Thumbnail

კატარის მუნდიალზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულებულია. ცნობილმა ანალიტიკურმა საიტმა WhoScored-მა ¼ ფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. თუკი წინა ეტაპზე რჩეული 11 ფეხბურთელიდან 10 გამარჯვებულ გუნდს წარმოადგენდა (გამონაკლისი მხოლოდ ესპანელი როდრი იყო), ახლა რჩეულ სიაში 4 ისეთი ფეხბურთელია, რომელთა გუნდები ტიტულისთვის ბრძოლას აღარ აგრძელებენ. მეტიც, ტურში საუკეთესო შეფასება სწორედ ასეთ ფეხბურთელს ჰქონდა.

პლეი ოფის II ეტაპის სიმბოლური ნაკრები. WhoScored 

დომინიკ ლივაკოვიჩი (ხორვატია) – 8.06

ხორვატიის ნაკრების გოლკიპერი მერვედფინალის სიმბოლურშიც მოხვდა. ბრაზილიასთან მატჩში 11 "სეივი" ჰქონდა (ამ მუნდიალის რეკორდი). 

ედერ მილიტაო (ბრაზილია) – 7.50

რეალის მცველი ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდა, პასების 92%-იანი სიზუსტით. გაუგებარია, რატომ გამოცვალა იგი ტიტემ პირველი ექსტრატაიმის შემდეგ. მილიტაომ ყველა ორთაბრძოლა მოიგო.

კრისტიან რომერო (არგენტინა) – 7.04

თითქმის მილიტაოს ანალოგიური ვითარებაა - იყო საიმედო, ყველა ორთაბრძოლა მოიგო, პასების 93% ზუსტი ჰქონდა და მოედანზე აღარ იყო, როცა ნიდერლანდების ნაკრებმა გოლების გატანა დაიწყო. 

ჯავად ელ-იამიქი (მაროკო) – 7.60

ბრწყინვალედ შეცვალა ტრავმირებული აგერდი. 3 საჰაერო დუელი მოიგო და 10-ჯერ გამოიტანა ბურთი სახიფათო ზონიდან. 

იაჰია ატიატ-ალა (მაროკო) – 7.66

კიდევ ერთი მაროკოელი მცველი, რომელიც ძირითადის ფეხბურთელს (მაზრაუი) ცვლიდა. სამი მნიშვნელოვანი პასი ჰქონდა, რომელთაგანაც ერთი ენ-ნესირის გამარჯვების გოლით დასრულდა. 

ლეო მესი და ვაუტ ვეგჰორსტი

ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია) – 7.58

ნაკრებისგან განსხვავებით, ბრწყინვალე მუნდიალი ჰქონდა. წაგებულ შეხვედრაში გუნდელები აშკარად ვერ აყვნენ, არადა, მისი ყველა დრიბლინგი წარმატებული იყო, გააკეთა ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი პასი, ერთხელ კი ბურთი ხარიხას გაარტყა.

ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) – 7.56

"შავ სამუშაოს" წარმატებით ასრულებდა, ამის გარდა ორი საგოლე პასიც მიითვალა. შუახაზში დაჩაგრა ინგლისელი ჰენდერსონი.

ნეიმარი (ბრაზილია) – 8.20

ექსტრატაიმში ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა გამარჯვების ყოფილიყო. 5-ჯერ ზუსტად დაარტყა მეტოქის კარში, მაგრამ ლივაკოვიჩი იმ ერთი შემთხვევის გარდა, ბრწყინვალედ თამაშობდა. 

მარკოს აკუნია (არგენტინა) – 7.47

დაცვაშიც საიმედო იყო და შეტევაშიც პროდუქტიული. დრიბლინგების რაოდენობით ამ გიჟურ მატჩში საუკეთესო იყო.

ლიონელ მესი (არგენტინა) – 8.69

არგენტინის ნაკრების გმირი მეკარესთან ერთად. ორი ზუსტი დარტყმა კარში, 3 მნიშვნელოვანი (ერთი როგორი საოცარი!).

ვაუტ ვერგჰორსტი (ნიდერლანდები) – 8.73

საუკეთესო შეფასება მეოთხედფინალში. არადა, მოედანზე შეცვლაზე შევიდა, მაგრამ ორი გოლი გაიტანა არგენტინის ნაკრების კარში და კინაღამ მატჩის გმირიც გახდა. ყველა საჰაერო დუელი მოიგო და გუნდელებისგან განსხვავებით, პენალტიც უზადოდ შეასრულა. 

მთლიანად მუნდიალზე ყველაზე კარგი საშუალო შეფასება ისევ ბრუნო ფერნანდეშს აქვს, რომელიც მას ვერც გააუარესებს, ვერც გააუმჯობესებს. რეალურად მისი გადასწყრება მხოლოდ ორს შეუძლია ლეო მესის და კილიან მბაპეს. ამისთვის მათ ძალიან კარგი ნახევარფინალები სჭირდებათ. 

TOP 10. WhoScored

1. ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია) – 8.15
2. ლიონელ მესი (არგენტინა) – 8.09
3. კილიან მბაპე (საფრანგეთი) – 7.96
4. ვოიცეხ შჩესნი (პოლონეთი) – 7.88
5. ჟან-შარლ კასტელეტი (კამერუნი) – 7.71

6. ბაკაიო საკა (ინგლისი) – 7.68
7. ჯამალ მუსიალა (გერმანია) – 7.64
8. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) – 7.61
9. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი) – 7.58
10. კოდი გაკპო (ნიდერლანდები) – 7.53

კომენტარები

ბოლო ამბები