- მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალში არგენტინა ხორვატიას შეხვდება
- ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა მესის შეჩერების გეგმაზე ისაუბრა
ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, არგენტინის წინააღმდეგ, ლიონელ მესისთვის პერსონალური მცველის მიჩენას არ აპირებს. ამის შესახებ მან მატჩის წინ გულახდილად ისაუბრა.
“პერსონალური დაცვა მესის წინააღმდეგ? არა, ამას არ ვაპირებთ. ცხადია, ვიცით, რომ არგენტინის ნაკრებში მთავარი ფიგურა მესია, მაგრამ პერსონალური დაცვა არაა საჭირო. სამაგიეროდ, ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ მესისკენ მიმავალი გზები გადავკეტოთ. უნდა ვეცადოთ, რომ მესიმ ბურთი ხშირად არ მიიღოს. ლეო ბევრს არ დარბის, ის ელოდება! სამაგიეროდ, როცა ბურთს მიიღებს, სრული ძალა და ენერგია აქვს. ამიტომ, მას ბევრი სივრცე არ უნდა მივცეთ.” - განაცხადა დალიჩმა.
'ეს აჩვენებს, რომ არგენტინა დაუმარცხებელი არ არის'
ხორვატიის ნაკრების დამრიგებლის თქმით, მისმა გუნდმა ისე უნდა ითამაშოს, როგორც ბრაზილიასთან ითამაშა: “თუ თავს ისე დავიცავთ, როგორც ამას ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ვაკეთებდით, მაშინ მესი ხშირად ვერ მიიღებს იმდენ სივრცეს, რაც მას სჭირდება. არგენტინა ნიდერლანდებს 2:0-ს უგებდა და მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა - ეს აჩვენებს, რომ არგენტინა დაუმარცხებელი არ არის.”
შეგახსენებთ, რომ მუნდიალის პირველი ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებ გუნდებს შორის სამშაბათს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალი ოთხშაბათს შედგება, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთი და მაროკო დაუპირისპირდებიან.
კომენტარები