Thumbnail

ცნობილმა სპორტულმა საიტმა Bleacher Report-მა ის ექვსი ბრძოლა დაასახელა, რომელთა ხილვა, ახლახან გამართული UFC 282-ის შემდეგ, განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა. ჩამონათვალში ორი ქართველი მებრძოლია დასახელებული - რომან დოლიძე და ილია თფურია, რომლებმაც თავ-თავიანთი ბოლო შეხვედრები დამაჯერებლად მოიგეს. 

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს, ლას ვეგასში გამართულ ტურნირში ილია თოფურიამ იჩხუბა, რომელმაც ამერიკელი ბრაის მიტჩელი მეორე რაუნდში დააფინიშა. მანამდე, 3 დეკემბერს, რომან დოლიძემ ორლანდოში გამართულ ტურნირში UFC on ESPN ნორვიეგიელი ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა. 

Bleacher Report საინტერესოდ მიიჩნევს რომან დოლიძის ჩხუბს სამხრეთაფრიკელ დრიკუს დუ პლესისთან, ხოლო ილია თოფურიას შეხვედრას ბრიტანელ არნოლდ ალენთან.

დრიკუს დუ პლესი VS რომან დოლიძე

სამხრეთაფრიკელი დრიკუს დიუ პლესი შაბათს გამართულ ტურნირში, ნახევრად საშუალო წონაში ტიტულის ყოფილი პრეტენდენტი დარენ ტილი საბმიშენით დაამარცხა. ეს მისი მეოთხე მოგებაა UFC-ში ჩატარებულ ოთხ ორთაბრძოლაში. რეიტინგის TOP 10-ში მოხვედრა მას დივიზიონის საუკეთესო მებრძოლებთან შეხვედრის შანსს გაუჩენს და ჩვენ მას მომდევნო ბრძოლისთვის მეტოქედ ქართველი ფინიშერი რომან დოლიძე შევურჩიეთ, რომელმაც თვის დასაწყისში ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა და საშუალო წონაში მე-8 ადგილზეა.

ამ ორთაბრძოლას მნიშვნელობა რეიტინგის თვალსაზრისით ექნება და თითქმის წარმოუდგენელი ჩანს, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მსაჯები გახდნენ საჭირო, რადგან ამ მებრძოლებმა MMA-ში ერთობლივად მოპოვებული 30 გამარჯვებიდან 27 ნოკაუტით ან საბმიშენით იზეიმეს.

სამხრეთაფრიკელის ანგარიშზე MMA-ში 18 მოგება და 2 მარცხია 

ილია თოფურია VS არნოლდ ალენი

ტურნირში UFC 282 პირველი ბრძოლის მიმართ ინტერესი, რომელიც ნახევრად მსუბუქი წონის წარმომადგენელ ილია თოფურიას და ბრაის მიტჩელს შორის უნდა გამართულიყო, განსაკუთრებული იყო. მოლოდინი გამართლდა, რადგან ქართული წარმომავლობის მქონე ესპანელმა თოფურიამ არამხოლოდ აჯობა გრეპლინგის სპეციალისტ მიტჩელს, საბოლოოდ მეორე რაუნდში დანებებაც აიძულა.  

არნოლდ ალენმა ბოლო ორთაბრძოლაში გამარჯვება კელვინ კატართან იზეიმა

თოფურიას გამარჯვება ნახევრად მსუბუქი წონის TOP 10-ში დააწინაურებს, სადაც მას MMA-ს საუკეთესო მებრძოლები ელოდებიან. ამ დივიზიონის ზედა ნაწილში ცუდი ბრძოლის ორგანიზება თითქმის შეუძლებელია. ასე რომ, მისი მომავალი ბრძოლა იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ, მაგრამ ჩვენი არჩევანი მაინც მისი ინგლისელ არნოლდ ალენთან შეხვედრაა.

ამ უკანასკნელს, რომელსაც დიდი ხანია მიიჩნევენ ტიტულის მომავალ პრეტენდენტად, კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება იმისთვის, რომ ქამრისთვის შეხვედრა დაიმსახუროს და ამ მხრივ, თოფურიასთან ბრძოლა ზედგამოჭრილი იქნებოდა. ფურცელზე ეს ბრწყინვალე დაპირისპირება ჩანს და მშვენიერი იქნებოდა მისი მარტში, ლონდონში დაგეგმილ UFC-ის ტურნირში დაგეგმვა.

კომენტარები

ბოლო ამბები