Thumbnail

ქართული სარაგბო ფრენჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში თელ ავივ ჰითს შეხვდა და მეტოქე 12 ქულის სხვაობით დაამარცხა - 29:17. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რაგბი ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შავი ლომის მწვრთნელმა და მორაგბეებმა მოგებული მატჩი შეაფასეს. მერაბ შარიქაძემ პირველ ტაიმში მეტოქე გუნდის მორაგბესთან შელაპარაკებაზეც გააკეთა კომენტარი.

ლევან მაისაშვილი (შავი ლომის მწვრთნელი): თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ. უპირატესობა თავიდანვე მოვიპოვეთ და სწორედ ამ დროს მოვეშვით, უდისციპლინობამ თავი იჩინა. თელ ავივ ჰითი თამაშში დაბრუნდა, მაგრამ შედეგი ისაა, რომ მატჩი მოვიგეთ და მინდა, რომ ყველას მივულოცა ეს გამარჯვება.

მერაბ შარიქაძე (შავი ლომის კაპიტანი): ვფიქრობ, რომ 2022 წელი ერთ-ერთი საუკეთესოა ქართული რაგბისთვის. ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი მოვიგეთ. ვიცოდით, რომ ჰითი მარტივი მეტოქე არ იქნებოდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში იმათ ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ ფინალი 12 ქულით მოვიგეთ, რაც მარტივი ამბავი არაა. ვულოცავ ყველას მოგებას.

ამ გუნდს ახასითებს უხეშობა. საკმაოდ ბინძურად და არასპორტულად თამაშობენ. იგინებიან და პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობენ, ხანდახან ძნელია თავის მოთოკვა. მათი მიზანიც ესაა, რომ პროვოკაციაზე წამოგაგონ და ზოგჯერ ღირსებას ისე ეხებიან, რომ თავის შეკავება რთულია.

გულშემატკივრების დიდი დამსახურებაა მოგება. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ქომაგი რომ ყოფილიყო, 12 ქულის ნაცვლად 30 ქულით მოვიგებდით.

ლაშა ხმალაძე (შავი ლომის მორაგბე): ნამდვილად პრინციპული მეტოქე გვყავდა. ამ სეზონში ორჯერ შევხვდით და ორივეჯერ სასურველი შედეგი ვერ დავაფიქსირეთ. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ და მეორე ტაიმში ტაქტიკა შეცვალეს და მოუმზადებლები ვიყავით. ბევრი ჯარიმა ავიღეთ და ამან განაპირობა ის, რომ ანგარიშში სხვაობა შემცირდა.

შავი ლომისთვის ეს ისტორიაში მეორე ტიტულია. ქართული ფრენჩაიზი ახალი სეზონიდან რაგბი ევროპის სუპერთასზე და სამხრეთამერიკის ლიგაში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები