Thumbnail

ესპანელი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ნიდერლანდები-არგენტინის 1/4-ფინალურ შეხვედრას (2:2, პენ. 3:4) სჯიდა, კატარის მუნდიალს ჩამოაშორეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, არბიტრი უკვე დაბრუნდა სამშობლოში. რაც შეეხებათ იმ მსაჯებს, რომლებიც აღნიშნული მატჩის დროს VAR-ზე მუშაობდნენ, კატარში რჩებიან და შესაძლოა, მუნდიალზე ჩასატარებელ რომელიმე თამაშს კიდევ მოემსახურონ. 

თამაშის შემდეგ ესპანელი არბიტრს ორივე მხარე დაემდურა

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდები-არგენტინის მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ფეხბურთელებს შორის არაერთხელ დაიძაბა ვითარება. ამ თამაშში მატეუ ლაოსს მოთამაშეთა დასაშოშმინებლად ყვითელი ბარათის 17-ჯერ ჩვენება მოუხდა, რაც მუნდიალების ისტორიაში რეკორდულად მაღალი რიცხვია.

ამასთან, რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილების გამო 45 წლის ესპანელმა არბიტრმა კრიტიკა დაიმსახურა როგორც ნიდერლანდების, ისე არგენტინის ნაკრების მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისგან. ესპანელზე უარყოფით კონტექსტში ლიონელ მესიმ და ემილიანო მარტინესმაც ისაუბრეს, რის გამოც ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა გამოძიებაც კი დაიწყო. 

არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა და კატარის მუნდიალის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ხორვატია ჰყავს. არგენტინა-ხორვატიის დაპირისპირება 13 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები