Thumbnail

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა 282 ღონისძიების შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ილია თოფურიას (13-0) შესახებაც ისაუბრა.

ქართველმა ბრაის მიტჩელი (15-1) მეორე რაუნდში მხრის მტკივნეული ილეთით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მეოთხე ფინიში დაუგროვდა. 

"თოფურია დღევანდელ ჩხუბში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ოქტაგონზე შევიდა და ბრაის მიტჩელზე მისი სრული დომინაცია ვიხილეთ. ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრად იბრძვის და ისე ჩანს, რომ ყველაფერს კარგად აკეთებს. 

ილიასა და პედი პიმბლეტის მატჩი? არ ვიცი მომავალში რა მოხდება, მაგრამ ახლა ამ დაპირისპირებაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. ეს ბავშვი (თოფურია) ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-14 იყო, მომავალ კვირაში ტოპ 10-ში იქნება. იმის გათვალისწინებით, რაც დღეს აჩვენა, დარწმუნებული ვარ ქამრის მოპოვება უნდა. თოფურია წინ და წინ მიიწევს," - თქვა უაითმა. 

პრომოუტერმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანად თვლიდა პედი პიმბლეტისა (20-3) და ჯარედ გორდონის (16-6) ბრძოლის შესახებ მსაჯების მიღებულ გადაწყვეტილებას. 

"არა ერთხელ მითქვამს, რომ ყოველთვის გვინდა მსაჯობა უკეთესი იყო. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი არ არის. იცით რა, შეუძლებელია იყო დარწმუნებული, რომ პირველი ორი რაუნდი მოიგე. რა გააკეთა ჯარედმა? ორი რაუნდი კარგად იჩხუბა და მესამეში მოსაწყენი ბრძოლა გვაჩვენა. ნაცვლად იმისა, რომ შეეტია, ნოკაუტზე ეფიქრა, პედის ღობესთან კონტროლი გადაწყვიტა. ასეთი რამ არ უნდა გააკეთო, მსაჯების გადაწყვეტილების იმედად არ უნდა დარჩე. როცა კარგად გამოგდის, მიდი და მესამე რაუნდიც იჩხუბე, რატომ ჩერდები?!," - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა. 

ილია თოფურიამ UFC-ში მეხუთე ბრძოლა მოიგო და მომდევნო კვირიდან ქვემსუბუქი წონის მე-9 ნომერი გახდება. პედი პიმბლეტმა ორგანიზაციაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მსუბუქი წონის ტოპ 15-ში შესვლა ჯერ წარმოუდგენლად ჩანს. 

კომენტარები

ბოლო ამბები