Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრები ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაშის წინ ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა და ნახევარმცველმა ივან პერიშიჩმა პრესკონფერენცია გამართეს.

"არგენტინა დიდი გუნდია, მაგრამ მეტოქეს არ მოვერგებით, ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. ბევრი ენერგია დავხარჯეთ, დამატებით დროის თამაში ხომ უკვე 2-ჯერ დაგვჭირდა. მიუხედავად ამისა, გვაქვს ძალა, ენერგია და სურვილი და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რამდენი ენერგიის დახარჯვა იქნება საჭირო. გუნდში არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა", - აღნიშნა დალიჩმა.

4 წლის წინ, მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიამ არგენტინა 3:0 დაამარცხა. ცხადია, მწვრთნელს ეს თამაშიც გაახსენეს: "ეს მატჩი განსხვავებული იქნება იმისგან, რომელიც რუსეთში გვქონდა. მაშინ კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ახლა სხვაგვარი სიტუაციაა. ორივე გუნდი მაქსიმუმს გაიღებს, კარგ და ხარისხიან თამაშს ველი".

ხსენებული თამაშის შემდეგ, არგენტინელთა მწვრთნელმა დალიჩს მოგება არ მიულოცა: "არ ვარ გაბრაზებული მასზე, რადგან მესმის, რომ შეხვედრას დიდი ემოციები ახლდა. ვუყურეთ არგენტინისა და ნიდერლანდებთან მატჩს, სადაც ბევრი არასაფეხბურთო სიტუაცია იყო. გვინდა, ეს თავიდან ნებისმიერ ფასად ავიცილოთ".

"თუ გავიმარჯვებთ, ჩემთვის ეს იქნება ხორვატიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი მატჩი"

დალიჩი ფიქრობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ეს ხორვატიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი მატჩი იქნება: "ჩემთვის ყველაზე დიდი თამაში 4 წლის წინ ინგლისთან ნახევარფინალი იყო, როცა ფინალში გავედით, მაგრამ ხვალ შეიძლება უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მატჩი იყოს. თუ გავიმარჯვებთ, ჩემთვის ეს იქნება ხორვატიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი თამაში".

ზლატკო დალიჩმა ხორვატია მუნდიალის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გაიყვანა

რა თქმა უნდა, ხორვატებმა არგენტინის ბოლო თამაშიც შეისწავლეს: "ნიდერლანდებისა და არგენტინის მატჩი გავაანალიზეთ. მესი შესანიშნავ ფორმაშია და შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა, თუმცა, მას გუნდელების თანადგომაც აქვს. ისინი მოქმედებენ, როგორც შესანიშნავი და გაწონასწორებული გუნდი. კიდევ უფრო ძლიერ არგენტინას ველი, ვიდრე ნიდერლანდებთან იყო. ჩვენც მეტი ზეწოლა გვაქვს, მაგრამ არ უნდა ვიწუწუნოთ და ფეხბურთით უნდა ვისიამოვნოთ".

ხორვატიისა და მაროკოს ნახევარფინალში გასვლაზე: "ცხოვრებაში ყველას აქვს ოცნების უფლება. 4 წლის წინ ხორვატიამ ბავშვებს ოცნებების საშუალება მისცა. მაშინ არავინ ელოდა, რომ პატარა ხორვატია ფინალში გავიდოდა. ჩვენით შთაგონებული სხვა პატარა ნაკრებებიც არიან, მათ შორის მაროკოც. მათ აქვთ უფლება, რომ ფინალში გასვლის ამბიცია ჰქონდეთ, ისევე, როგორც - ჩვენ".

"ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ფეხბურთით ისიამოვნონ, რადგან არ არსებობს წარმატება თუ შენი საქმის კეთება არ გსიამოვნებს"

ტრიბუნებზე არგენტინელი ფანების სიმრავლეზე ზლატკომ განაცხადა: "ორივე ეროვნული ნაკრებისგან დიდი ემოცია მოდის. მომხიბლავია იმის ნახვა, თუ როგორ ქომაგობენ არგენტინელები საყვარელ ნაკრებს. ჩვენც ასე ვართ, მაგრამ მათზე გაცილებით ნაკლები გულშემატკივარი გვყავს. ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ფეხბურთით ისიამოვნონ, რადგან არ არსებობს წარმატება თუ შენი საქმის კეთება არ გსიამოვნებს. ოთხეულში ვართ და ალბათ ამას არავინ ველოდით. მთელი მსოფლიო უყურებს ხორვატიის ნაკრების თამაშს".

დალიჩის ხელმძღვანელობით ხორვატია ზედიზედ მეორედ გავიდა მუნდიალის ნახევარფინალში. ხორვატი სპეციალისტისთვის ეს წარმოუდგენელი რამ იყო: "ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ როგორც მწვრთნელი ხორვატიას ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ვუხელმძღვანელებდი. ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, უკვე ვამაყობ და ბედნიერი ვარ. ვოცნებობდი ხორვატიის ნაკრების მწვრთნელობაზე, მაგრამ ასეთი თამამი ოცნებებიც არ მქონია. მადლობა ღმერთს ამისთვის".

პერიშიჩზე ხორვატიის ნაკრებში ბევრი რამეა დამოკიდებული

პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა ხორვატიის ნაკრების ლიდერმა ივან პერიშიჩმა, რომელიც რთულ თამაშს ელის:

"მშვენიერი გრძნობაა ნახევარფინალში მეორედ გასვლა. რთულია ამ მატჩის 4 წლის წინანდელთან შედარება, მაგრამ თუ მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაშინ პრობლემები არ იქნება. ნახეთ, რამდენად შორის წავიდა მაროკო, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მათთან ჩვენი პირველი თამაშით ბევრი არ იყო კმაყოფილი. განსაკუთრებული გეგმა არ გვაქვს, დაცვას უნდა დავეხმაროთ და პირველიდან ბოლო წუთამდე მაქსიმუმი გავაკეთოთ".

პერიშიჩმა, რომელიც დიდ ტურნირებზე (მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატი) ხორვატიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ახალ ბურთზეც ისაუბრა. მისით გუნდებს ნახევარფინალსა და ფინალში თამაში მოუწევთ: "ჩემთვის არც გოლი და არც საგოლე პასი არაა მთავარი. მე აქ გუნდის განკარგულებაში ვარ და რასაც მწვრთნელი მავალებს, იმას ვაკეთებდი, ვაკეთებ და გავაკეთებ. ახალი ბურთები მგონი უფრო სწრაფია. ვნახოთ, რა იქნება, კარისკენ რაც შეიძლება მეტჯერ უნდა დავარტყათ".

"რონალდოს პორტუგალია გავარდა, ვნახოთ რა იქნება, უკეთესი მოიგებს"

ხორვატმა ფეხბურთელმა კომენტარი მესის ფაქტორზეც გააკეთა: "ვნახეთ, რომ პორტუგალია კრიშტიანოსთან ერთად გავარდა. ის ხუთჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ეს ტიტული ვერ მოიგო. მესიც მეხუთედ ცდილობს მოგებას და აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს. 100%-ით მზად ვიქნებით, რადგან მოგება გვინდა. ვინც უკეთესი იქნება, ის გაიმარჯვებს".

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრებმა არგენტინა 2018 წლის მუნდიალზე ჯგუფში 3:0 დაამარცხა. ეს მეტოქეები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და სრული თანაფარდობაა - 2/2 მოგება და წაგება, 1 ფრე.

კომენტარები

ბოლო ამბები