- ხორვატია 2:1 მაროკო
- ხორვატიის ნაკრებმა 6 მუნდიალზე იასპარეზა და მედლები სამჯერ მოიპოვა
- 'ბოს, ეს მედალი შენ გეკუთვნის' - რა თქვა ზლატკო დალიჩმა მატჩის შემდეგ
- PREVIEW | ფინალის მთავარი ფაქტორები - როგორ თამაშს ველოდებით
ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია! გუნდმა, რომელმაც წინა მუნდიალი მე-2 ადგილზე დაასრულა, ახლა ტურნირი მაროკოს ძლევით (2:1) და მესამე ადგილით დაასრულა. ეს ქვეყანა საფეხბურთო გრანდებში სწრაფი ტემპებით მკვიდრდება...

ეს ორი ნაკრები F ჯგუფში იყო და პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდა - 0:0. საბოლოოდ, მაროკომ ჯგუფი 7 ქულით მოიგო, ხორვატია კი 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ჯგუფში კი მსოფლიოს რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფი ბელგია ჩატოვეს.
მაროკოს ნაკრებში თამაში ვერ შეძლო მაზრაუიმ, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი საერთოდ ვერ მოხვდა განაცხადში. სკამზე დარჩა, კაპიტანი საისი, რომელსაც ტრავმა ნახევარფინალში გაურთულდა და შესაცვლელი გახდა. სასტარტოში არ იყო უნაიც. მოკლედ, რეგრაგიმ საფრანგეთთან მატჩისგან განსხვავებით 3 ცვლილება განახორციელა. დალიჩმა არგენტინასთან მატჩისგან განსხვავებით სკამზე დასვა: იურანოვიჩი, ლოვრენი, სოსა, ბროზოვიჩი და პაშალიჩი. მათ ნაცვლად გამოჩდნენ: სტანიშიჩი, სუტალო, ორშიჩი, მაიერი და ლივაია.
მე-7 წუთზე ხორვატებმა ბრწყინვალედ გაითამაშეს საჯარიმო, პერიშიჩმა თავურით გვარდიოლს გადასცა და 20 წლის მცველმაც თავით ბრწყინვალე გოლი გაიტანა - 1:0. ორ წუთში მაროკოელთა საჯარიმოს აშრაფ დარის თავური მოჰყვა - 1:1. ტაიმის მიწურულს მისლავ ორშიჩმა შედევრი გოლით ისევ წინ გაიყვანა ხორვატიის ნაკრები - 2:1.
მეორე ტაიმში ხორვატები გვარდიოლის წინააღმდეგ ჯარიმის დაფიქსირებას და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. ეპიზოდი VAR-ზეც გადამოწმდა, თუმცა 11-მეტრიანი არ დაინიშნა. მე-6 დამატებულ წუთზე ენ-ნესირის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა მაროკოელთა ფორვარდმა ბურთი კარს გადააცილა.
TOP ფეხბურთელი
იოშკო გვარდიოლი - "მესის ინციდენტს" თუ არ ჩავთვლით, 20 წლის მცველს სუპერმუნდიალი ჰქონდა და მას ალბათ, მალე ლაიპციგზე დიდი გუნდი გადაიბირებს. მაროკოსთან მატჩში გვარდიოლმა ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმში კი მის წინააღმდეგ პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
🟠 ჰაკიმ ზიეშმა და აშრაფ ჰაკიმიმ მე-10 მატჩი ითამაშეს მუნდიალზე და გაუთანაბრდნენ მოჰამედ ალ-დაეიას (საუდის არაბეთი), როგორც ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ არაბ ფეხბურთელს.
🟠 ხორვატია მუნდიალზე მეოთხედ დაუპირისპირდა აფრიკულ ნაკრებს და პირველად გაუშვა გოლი (4:0 კამერუნთან, 2:0 ნიგერიასთან, 0:0 მაროკოსთან).
🟠 ბოლო სამ მუნდიალზე ივან პერიშიჩზე მეტ გოლში უშუალო მონაწილეობა მხოლოდ ლიონელ მესიმ მიიღო - პერიშიჩი 11 (6 გოლი, 5 საგოლე პასი), მესი - 16.
🟠 სადებიუტო მუნდიალის (1998 წ) შემდეგ ხორვატიის ნაკრები მესამედ შევიდა მუნდიალის საუკეთესო სამეულში - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
ხორვატია 2:1 მაროკო
გოლები: 1:0 გვარდიოლი (7. პერიშიჩის პასით), 1:1 დარი (9), 2:1 ორშიჩი (42. ლივაიას პასით)
ხორვატია (3-5-2): ლივაკოვიჩი - სტანიშიჩი, სუტალო, გვარდიოლი - ორშიჩი (95. იაკიჩი), მაიერი (66. პაშალიჩი), მოდრიჩი, კოვაშიჩი, პერიშიჩი - ლივაია (66. პეტკოვიჩი), კრამარიჩი (61. ვლაშიჩი)
მაროკო (4-1-2-3): ბონო - ჰაკიმი, დარი (64. ბენუნი), ელ-იამიქი (67. ამალა), ატიატ-ალა - ამრაბატი - საბირი (46. შაირი), ელ ხანუსი (56. უნაი) - ზიეში, ენ-ნესირი, ბუფალი (64. ზურარი).
კომენტარები