Thumbnail
  • მიკ შუმახერი მერსედესის სარეზერვო პილოტი იქნება
  • გერმანელის გუნდში მიყვანა ტოტო ვოლფს სურდა

შუმახერებისა და მერსედესის ისტორია გრძელდება! ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილი მიკი ფორმულა 1-ის ახალი, 2023 წლის სეზონიდან, Mercedes-AMG PETRONAS-ის F1-ის გუნდს სარეზერვო, მესამე პილოტად შეუერთდება.

2020 წლის ფორმულა 2-ის გამარჯვებულმა მიკ შუმახერმა F1-ში კარიერა ჰაასში დაიწყო, სადაც 2-წლიანი ასპარეზობის შემდეგ, 2022 წლის სეზონის ბოლოს, მიკმა გუნდი დატოვა და ახალ შემოთავაზებებს ელოდებოდა.

"მოხარული ვარ, რომ მერსედესის გუნდის წევრი ვიქნები. მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში. ამას ახალი ეტაპის დასაწყისად აღვიქვამ. მადლობელი და აღფრთოვანებული ვარ ტოტოთი და გუნდის ყველა წევრით, ვინც მენდო. F1-ის სამყარო მომაჯადოებელია და სულ სწავლის პროცესში ხარ. ჩემს მთელ ძალისხმევას მერსედესის გუნდის წარმატებაში ჩავდებ", - თქვა მიკიმ. 

მიკი ახალი შესაძლებლობით ბედნიერია

23 წლის პილოტის სიტუაციას აკვირდებოდა მერსედესის ბოსი ტოტო ვოლფი. ჰაასიდან წასვლის შემდეგ, ტოტომ ღიად დააფიქსირა გერმანელის მიმართ ინტერესი და აქცენტი მისი ოჯახისა და მერსედესის კავშირებზე გააკეთა.

მიკის მამა მიხაელი კარიერის ბოლოს მერსედესის რიგებში ასპარეზობდა და თავისი ლეგენდარული კარიერაც 2012 წელს სწორედ ამ გუნდში დაასრულა. სხვადასხვა კატეგორიებში მერსედესის სახელით ასპარეზობდნენ მიკის ბიძა რალფი და ბიძაშვილი დევიდი.

მას შემდეგ, რაც მერსედესი გუნდის ორმა სარეზერვო პილოტმა, ნიკ დე ვრეიმ და შტოფელ ვანდოორმა დატოვეს, ვოლფის მიზანი ამ პოზიციაზე ახალი პილოტის მიყვანა იყო. როგორც ჩანს, მიკი შესაფერისი კანდიდატი აღმოჩნდა.

"მიკი ახალგაზრდა, ნიჭიერი პილოტია და მოხარულები ვართ, რომ გუნდს შეუერთდა. ის მშვიდი და შრომისმოყვარეა. მას თანმიმდევრული მიდგომები და შემართება აქვს, რომ კიდევ ისწავლოს და გაუმჯობესდეს. ეს მნიშვნელოვანი თვისებებია და მოხარულები ვართ, რომ W14-ის განვითარებაში დაგვეხმარება. ვიცით, რომ ფორმულა 1-ში ასპარეზობის 2-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, იგი ნებისმიერ მომენტში მზად იქნება, მანქანაში ჩაჯდეს და საჭიროების შემთხვევაში, ჰამილტონი ან რასელი უმოკლეს დროში შეცვალოს", - განაცხადა ტოტომ. 

კომენტარები

ბოლო ამბები