Thumbnail

ზედიზედ მეექვსე გამარჯვება: ოლიმპმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • რუსთავი 90:99 ოლიმპი
  • დავით როგავას გუნდმა მეტოქე ოვერტაიმში გატეხა
  • ოლიმპი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა

საკალათბურთო კლუბი ოლიმპი თბილისი შესანიშნავ ფორმაშია. თბილისურმა გუნდმა სუპერლიგაში ზედიზედ მე-6 შეხვედრა მოიგო. დავით როგავას გუნდმა რუსთავი სტუმრად, ოვერტაიმში 99:90 დაამარცხა. 

ოლიმპმა კავკასიის ლიგის ჩათვლით მოგებათა სერია 10-მდე გაზარდა. სუპერლიგის სტარტზე წაგებული ორი მატჩის შემდეგ როგავას გუნდი შეუჩერებელია. მათ ყველაზე მეტად სწორედ რუსთავთან გაუჭირდათ: ძირითადი დროის დასრულებამდე ოლიმპი 2 ქულით იგებდა (85:83), მასპინძლებს შეხვედრის გადასარჩენად 2,6 წამი ჰქონდათ, რა დროშიც ბულაშვილმა ორქულიანი ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. აი, იქ კი თბილისური გუნდი დომინირებდა და საბოლოოდ მეტოქე 9-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 99:90. 

ზედიზედ მეორედ, ოლიმპის რიგებში ძალიან კარგი თამაში ჰქონდა ახალგაზრდა გამთამაშებელს ლუკა ლიკლიკაძეს, რომელმაც თავი 26 ქულით გამოიჩინა. 12 ქულა დააგროვა დრუ კუქსჰაუსენმა, საიდანაც 8 ოვერტაიმში აიღო. ორმაგი დუბლი ჰქონდა ლინტონ ესლაისს - 19 ქულა, 10 მოხნსა, ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა გუნდის საუკეთესო დამცველმა ლუკა კალატოზიშვილმა - 13 ქულა, 14 მოხსნა, ხოლო თავაქარაშვილმა 12 ქულა ჩააგდო. გივი ბაქრაძემ პარკეტზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულას 6 პასი მიამატა. გუნდის კაპიტანი სასურველ ფორმაში ჯერ არ არის. რუსთავიდან ყველაზე მეტად ლუკა ბულაშვილი (21 ქულა) და გუგა პატაშური (19 ქულა) გამოირჩეოდნენ. 

ოლიმპმა ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თბილისური გუნდის მომდევნო მეტოქე კავკასია იქნება, რომელიც სუპერლიგაში პირველ პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები