Thumbnail

'სასაყვედურო არაფერი მაქვს' - ვან გაალი ნიდერლანდებს დაემშვიდობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებს დაუმარცხებელი დაემშვიდობა
  • 71 წლის ნიდერლანდელ სპეციალისტს რონალდ კუმანი შეცვლის

ლუის ვან გაალისა და ნიდერლანდების ურთიერთობა დასრულებულია. 71 წლის სპეციალისტმა არგენტინასთან თამაშის შემდეგ დაადასტურა, რომ თანამდებობაზე არ დარჩება და გუნდს ტოვებს.

"ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობას აღარ ვაგრძელებ, ეს მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გავაკეთე. ეს ჩემი ბოლო თამაში იყო. მშვენიერი დრო გავატარე, მაგრამ საოცრად მტკივნეულია მუნდიალიდან გავარდნა, თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა ეს არ მომხდარიყო. არაფერი მაქვს სასაყვედურო, 20 თამაშში არ წავაგეთ. არ ვიცი, რამდენი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ შეგიძლიათ დაგუგლოთ - "ნიდერლანდები ვან გაალი". ვფიქრობ, არც არგენტინასთან დავმარცხებულვართ, მხოლოდ პენალტებით გავვარდით", - თქვა ვან გაალმა.

ამგვარად, ლუის ვან გაალის მე-3 ციკლი ნიდერლანდების ნაკრებში დასრულებულია. მან "ორანიე" პირველად 2000 წელს ჩაიბარა, მაგრამ ყველაფერი ფიასკოთი დასრულდა, რადგან ნიდერლანდები 2002 წლის მუნდიალზე საერთოდ ვერ გავიდა. მეორე შანსი ლუისმა 2012 წელს მიიღო და გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მე-3 ადგილზე გაიყვანა. მესამედ ის ნაკრებში 2021 წელს გამოჩნდა და ყველაფერი კატარის მუნდიალის მეოთხედფინალში მარცხით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 შეხვედრაში უხელმძღვანელა და არ დამარცხებულა (8 მოგება, 4 ფრე). მისი გუნდი 2014 და 2022 წელს მხოლოდ პენალტებით დაემშვიდობა ტურნირს და ორივე შემთხვევაში არგენტინის წინააღმდეგ.

აქვე გეტყვით, რომ ნიდერლანდებს ნაკრებს ვან გაალის მე-3 ციკლში თამაში არ წაუგია (20 მატჩი ზედიზედ). ბოლოს "ნარინჯისფრები" ევრო 2020-ის 1/8-ფინალში ფრანკ დე ბურის ხელმძღვანელობით ჩეხეთთან დამარცხდნენ (მარცხში არ იგულისხმება პენალტების სერია).

ნიდერლანდების ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები