Thumbnail

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. კატარის მუნდიალზე სტარტს ნახევარფინალური შეხვედრები აიღებს. სასწორზე ბევრი რამ დევს, გუნდებს კი მთავარ მიზნამდე სულ ორი შეხვედრის მოგება აშორებთ.

პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს წინა ორი მუნდიალის (2014 და 2018 წლების) ვიცე-ჩემპიონები: არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 

სამხრეთამერიკელები ტურნირის დაწყებამდე მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მიუხედავად სტარტზე საუდის არაბეთთან განცდილი შოკისა (1:2), ლიონელ სკალონის გუნდმა ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მაინც მოახერხა. მეოთხედფინალურ ეტაპზე გამართული არგენტინა-ნიდერლანდების შეხვედრა კი სულაც საფეხბურთო კლასიკა იყო, რომელიც მუნდიალებისა და ზოგადად, ფეხბურთის ისტორიას დარჩება - ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება, ექსტრატაიმების მიწურულს ენცო ფერნანდესის ძელი, ემილიანო მარტინესის სიგიჟეები პენალტების სერიაში...

ალბისელესტეს მთავარი იმედი ლიონელ მესია

არგენტინელებისგან განსხვავებით, ხორვატების ამ ეტაპამდე გასვლას ძალიან ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა. მეტიც, ბევრი ვარაუდობდა, რომ ზლატკო დალიჩის გუნდი, რომელმაც ფორმის პიკი უკვე გადაიარა, ჯგუფში ჩარჩებოდა. მაგრამ ხორვატები ომგამოვლილი, მებრძოლი ხალხია, რომლებიც მოედანზეც ბოლომდე და თავგანწირვით იბრძვიან. მათ ჯერ თერთმეტმეტრიანების სერიაში იაპონია გააგდეს, შემდეგ კი ბრაზილიას არაფერი დაუთმეს და ასევე პენალტების სერიაში ტურნირს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ჩამოაშორეს. შედეგად, ხორვატები ძალიან ახლოს არიან ზედიზედ მეორე მუნდიალის ფინალთან.

და სადაც ემილიანო მარტინესი ვახსენეთ, იქ აუცილებლად უნდა ვთქვათ ხორვატების მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩზეც, რომელმაც იაპონიასა და ბრაზილიასთან პენალტების სერიაში სასწაულები მოახდინა.

შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რთულად წარმოსადგენია, რომ გუნდებმა თამაში გახსნან და ერთმანეთზე იერიში დიდი ძალებითა და სიხშირით მიიტანონ. ხორვატია შედარებით მძიმე გუნდია, რომელიც წინ წასვლას არ ჩქარობს და თავის შანსს ელოდება. შედარებით ფრთხილად თამაშობს არგენტინაც, რომლის მიზანი, პირველ რიგში, ბურთზე კონტროლის დაწესება და გოლის არგაშვებაა.

მაგრამ სამხრეთამერიკელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოედნის ცენტრის გაკონტროლება იქნება, სადაც ძალიან გამოცდილი მოდრიჩი, ბროზოვიჩსა და კოვაჩიჩთან ერთად, შესანიშნავ ტრიოს ქმნის. ხორვატების თავის ტკივილი კი ლიონელ მესი უნდა იყოს, რომელიც ამ მუნდიალზე მშვენივრად გამოიყურება და "ალბისელესტეს" მთავარი იარაღია.

ზლატკო დალიჩი მესის წინააღმდეგ პერსონალური დაცვის გამოყენებას არ აპირებს 

"პერსონალური დაცვა მესის წინააღმდეგ? არა, ამას არ ვაპირებთ. ცხადია, ვიცით, რომ არგენტინის ნაკრებში მთავარი ფიგურა მესია, მაგრამ პერსონალური დაცვა არაა საჭირო. სამაგიეროდ, ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ მესისკენ მიმავალი გზები გადავკეტოთ. უნდა ვეცადოთ, რომ მესიმ ბურთი ხშირად არ მიიღოს. ლეო ბევრს არ დარბის, ის ელოდება! სამაგიეროდ, როცა ბურთს მიიღებს, სრული ძალა და ენერგია აქვს. ამიტომ, მას ბევრი სივრცე არ უნდა მივცეთ", - განაცხადა დალიჩმა     

საინტერესო ფაქტები

🟠 არგენტინა და ხორვატია ისტორიაში ერთმანეთს სულ 4-ჯერ დაუპირისპირდნენ (2-ჯერ ამხანაგურ შეხვედრაში და 2-ჯერ მუნდიალზე).

🟠 მუნდიალზე გამართული ამ გუნდების დაპირისპირებიდან პირველი არგენტინამ მოიგო (1:0, 1998 წელს), მეორე - ხორვატიამ (3:0, 2018 წელს).

🟠 ლიონელ სკალონის გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.

🟠 არგენტინის ნაკრებმა ბოლო 10 შეხვედრიდან 9-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

🟠 ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-10 გოლი გაიტანა და გაბრიელ ბატისტუტასთან ერთად, ამ ტურნირზე არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

🟠 საგოლე პასი, რომელიც მესიმ ნიდერლანდებთან მიითვალა, მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში მისთვის მეხუთეა. მას შემდეგ, რაც მსგავს სტატისტიკას აღწერენ (1966 წლიდან), პლეი ოფში ამდენი ასისტი არავის გაუკეთებია. მესიმ პელეს შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც 4 საგოლე პასი ჰქონდა.

🟠 ხორვატიის ნაკრებს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

🟠 ზლატკო დალიჩის გუნდმა ბოლო 3 შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დაასრულა.

🟠 ხორვატიის ეროვნული გუნდის უკანასკნელ 3 დაპირისპირებაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

🟠 დალიჩის გუნდს ამ მუნდიალზე თამაშში გოლი პირველს ჯერ არ გაუტანია.

🟠 ხორვატიის ნაკრებმა ბრაზილიასთან მატჩში მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეოთხედ ითამაშა პენალტების სერია და მეოთხედ მოიგო.

🟠 დომინიკ ლივაკოვიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 პენალტი მოიგერია. ტურნირის ისტორიაში არცერთ მეკარეს აქვს უფრო მეტი მოგერიებული პენალტი.

სავარაუდო შემადგენლობები

არგენტინა (4-3-3): ე.მარტინესი - მოლინა, რომერო, ოტამენდი, ტალიაფიკო - დე პაული, ფერნანდესი, მაკალისტერი - დი მარია, მესი, ალვარესი.
დისკვალიფიკაცია: აკუნია, მონტიელი.

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი - იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარიოლი, სოსა - მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი - პასალიჩი, პეტკოვიჩი, პერიშიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები