Thumbnail
  • ფოტოზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, ოტამენდიმ ისაუბრა
  • მისი თქმით, არგენტინელების ქცევას თავისი მიზეზი ჰქონდა

ფეხბურთელებს ბავშვობაშივე ასწავლიან ხოლმე, რომ მოგებული მატჩის შემდეგ მეტოქეს არ უნდა დასცინო.

ფოტოზე, რომელმაც უკვე მთელი მსოფლიო მოიარა, არგენტინელი ფეხბურთელები სწორედ ამას აკეთებენ. ფოტო იმ წამებშია გადაღებული, როცა ლაუტარო მარტინესმა ბოლო პენალტი შეაგდო და არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა.

ოტამენდის ხელები ყურებზე აქვს მიდებული, მონტიელი, პეცელა და პარედესი ნიდერლანდელ ფეხბურთელებს უყვირიან, თვით ანხელ დი მარიაც კი პროვოკაციულად უჩვენებს მუშტს ვან დაიკს და მის თანაგუნდელებს. მაკალისტერის ღრიალის ობიექტი კი დე იონგია.

მოგვიანებით, ოტამენდიმ ამ მომენტზე ისაუბრა. მან თავი იმართლა და ხსენებული სცენა ასე ახსნა: “დიახ, სახით მათკენ ვზეიმობდი, რადგან ნიდერლანდელები ყოველი ჩვენი პენალტის წინ ჩვენს მოთამაშეს რაღაცებს ეუბნებოდნენ. ჩვენი ასეთი ზეიმი სწორედ ამაზე რეაქცია იყო. ეგ ფოტო კი მხოლოდ ჩვენს რეაქციას ასახავს.”

მართლაც: ვერ იტყვი, რომ ოტამენდი მართალი არ არის. ზემოდან გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს: პენალტის დარტყმის წინ არგენტინელ ფეხბურთელებს ნიდერლანდელები მართლაც რაღაცებს ეუბნებოდნენ. ლაუტაროს თერთმეტმეტრიანის წინ ამას ერთდროულად რამდენიმე ნიდერლანდელი აკეთებს. მანამდე, განსაკუთრებით დენზელ დუმფრისი ცდილობდა არგენტინელების განერვიულებას.

კომენტარები

ბოლო ამბები