Thumbnail

მუნდიალის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია! ლეო მესი მთავარ საფეხბურთო ოცნებას ერთ ნაბიჯზე მიუახლოვდა, მან და ხულიან ალვარესმა პირწმინდად დაჩაგრეს ლუკა მოდრიჩი და კომპანია. არგენტინამ ხორვატიას ზუსტად იმ ანგარიშით მოუგო, რომლითაც წინა მუნდიალზე მასთან დათმო - 3:0. 

სკალონიმ ნიდერლანდებთან მატჩისგან განსხვავებით სამის ნაცვლად ორი ცენტრალური მცველი დააყენა (ლისანდრო მარტინესი სკამზე დარჩა), სამაგიეროდ, ვიხილეთ პარედესი შუახაზში. დისკვალიფიცირებული აკუნია ტალიაფიკომ შეცვალა. დალიჩმა ბრაზილიასთან მატჩისგან განსხვავებით ცვლილება სასტარტოში არ განუხორციელებია. 

ამ ეპიზოდში ხულიან ალვარესმა პენალტი მოიპოვა და არგენტინამაც ანგარიში გახსნა

მატჩში პირველი ზუსტი დარტყმა ენცო ფერნანდესის ანგარიშზეა - 25-ე წუთზე არგენტინელმა შორი მანძილიდან გაისროლა, თუმცა ლივაკოვიჩს აღება არ გასჭირვებია. პირველ ნახევარ საათში ეს იყო ერთადერთი ცოტა ხეირიანი მომენტი. ამის შემდეგ პერიშიჩის დარტყმულმა თამაში გახსნა, საპასუხო შეტევაში ხულიან ალვარესი მეკარესთან პირისპირ დარჩა, ლივაკოვიჩმა იუხეშა და პენალტი მესიმ გოლად აქცია. ხუთ წუთში არგენტინამ კონტრშეტევაზე გაიტანა - ხულიან ალვარესმა ორამდე გაზარდა უპირატესობა - 2:0. ტაიმის მოწურულს მაკ ალისტერს თავით შეეძლო გატანა, მაგრამ ლივაკოვიჩმა იყოჩაღა. 

69-ე წუთზე მესიმ გვარდიოლი მარჯვენა ფლანგზე დაჩაგრა და ალვარესს დუბლი შეასრულებინა - 3:0. სკალონიმ ამის შემდეგ თამაშის შანსი პაულო დიბალასაც მისცა, რომელმაც მატჩის გმირი ხულიან ალვარესი შეცვალა. ხორვატების მხრიდან სპეკულაციას ჰგავდა წინა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის, ლუკა მოდრიჩის შეცვლა, ბრძოლაც აქ დასრულდა... 

არგენტინის ნაკრები ფინალში, რომელიც 18 დეკემბერს დოჰაში გაიმართება, მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებების მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ლეომ მატჩში გოლს პლუს პასი შეასრულა

TOP ფეხბურთელი

ლეო ბრწყინვალე იყო, თუმცა ხულიან ალვარესს დუბლი და მოპოვებული პენალტი (რომელიც მატჩში გარდამტეხი აღმოჩნდა) აუცილებლად უნდა დავუფასოთ. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 ლიონელ მესიმ მუნდიალზე 25-ედ ეთამაშა და მსოფლიოს ჩემპიონატის რეკორდსმენ ლოთარ მათეუსს (გერმანია) გაუთანაბრდა. 

🟠 ლუკა მოდრიჩი გახდა მე-4 ფეხბურთელი, ვინც 37 წლის ასაკში ერთ მუნდიალზე 6 მატჩი ითამაშა ნილტონ სანტოსის (ბრაზილია. 1962), დინო ძოფის (იტალია. 1982) და პიტერ შილტონის (ინგლისი. 1990) შემდეგ. 

🟠 ლიონელ მესიმ მე-11 გოლი გაიტანა მუნდიალებზე და არგენტინის ყველა დროის ბომბარდირი გახდა, მან გაბრიელ ბატისტუტას (10 გოლი) გადაასწრო.

🟠 ხულიან ალვარესმა არგენტინის ნაკრებში (სასტარტოში) 8 მატჩში 6 გოლი გაიტანა, აქედან 3 მუნდიალზე.

🟠 მესიმ მუნდიალის პლეი ოფის სამ მატჩში გაიტანა, ის ამ მხრივ პირველი არგენტინელია. 

🟠 მესიმ მუნდიალების 4 მატჩში შეასრულა გოლი პლუს პასი, რაც პირველი შემთხვევაა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. 

არგენტინა 3:0 ხორვატია

გოლები: 1:0 მესი (34-პენალტი), 2:0 ხ. ალვარესი (39), 3:0 ხ. ალვარესი (69. მესის პასით)

არგენტინა (4-4-2): ე. მარტინესი - მოლინა (86. ფოიტი), რომერო, ოტამენდი, ტალიაფიკო - დე პაული (74. პალასიოსი), ე. ფერნანდესი, პარედესი (62. ლ. მარტინესი), მაკ ალისტერი (86. ა. კორეა) - მესი, ხ. ალვარესი (74. დიბალა)

ხორვატია (4-1-2-3): ლივაკოვიჩი - იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა (46. ორშიჩი) - ბროზოვიჩი (50. პეტკოვიჩი) - მოდრიჩი (81. მაიერი), კოვაჩიჩი - პაშალიჩი (46. ვლაშიჩი), კრამარიჩი (72. ლივაია), პერიშიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები