Thumbnail
  • 📅 17 დეკემბერი | ⌚ 16:00 | 🏟 ავჭალა | 🏉 შავი ლომი V ჰითი | 📺 რაგბი TV
  • ქართული ფრენჩაიზი ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს

შავმა ლომმა, რომელიც რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩისთვის (ისრაელის წარმომადგენელ თელ ავივ ჰითთან) ემზადება, შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა. მისი დასრულების შემდეგ კომენტარები მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი: “ფინალს ის გუნდი იგებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვიმედოვნებ, თამაშს ჩვენ გავაკონტროლებთ. გვაქვს ტრავმები. გიორგი ჭყოიძემ რეაბილიტაცია ვერ დაასრულა. დაშავებულები არიან სოსო მათიაშვილი და მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელსაც ტრავმა ვარჯიშზე გაუმიზეზდა. წინა შეხვედრებში მეტოქე სათანადოდ არ დავაფასეთ და შედეგიც სახეზეა – ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, მეორე კი დავთმეთ. ამიტომ ჰითთან პირადი ანგარიშები გვაქვს და თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ფინალი აუცილებლად მოვიგოთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე – გულშემატკივრისთვის. ვიმედოვნებ, რომ ქომაგი სტადიონს გაავსებს და გამარჯვებას ყველანი ერთად ვიზეიმებთ“.

ლაშა ხმალაძე: “მეტოქე კარგი გუნდია, შეჯგუფებებში აქტიურობს და ინდივიდუალურად ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ფინალია და დაძაბული შეხვედრა იქნება. ვეცდებით, ინტერვალებში მეტი შევუტიოთ და ჰითი წნეხში ვამყოფოთ. კონცენტრირებული ვართ სათამაშო სიტუაციებზე და ვთვლი, რომ კარგად მოვემზადეთ“.

ოთარ ლაშხი: “ვეცდებით სისტემური, გუნდური თამაში ვაჩვენოთ და მაქსიმუმს გავიღებთ მოსაგებად. მნიშვნელოვანი იქნება ქომაგის მხარდაჭერა, რადგან მათგან დიდ მუხტს და ენერგიას ვიღებთ. ჩვენის მხრივ ბოლომდე დავიხარჯებით და მაყურებელს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ“.

შავი ლომი თელ ავივ ჰითთან მატჩისთვის ემზადება
📺 | საქართველოს რაგბის კავშირი

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის წლევანდელი გათამაშების ნახევარფინალში შავმა ლომმა ესპანურ იბერიანსს 41:9 სძლია, თელ ავივ ჰითმა კი პორტუგალიაში ლუზიტანუშს აჯობა – 30:22. შარშანდელი ტურნირის ფინალში ქართულმა ფრენჩაიზმა სწორედ პორტუგალიელებს 17:14 მოუგო.

ფინალისტები ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ და თბილისური მატჩი ფრედ (25:25) დასრულდა, ისრაელში კი მეტოქემ, რომელიც ძირითადად სამხრეთ აფრიკელი და კუნძულელი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, 24:18 იმარჯვა. ფინალი ავჭალის სარაგბო სტადიონზე 17 დეკემბერს 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები