Thumbnail

დუდა სანაძის სუპერმატჩი და MVP-ს ტიტული კვიპროსის ჩემპიონატში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ანორთოსისი 83:79 ახილეასი
  • ქართველმა კალათბურთელმა 34 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა

30 წლის ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა კვიპროსის ჩემპიონატში, სადაც ის ფამაგუტას ანორთოსისის ღირსებას იცავს. საქართველოს ნაკრების მცველის გუნდი ნიქოზიის ახილეასს დაუხვდა და ოვერტაიმში 83:79 დაამარცხა, რაშიც სანაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა.

საინტერესოა, რომ თამაშის ძირითადი დრო 68:68 დასრულდა, ოვერტაიმში მასპინძლების მიერ ჩაგდებული 15 ქულიდან 10 კი ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე იყო. დუდამ თითქმის შეუცვლელად - 43:39 წუთი ითამაშა და 34 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 7 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

სანაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ფამაგუსტელებმა მეტოქეზე 5 ქულით მეტი ჩააგდეს, დუდას სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 36-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

საინტერესოა, რომ ქართველი კალათბურთელის ანორთოსისში მისვლის დროს გუნდს ერთადერთი მოგება ჰქონდა, დუდასთან ერთად კი, 5-დან 4 შეხვედრაში იმარჯვა და უკვე მე-5 ადგილზეა.

სანაძეს კვიპროსის ჩემპიონატში საშუალოდ 26.6 ქულა, 4.8 პასი და 2.0 ჩაჭრა აქვს და ქულების მხრივ მხოლოდ ეტა ენგომისის ლეგიონერ მალიკ ქარის (29.8) ჩამორჩება. ანორთოსისი მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს სწორედ ამერიკელი მცველის გუნდთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები