- 📅 13 დეკემბერი | 🏟 ლუსაილი | ⌚ 23:00 | 🟠 არგენტინა V ხორვატია
- ლიონელ სკალონისა და ნიკოლას ტალიაფიკოს მატჩისწინა პრესკონფერენცია
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრები ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაშის წინ არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ და მცველმა ნიკოლას ტალიაფიკომ პრესკონფერენცია გამართეს.
"ძალიან რთულ მატჩს ველით მეტოქესთან, რომელსაც ნამდვილ გუნდს უწოდებენ. ეს არის დიდი ნაკრები, რომელსაც პრობლემის შექმნა ყველასთვის შეუძლია. წინა მსოფლიოს ჩემპიონატთან შედარება უადგილოა, ახლა სულ სხვა მატჩია, მაგრამ უდავოა, რომ რთული იქნება. მათ აქვთ სათამაშო სტილი და არ მგონია, შეცვალონ. ეს არ არის დაცვითი ან შემტევი სტილი - უბრალოდ ხორვატია ყოველთვის ერთნაირად და ძალიან კარგად თამაშობს, ძალიან კარგი ფეხბურთელების ჰყავს და დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე გუნდია. ძალიან რთულ მატჩს ველით", - განაცხადა სკალონიმ.
მწვრთნელს საუბარი ნიდერლანდებთან მატჩში მომხდარ ინციდენტებზეც მოუწიაა: "ნიდერლანდებთან ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა - ფეხბურთი ასეთია. არის მომენტები, როდესაც შეიძლება მატჩი გართულდეს, დისკუსია გამოიწვიოს. რეალურად, ვიცით, როგორ უნდა მივიღოთ მოგებაც და წაგებაც. საუდის არაბეთთან პირველი მატჩი წავაგეთ და სასტუმროში ჩუმად წავედით, რათა მზადება გაგვეგრძელებინა. კოპა ამერიკა ბრაზილიაში მოვიგეთ და ძალიან ლამაზი იყო იმის ნახვა, როცა თამაშის შემდეგ ნეიმარი, მესი, პარედესი და სხვა მოთამაშეები "მარაკანას" კიბეებზე ისხდნენ. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ნიდერლანდებს, ხორვატიას და ყველა მეტოქეს".
"ალბისელესტეს" მთავარ მწვრთნელს მესის "ახალ ვერსიაზეც" ჰკითხეს: "ლეოსგან არაფერი მიკვირს, რადგან მას კარგად ვიცნობ. ყოველთვის ასეთი იყო, ეს არ არის ჩემი სამწვრთნელო შტაბის დამსახურება. ყოველთვის ერთნაირი იყო - გამარჯვებული. მას აქვს სიამაყე და სურვილი, რომ თამაში გააგრძელოს. გვიხარია, რომ ასეთ ფორმაშია".
"ლეოსგან არ მიკვირს, რადგან მას ვიცნობ. ყოველთვის ასეთი იყო, ეს არ არის ჩემი სამწვრთნელო შტაბის დამსახურება".
სკალონიმ არგენტინელი გულშემატკივრების მხარდაჭერაზეც ილაპარაკა: "ეს გუნდი თამაშობს საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის, ხალხისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ გულშემატკივრების, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გაიღეს აქ ყოფნისთვის. ვიმედოვნებ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ და დრო გვიჩვენებს, რა მოხდება".
თამაშისწინა სამზადისზე სკალონიმ შემდეგი თქვა: "ისე მოვემზადეთ, როგორც ნიდერლანდების, ავსტრალიისა და პოლონეთის წინააღმდეგ. საუდის არაბეთთან წაგების შემდეგ კარგად ვთამაშობთ და ახლაც ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყველამ იცის, რომ ეს ფეხბურთია და ზოგჯერ შეიძლება იღბალმა ზურგი შეგვაქციოს, მაგრამ თუ საქმეს კარგად გავაკეთებთ, დიდი შანსი გვექნება".

პრესკონფერენციაზე იყო ნიკო ტალიაფიკოც, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში დისკვალიფიცირებული მარკოს აკუნია უნდა შეცვალოს. ლიონის მცველმა ხორვატიის ნაკრებზე აღმატებით ხარისხში ისაუბრა, მაგრამ თქვა, რომ არგენტინელებმა ფოკუსირება საკუთარ თავზე უნდა მოახდინონ:
"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს პროგრამა-მინიმუმს მივაღწიეთ, რაც ოთხეულში გასვლა გახლდათ. ჯერ კიდევ გვაქვს მიზნები და მზად ვართ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ამ ეტაპზე მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ. მიუხედავად იმისა, რომ 4 წელი გავიდა, ხორვატია ისევ აქ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგად იმუშავეს. მსგავსებაც არის, მაგრამ სხვა მოთამაშეებიც არიან, რომელთაც განსხვავებული თვისებები აქვთ. ჩვენც სხვა გუნდი ვართ, ასე რომ, ვფიქრობ, განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე 4 წლის წინ. მათ ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ აქცენტი საკუთარ თავზე უნდა გავაკეთოთ, ჩვენს ძლიერ მხარეებზე. ვიცით ხორვატია რამდენად ძლიერია, თუმცა გეგმა გვაქვს".
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრებმა არგენტინა 2018 წლის მუნდიალზე ჯგუფში 3:0 დაამარცხა. ეს მეტოქეები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და სრული თანაფარდობაა - 2/2 მოგება და წაგება, 1 ფრე.
კომენტარები