Thumbnail

ამ მომენტზე უკვე ბევრი ლაპარაკობს და სანაძლეოს ჩამოვალთ, რომ დისკუსიები გაგრძელდება.

სანამ ფიფას პრეზიდენტი ლიონელ მესის მსოფლიო თასს გადასცემდა, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა კატარის ამირასგან საჩუქარი მიიღო: შეიხმა ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ ლეოს კატარული ნაციონალური სამოსი ჩააცვა, რომელსაც “ბიშტი” ჰქვია. ეს სამოსი კეთდება აქლემის ბეწვისგან და კატარში “ბიშტი” მაღალი ფენის წარმომადგენლებს აცვიათ ხოლმე…

მესის აშკარად ეტყობოდა, რომ ამ იდეით აღფრთოვანებული არ იყო. ცხადად გამოჩნდა, რომ “ბიშტის” ჩაცმა დიდად არ უნდოდა, მაგრამ მსოფლიო თასი უნდა აეწია და ამაზე ბევრი აღარც იფიქრა. მესისთვის “ბიშტის” ჩაცმის იდეა ფეხბურთის ბევრმა ლეგენდამ გააკრიტიკა.

“როცა ასეთ დროს მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის კაპიტანს რაღაცის ჩაცმას აიძულებ, ამით მას ძალიან დიდ მომენტს უფუჭებ, ართმევ. ეს საქციელი არც მე მომეწონა. ასეთი რამ შეგიძლია მოგვიანებით გააკეთო, გასახდელში აჩუქო და მოაცვა კიდეც. ვფიქრობ, იმ მომენტში არც მესი იყო ბედნიერი ამის ჩაცმით. ჩემი აზრით, ეს არ იყო კარგი ამბავი.” - განაცხადა გერმანიის ნაკრების ლეგენდა ბასტიან შვაინშტაიგერმა.

'მესის წესიერებაზე მეტყველებს ის, რომ ეგრევე არ გაიხადა'

ამ სცენის გამო გაბრაზებას ვერ მალავდა გერმანული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა მიხაელ ბალაკიც: “ცუდად მოიქცნენ. მესის წესიერებაზე მეტყველებს ის, რომ ეგრევე არ გაიხადა. ეს ფოტოები ისტორიას რჩება, სამუდამოდ რჩება ადამიანების მესხიერებაში. ასეთ დროს მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის კაპიტანს უნდა ეცვას ის ფორმა, რითაც ქვეყანას წარმოადგენს. რადგან უნდა ჩანდეს ნაკრების ფორმა!” - თქვა ბალაკმა.

კატარის ამირა და ორგანიზატორები ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, გარი ლინეკერმაც გააკრიტიკა: “გარკვეულწილად დიდი სირცხვილია ის, რომ მესის ამ განსაკუთრებულ მომენტში არგენტინის ნაკრების ფორმა დაუფარეს.” - თქვა მან BBC-ზე.

უფრო კონკრეტული იყო არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაბლო საბალეტა: “რატომ? რატომ გააკეთეს ეს? არ არსებობს მიზეზი, რაც ამ საქციელს გაამართლებს.”

აღსანიშნავია, რომ ოდნავ მოგვიანებით მესიმ “ბიშტი” მაინც გაიხადა და ზეიმი არგენტინელთა საჩემპიონო მაისურით გააგრძელა. თუმცა მანამდე თასი სწორედ “ბიშტით” აღმართა და მოკლედ, სამშობლოში მსოფლიო თასით და “ბიშტით” ბრუნდება…

კომენტარები

ბოლო ამბები