Thumbnail
  • ლუკა მოდრიჩმა არგენტინასთან მატჩამდე ესპანურ მედიასთან ისაუბრა
  • ხორვატიის ნაკრების კაპიტანს ფინალში გასვლის დიდი იმედი აქვს

ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა არგენტინასთან მატჩის წინ ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებული ნახევარფინალის შესახებ ისაუბრა:

"არგენტინა დიდი გუნდია, მაგრამ ვეცდებით ჩვენს ცხოვრებაში საუკეთესო თამაში ჩავატაროთ. იმედი მაქვს, რომ ფინალში გასასვლელად ჩვენი მონდომება საკმარისი იქნება. ხორვატიის ნაკრებს და რეალს მსგავსი დნმ აქვთ, რადგან ჩვენც ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და არასდროს ვნებდებით. თამაშის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ არა მხოლოდ მესის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ლეო დიდი ფეხბურთელია და მის შესაჩერებლად დიდი პრობლემები გვექნება, მაგრამ მზად ვართ და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

მოდრიჩს არ უკვირს, რომ ტურნირის წინ ხორვატიას მთავარ ფავორიტებში არავინ ასახელებდა: "ნახევარფინალში კიდევ ერთხელ გასვლა შთამბეჭდავია! წარმოუდგენელია, რასაც ჩვენი ნაკრები აკეთებს. ნორმალურია, რომ ტურნირის წინ ფავორიტებში არ გვასახელებდნენ, რადგან ყველა ყურადღებას დიდ ქვეყნებს აქცევს. არ გვაწუხებს, რომ ფავორიტები სხვები არიან და ჩვენ ჩრდილში ვართ. მხოლოდ მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ და სწორედ ეს არის ჩვენი ძალა".

მოდრიჩი არგენტინასთან მატჩისთვის ემზადება

სამაგიეროდ, მოდრიჩი მუნდიალის წინ დარწმუნებული იყო, რომ მის ნაკრებს წარმატების მიღწევა კიდევ ერთხელ შეეძლო და ეს თანაგუნდელებსაც უთხრა: "მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბევრი ვისაუბრეთ და ჩემს თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ ხორვატიასთან სხვები ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ. ჩვენს გუნდში ახალგაზრდებიც არიან, რომლებმაც გუნდს ხარისხი და ახალი ენერგია შემატეს. მჯეროდა, რომ რაღაც მაგარის გაკეთება შეგვეძლო. დიდებულია, რომ 4 წლის შემდეგ ისევ ნახევარფინალში ვართ".

37 წლის ფეხბურთელმა პლეი ოფის მატჩებში მეკარის დომინიკ ლივაკოვიჩის ფაქტორსაც გაუსვა ხაზი: "ბოლო ორ თამაშში დიდი მენტალური ძალა გამოვაჩინეთ. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ლივაკოვიჩი. ბოლო ორი მატჩში აჩვენა, რომ დიდი მეკარეა".

იაპონიასთან მატჩში მოდრიჩი დამატებით დროში შეცვალეს და შესაბამისად, პენალტების სერიაში მონაწილეობა ვერ მიიღო, ხოლო ბრაზილიასთან თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ლუკამ ეს სიტუაციები ერთმანეთს შეადარა: "მოედნის მიღმა უფრო რთულია, რადგან თანაგუნდელებს ვერ ეხმარები, განსაკუთრებული დაძაბულობაა, ადვილი არ არის. თუმცა, დარტყმაც არ არის ადვილი, მშვიდად უნდა იყო, თავდაჯერებული. ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია მაგ დროს მოედანზე იყო, ვიდრე - მის მიღმა".

ლუკას პენალტი ბრაზილიასთან

მოდრიჩმა ბრაზილიასთან თამაშის შემდეგ განსაკუთრებით ანუგეშა მისი თანაგუნდელი მადრიდის რეალში როდრიგო, რომელმაც პენალტი ვერ გაიტანა. ლუკასთვის ეს ნაცნობი სიტუაციაა, რადგან ევრო 2008-ის მეოთხედფინალში თურქეთთან მანაც იგივე შეცდომა დაუშვა და მაშინ ხორვატია დამარცხდა:

"როდრიგო დიდებული ბიჭია, ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვწუხვარ, რომ ეს მას დაემართა, მაგრამ ჩემი ქვეყნის გამო ბედნიერი ვარ. დავამარცხეთ მეტოქე, რომელიც ტიტულის მოგების მთავარი ფავორიტი იყო. მატჩის შემდეგ როდრიგოს გამხნევება მინდოდა, რადგან ევრო 2008-ზე იგივე მეც დამემართა. ეს არ არის მარტივი მომენტი, მაგრამ შეიძლება ამან გაგაძლიეროს და მომავალში დაგეხმაროს".

ხორვატიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შემდეგ 22 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ლუკას ამაზე ჰკითხეს: "არ ვიცოდი ეს ინფორმაცია და მწვრთნელმა გვითხრა. ეს შთამბეჭდავია, ჩვენზე რაღაცას ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ".

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და არგენტინის ნაკრებების მატჩი 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები