Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 ადგილისთვის მატჩში ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

თამაშის წინ ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

"ჩვენთვის დიდი ფინალია, დიდი თამაში და ბრძოლა მედლისთვის. მაროკოს მიმართ მაქსიმალური პატივისცემა გვაქვს, ეს გუნდი ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი იყო. ისინიც ჩვენსავით ფიქრობენ და საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებენ. ნახევარფინალი ჩვენთვისაც და მათთვისაც მაქსიმუმი იყო და ეს პატარა სამყაროს გრანდიოზული ფინალი იქნება".

ზლატკო დალიჩს ლუკა მოდრიჩის სანაკრებო მომავალზეც მოუწია პასუხის გაცემა: "იმედი მაქვს, რომ ლუკა გააგრძელებს ნაკრებში თამაშს. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება მასზეა დამოკიდებული".

დალიჩისთვის მე-3 ადგილის მატჩი მნიშვნელოვანია

ხორვატიამ მუნდიალზე ბრინჯაო 24 წლის წინ უკვე მოიპოვა, როცა ნიდერლანდების ნაკრები 2:1 დაამარცხა. დალიჩი: "ახლა ცოტა განსხვავებული ვითარებაა 1998 წელთან შედარებით, რადგან წინა მუნდიალზე ვერცხლი მოვიპოვეთ და უფრო დიდ წარმატებას მივაღწიეთ. 1998 წელს ბრინჯაოს მედალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არც ეს იქნება ნაკლებად მნიშვნელოვანი, რადგან მესამე და მეოთხე ადგილს შორის დიდი განსხვავებაა".

თამაშს კატარელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: "ვფიქრობ, ფიფამ ძალიან გარისკა. არავის ვამცირებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მატჩის შემდეგ მსაჯზე აღარ ვისაუბრებთ".

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის (2018 წელს) და ბრინჯაოს (1998 წელს) მედლები მოპოვებული აქვს. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები