Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა ყველა ვარსკლავთა მატჩში 11 ქულა ჩააგდო
  • ის ევროპის ნაკრების ღირსებას იცავდა, რომელმაც დანარჩენი მსოფლიოს გუნდს მოუგო

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ფამაგუსტას ანორთოსისის წევრი გახდა, კვიპროსის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავთა მატჩში ითამაშა და ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგად, გულშემატკივრებმა დუდა ევროპის ნაკრების სასტარტო ხუთეულში დაასახელეს, მოწინააღმდეგე კი დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები იყო, რომელიც ძირითადად ამერიკელი ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული.

საინტერესოა, რომ კვიპროსული ოლ სტარი არასტანდარტულად წარიმართა. კალათბურთელებმა ოთხი 5-წუთიანი მეოთხედი ჩაატარეს და ვინაიდან სათამაში დრო ყველას უნდა რგებოდა, სანაძემ მოედანზე მხოლოდ 08:29 წუთი გაატარა.

დუდა სანაძემ 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო

მხოლოდ კი დავწერეთ, თუმცა, ქართველ კალათბურთელზე მეტი ევროპის ნაკრებში არავის უთამაშია. აღნიშნულ დროში დუდამ ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 11 ქულას, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება წაამატა.

შეგახსენებთ, რომ სანაძის ანორთოსისში მისვლის დროს ანორთოსისს ერთადერთი მოგება ჰქონდა, დუდასთან ერთად კი, 5-დან 4 შეხვედრაში იმარჯვა და უკვე მე-5 ადგილზეა.

სანაძეს კვიპროსის ჩემპიონატში საშუალოდ 26.6 ქულა, 4.8 პასი და 2.0 ჩაჭრა აქვს და ქულების მხრივ მხოლოდ ეტა ენგომისის ლეგიონერ მალიკ ქარის (29.8) ჩამორჩება. ანორთოსისი მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს სწორედ ამერიკელი მცველის გუნდთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები