Thumbnail
  • 📅 17 დეკემბერი | 🏟 დოჰა | ⌚ 19:00 | 🟠 ხორვატია V მაროკო
  • ვალიდ რეგრაგის პრესკონფერენცია მე-3 ადგილისთვის მატჩის წინ

მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილისთვის მატჩში მაროკოსა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ეს გუნდები ერთმანეთს უკვე კარგად იცნობენ, რადგან ჯგუფში ერთად იყვნენ და მიმდინარე მუნდიალზე თამაში ერთმანეთთან შეხვედრით დაიწყეს. 23 ნოემბერს, პირველი ტურის შეხვედრაში გოლი არ გასულა. მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ თამაშამდე პრესკონფერენცია გამართა.

"ფეხბურთელებს ესმით, რომ მესამე და მეოთხე ადგილი ერთი და იგივე არ არის. გვინდა, მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებით დავასრულოთ. წინ მნიშვნელოვანი თამაშია. მენტალურად და ფიზიკურად დაღლილები ვართ, თუმცა მზად ვართ", - აღნიშნა მან დასაწყისში.

რეგრაგი ხორვატიის ნაკრების შესახებ ამბობს: "დიდ პატივს ვცემ ამ ქვეყანას და ხორვატიის ნაკრებს. მხოლოდ 4 მილიონი მოსახლეობა ჰყავთ, მაგრამ შეხედეთ, რა ნიჭიერები და ერთიანები არიან. შესანიშნავი საკლუბო ფეხბურთი და მენტალიტეტი აქვთ. ფეხბურთელები საუკეთესო კლუბებში თამაშობენ. 37 წლის მოდრიჩი წარმოუდგენელია, მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ვიცით, რომ ხორვატია ძლიერია, პირველ შეხვედრაში ისინი ფავორიტები იყვნენ, მაგრამ მჯერა, რომ პატივისცემა დავიმსახურეთ და ხვალ სრულიად განსხვავებული, მაგრამ ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება".

ვალიდ რეგრაგი და ზაკარია აბუხლალი პრესკონფერენციაზე

მაროკოს ნაკრების თავკაცი დარწმუნებულია, რომ მის ფეხბურთელებს დამატებითი სიტყვებით არ სჭირდებათ მოტივაციის ასამაღლებლად: "არ მჭირდება ფეხბურთელების მოტივაცია, ყველა მატჩი და ყოველი მომენტი მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი ბრინჯაოს მოპოვებაა, ხორვატიამაც იცის, რომ მაროკო პატივისცემის ღირსია. ორივე გუნდი ნახევარფინალში წაგების გამო იმედგაცრუებულია, არ გვინდოდა აქ თამაში, ფინალში ყოფნა გვსურდა, მაგრამ შესაძლებლობების ზღვარს მივაღწიეთ. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ აქ ჯერ საქმე არ დაგვისრულებია. ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს და სინანულის მიზეზი არ გვაქვს".

რეგრაგის აზრი ფინალური მატჩის შესახებაც ჰკითხეს, რომელშიც არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ბუნებრივია, რომ ის საფრანგეთის მხარესაა, რადგან სწორედ ამ ქვეყანაში დაიბადა: "თანაბარი თამაში იქნება. ორივე გუნდს უნდა თასის მოგება. გარდა ამისა, ასევე იბრძოლებენ საუკეთესო მოთამაშის, საუკეთესო ბომბარდირისა და მწვრთნელის ჯილდოსთვის. საინტერესო მატჩს ველოდები. მხარს საფრანგეთს დავუჭერ, რადგან ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ არგენტინას პატივს ვცემ. მთელი მსოფლიოსთვის შესანიშნავი თამაში იქნება".

შეგახსენებთ, რომ მაროკოსა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩი 17 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. ხორვატიამ მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები 1998 წელს უკვე მოიგო, როცა ნიდერლანდებს 2:1 აჯობა, ხოლო მაროკო ზოგადად პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც ნახევარფინალში გავიდა და შესაბამისად, მედლების მოპოვების შანსიც პირველად მიეცა.

კომენტარები

ბოლო ამბები