსი, ‘პიტ ბული’, ლეგენდა, რომელიც დიდ ფეხბურთელთან ერთად, მოსიარულე წითელი ბარათიც იყო. დავიდსი მესისაც გაექაჩა და ეჭვი არ მეპარება, მოედანზე ყოფნა და იმ ომში მონაწილეობაც რომ უნდოდა. მაგის თამაში იყო.

არგენტინას ეს ბუნებრივად მოსდგამს. ქუჩებში გაზრდილი ხულიგანი ბიჭები არიან. კრიმინალთან სიახლოვით, ძალადობასთან ‘შენობით’ ყოფნით და საფეხბურთო ეშმაკობებით. ქუჩაში ნასწავლი ფეხბურთი ესაა. ამათაც ფეხბურთი ქუჩაში აქვთ ნასწავლი. ნიდერლანდებისგან მართლა გამიკვირდა.

უცებ თამაში ომად იქცა. ყვითლები, გაწევ-გამოწევა, უხეშობა, შელაპარაკებები, ჭიდაობა, ფეხებში მირტყმა, სიმულაცია და გიჟური ვარდნები. ერთმანეთს არცერთი აკლებდა. ვეგჰორსტი მესის ურტყამდა იდაყვს, ვან დაიკმა პარედესი დააგდო. ეს ყველაფერი ნაღდ ფეხბურთს ძალიან უხდება. გაგრძნობინებს, გამარჯვებას რა ფასი აქვს, რამდენად დიდია ეს თამაში და მისი მნიშვნელობა. ხვდები, რომ წაგება სიკვდილის ტოლფასია. აცნობიერებ, რომ რაღაც დიდის, ეპიკურის, სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის მოწმე და ნაწილი ხარ. ჩემთვის ფეხბურთი აქ უფრო მეტი იყო, ვიდრე ბრაზილიის ჯადოსნურ 45 წუთში კორეასთან.

ნიდერლანდების მეორე გოლი ისეთი იყო, ვან გაალის ფეხბურთიდან წასვლას რომ დაამშვენებდა. უაზროდ აკიდებულ და საკმაოდ საკამათო ჯარიმას მე-100 წუთზე ისეთი გათამაშება მოჰყვა, ქრესტომათიად რომ დარჩება. ასეთი მხოლოდ ერთხელ მინახავს, 1998-ში ხავიერ ძანეტის ლეგენდარული გოლი ინგლისთან, კიდევ ერთ მონუმენტურად დიდ თამაშში.

ვან გაალმა და მისმა გუნდმა ყველა გააბრიყვა. მაგრად დახაზული და შესრულებული გოლი იყო. ვან გაალი ასეთი გოლით უნდა წასულიყო - სანტიმეტრებში დათვლილ-შესრულებულით. ყველაზე საფეხბურთო და ძალიან ამაღელვებელი მომენტი ის იყო, ნიდერლანდელების მეკარე, ჩამუხლული, როგორ ელოდა გადამწყვეტი ჯარიმის შესრულებას. სასოწარკვეთილი, დაძაბული და თითქოს სიკვდილით დასჯის მოლოდინში.

არგენტინამ ისეთი შოკი მიიღო, 15 წუთი ვეღარ გამოდიოდა. ბურთის გორებაში ცდილობდა აზრზე მოსვლას. ნიდერლანდელების გოლიათებს პრესინგი, მოძრაობა, ბურთის დევნა და დინამიკა უჭირდათ და არგენტინამაც დამატებითში ბურთის ფლობით აზრზე მოსვლის დრო მიიღო.

მეორე დამატებითში კიდევ ერთი უცნაური რამე მოხდა. ‘ალბისელესტემ’ შინაგანი ძალა იპოვა და მოსაგებად წავიდა. ბოლოში მთელი გუნდით შეუტია და რამდენჯერმე ძალიან ახლოსაც იყო გოლთან. ენცო ფერნანდესმა, ერთ-ერთმა საუკეთესომ არგენტინელთაგან, სულ ბოლო წამებზე ძელს გაარტყა.

პენალტებში ემილიანო მარტინესი იყო. ‘ალბისელესტეს’ მეკარე, რომელსაც ცოტა გიჟის გამომეტყველება და მაგარი გიჟის თვალები აქვს. მთელი თამაში თავის თავთან მონოლოგშია, რაღაცეებს ბურტყუნებს და თავის თავს ელაპარაკება. აბსოლუტურად კინოს პერსონაჟია. მაგასთან პენალტებისნაირ სიგიჟეში საქმის დაჭერას არავინ ისურვებდა. ორი მაგარი ბურთი აიღო.

ტრიბუნებზე ‘ალბისელესტეს’ დიდი უპირატესობა ჰქონდა, იმდენი გულშემატკივარი ჰყავდა, ფაქტობრივად, სახლში თამაშობდა. იმ ხალხის სახეებს და თვალებს ეტყობოდა, რა ნახეს და რისი მომსწრეები გახდნენ. ისეთი თამაში იყო, რომ კვდები და ცოცხლდები, მერე ისევ კვდები და ისევ ცოცხლდები და ასე დაუსრულებლად. გიჟური სცენარით და დრამატურგიით. ფეხბურთი ამიტომ გვიყვარს. მადლობის მეტს ამ თამაშს ვერაფერს ვეტყვით...

კომენტარები

ბოლო ამბები