- სკალონიმ აქცენტი ცენტრის და ბურთის კონტროლზე გააკეთა
- დი მარიამ მწვრთნელს ნდობა გაუმართლა
- საფრანგეთმა მეტოქის მოშვებით ისარგებლა
- დეშამის ცვლილებებმა მატჩში გარდატეხა შეიტანა
- მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო თამაში ვნახეთ
Desperados - ესპანური სიტყვაა და სასოწარკვეთილი, კედელთან მიყენებული მაგარი ბიჭების გაერთიანებას ნიშნავს. თან, ამ მაგარ ბიჭებს ცოტა მოხულიგნო-მოქუჩისბიჭო ხასიათიც აქვთ - ესეც იგულისხმება.
არგენტინა Desperados იყო - 30-წლიანი ტანჯვის, არგამართლებების, პენალტებში წაგებების და სხვა უბედურებების შემდეგ, ისინი გაერთიანდნენ დევიზით - ‘ან ახლა, ან არასოდეს’.
არასოდეს იმიტომ, რომ არავინ იცის, როდის დაიბადება სხვა მესი. შეიძლება, არც არასოდეს. ამიტომ, არგენტინას ეს შინაგანი რწმენა ამოძრავებდა. "ეს დიეგოს და ლიონელის მიწაა" - ასე უწოდებდა გულშემატკივარი არგენტინას ამ მუნდიალისადმი მიძღვნილ სიმღერაში და ქვეყანას არ ჰქონდა უფლება, რომ თავისი საუკეთესო და ყველაზე საამაყო შვილი ისევ დაეღალატებინა.

ფინალის პირველ 60-70 წუთში, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, ეს ნათლად გამოჩნდა. ‘ალბისელესტე’ ყველა ბურთზე პირველი იყო, მეტოქეზე ბევრად მეტს მოძრაობდა და ბევრად უფრო თავგანწირულად იბრძოდა - ისე, რომ თითქოს რიცხვობრივ უპირატესობაში იყო. სახასიათო მომენტი შეიქმნა მეორე ტაიმის დასაწყისში: არგენტინელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო, როდრიგო დე პაული, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ვარდნაში ურტყამდა. ბურთს ლორისი დაეუფლა და სწრაფად ხელით მბაპეს გადაუგდო. მბაპეს წინ ისევ დე პაული აღმოჩნდა - ვარდნის შემდეგ წამებში მოახერხა უკან დაბრუნება.
შეიძლება ვინმემ იკითხოს, რომ კი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოტივაცია ვის არ ექნება - რა, ფრანგები მოტივირებულები არ იყვნენ?! აქ სხვა მოტივაციაზეა საუბარი, შიგნიდან, შენი სული და გულიდან როცა მოდის და დამატებით ენერგიას იღებ იმიტომ, რომ სულ მცირე ბოლო 3-4 წელი შენი ცხოვრების ყოველი დღე ამ ტურნირს და ამ დღეს ელოდებოდი, ამისთვის ემზადებოდი. დამატებით, სულიერ ენერგიაზეა საუბარი. არგენტინას ეს ჰქონდა.
'არგენტინელებმა ყველაფერი გაყიდეს და კატარში მაინც ჩავიდნენ. ამ ტიპის თავის გადადებაზეა საუბარი'
ტრიბუნებზე ათიათასობით არგენტინელი გულშემატკივარი ვნახეთ. არადა, ღატაკი ქვეყანაა, ბოლო წელს 78-პროცენტიანი ინფლაცია ჰქონდა - დოლარის ყიდვა იქ ფუფუნებაა. დაახლოებით 300 დოლარი გადასახადი უნდა გადაიხადო, რომ სახელმწიფოსგან დოლარის ყიდვის უფლება მიიღო. ამის მიუხედავად, არგენტინელებმა ყველაფერი გაყიდეს და კატარში მაინც ჩავიდნენ. ამ ტიპის თავის გადადებაზეა საუბარი. სახელმწიფოს გამოთვლებით, ამ მუნდიალზე დაახლოებით მილიარდი დოლარი გავიდა ქვეყნიდან.
მონდომების გარდა, არგენტინას ტაქტიკური უპირატესობაც ჰქონდა. სკალონიმ ამ მუნდიალზე აჩვენა, რომ თამაშიდან თამაშამდე გუნდის გადაწყობა და მეტოქეზე მორგება ძალიან კარგად შეუძლია. ის მუდამ ცვლიდა შემადგენლობას და სათამაშო სქემას. მეტოქესთან ადაპტაციის და, ზოგადად, გუნდის მართვის უნარი ამ არგენტინის საჩემპიონო თვისება იყო.
სკალონიმ აქცენტი ცენტრის მოგებაზე, ბურთის და ტერიტორიის ფლობაზე გააკეთა, რათა ფრანგების ვარსკვლავური შემტევები უბურთოდ დაეტოვებინა. ინგლისთან თამაშმა აჩვენა, რომ ეს საფრანგეთის შედარებით სუსტი წერტილი შეიძლება იყოს. წამყვანი ნახევარმცველების ტრავმების ფონზე დეშამს შუა ხაზში თამაშის კარგი დირიჟორი აღარ დარჩა - ამიტომაც, ამ როლს ოდნავ უკან დაწეული გრიზმანი ირგებდა ხოლმე. ჩუამენი და რაბიო სტილურად ის ფეხბურთელები არ არიან, რომელთაც ბურთის კონტროლი, შეტევის დაწყება და ტემპის კონტროლი კარგად შეუძლიათ. საფრანგეთს დაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანა უჭირდა. თან მბაპე, ჟირუ და დემბელე არც ართმევაზე კარგი თამაშით გამოირჩევიან და ამიტომაც, დეშამის გუნდს მეტოქისგან ბურთის სწრაფად მოპოვება უჭირს. არგენტინამაც ამით ისარგებლა. ტოტალური კონტროლი დააწესა ბურთზე, ფრანგები უბურთოდ დატოვა და ტაიმი ძალიან დიდი უპირატესობით ჩაატარა.
პირველ ტაიმში ბურთის ფლობა 59:41-ზე იყო. ფრანგებს მეტოქის კარისკენ არცერთი დარტყმა არ ჰქონდათ, ‘ალბისელესტეს’ კი - 6 დარტყმა მოუგროვდა. ხიფათი მუდამ მოქმედი ჩემპიონის კართან იქმნებოდა.

ამ ფონზე მბაპე და ჟირუ სტატისტებად იქცნენ - თამაშში მონაწილეობას პრაქტიკულად ვერ იღებდნენ. ჟირუს 40 წუთში სულ რაღაც 9 პასი ჰქონდა შესრულებული. მბაპეს ძალიან კარგად ედგა ნოელ მოლინა, ხოლო როდრიგო დე პაული უჩვეულოდ მარჯვნივ იყო გადაწეული და მოლინას მპაბეს და ტეო ერნანდესის ფლანგზე ძალიან კარგად ეხმარებოდა. მოედნის ცენტრში არგენტინას ხარისხობრივის გარდა, რიცხვობრივი უპირატესობაც ჰქონდა, რადგან ნომინალურ ნახევარმცველებს ემატებოდნენ უკან ჩამოწეული მესი და ალვარესი, რომლებიც ბურთის გათამაშებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.
ეს უპირატესობა რიცხვებშიც აისახა. ფრანგების გამთამაშებელმა ანტუან გრიზმანმა შეხვედრა კატასტროფული 26 გადაცემით დაასრულა. შედარებისთვის, ენცო ფერნანდეს, 'ალბისელესტეს' მთავარ კაცს მოედნის ცენტრში და ამ მუნდიალის ერთ-ერთ აღმოჩენას, 91 გადაცემა ჰქონდა.
სკალონის კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება ანხელ დი მარიას უკავშირდებოდა. იგი ტრავმირებულ და ფორმაში არმყოფ დი მარიას მაინც ენდო. დი მარიამ მას ნდობა სრულად გაუმართლა - მესის შემდეგ ალბათ გუნდში საუკეთესო იყო. მან და ლეომ 3-3 ჯერ გაიყვანეს პარტნიორები დასარტყმელ პოზიციაზე, მუდამ ამწვავებდა თამაშს თავისი დრიბლინგით და არასტანდარტული მოქმედებებით და სტაბილურად ქმნიდა საფრთხეს. ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რომ სკალონიმ დი მარია არა მარჯვნივ, არამედ მარცხნივ დააყენა. არადა, მარჯვნივ, ანუ საფრანგეთის მარცხენა ფლანგზე, მბაპეს უკან ჩამოსვლა არ უყვარს ხოლმე, ტეო ერნანდესიც უფრო შემტევია, ვიდრე დაცვითი და ამ პოზიციაზე საფრანგეთს სივრცეები რჩება. მაგალითად, ინგლისთან ამ სივრცეებში ბუკაიო საკამ გაილაღა.
სკალონიმ აქცენტი საპირისპირო ფლანგზე გააკეთა. არც მოტყუვდა. დი მარიამ ჯერ პენალტი აიკიდა, როცა ბავშვივით მოატყუა დემბელე და შემდეგ ზურგზე პირველივე შეხებისას მინდორზე დაეცა. პოზიცია მოგებული ჰქონდა, დემბელეს ხელით კონტაქტის საჭიროებაც არ იყო, თუმცა მაინც ძალიან სადავო პენალტი იყო. ფეხზე კონტაქტი გამეორებებში თითქოს არ ჩანდა, ხოლო დემბელეს ხელით მოძრაობა უხეშად არ გამოიყურებოდა. ისე ჩანდა, რომ მსაჯს ფორმალური საფუძველი შეიძლება ჰქონდა, მაგრამ უნდოდა პენალტის დანიშვნა.

მეორე გოლი თავად დი მარიამ შეაგდო დიდებული კონტრშეტევის შედეგად. ზოგადად, არგენტინამ თავისი შეტევების 40 პროცენტი დი მარიას მარცხენა ფლანგიდან წარმართა. მარჯვნიდან ეს მაჩვენებელი 32 პროცენტი იყო, არადა ჩვეულებრივ არგენტინის მარჯვენა ფლანგი უფრო აქტიურია ხოლმე.
დი მარიას გოლი ადამიანურად გამიხარდა. 2014 წლის ფინალი მან ტრავმის გამო გამოტოვა და თავის წერილში იმასაც წერდა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა იყო.
კატასტროფული პირველი ტაიმის შემხედვარე დეშამი რადიკალურ ცვლილებებზე მალევე წავიდა. პირველი ტაიმი დასრულებული არ იყო, როცა დემბელე და ჟირუ გაიყვანა. დემბელე უბრალოდ სამარცხვინოდ გამოიყურებოდა. ჟირუს გასვლას ტაქტიკური მიზეზი ჰქონდა. ასეთ თამაშში ჟირუს ფუნქცია არ ჰქონდა. საფრანგეთი საჯარიმომდეც ვერ მიდიოდა, სადაც ფრანგი ფორვარდი ყველაზე მრისხანე ძალაა. ამავე დროს 192-სანტიმეტრიანი კაცი ვერც პრესინგში, მოძრაობაში და დინამიკაში ვარგა. მარტივად რომ ვთქვათ, მას ბურთის დევნა, მისი მოპოვება და გათამაშება არ შეუძლია. უბურთოდ კიდევ საფრანგეთი თითქოს 10 კაცი იყო. ამიტომ, დეშამმა უფრო მობილური მარკუს ტიურამი ამჯობინა, რომელიც ფორვარდია, თუმცა უკან ჩამოსვლა და ზოგადად მოძრაობა ჟირუზე მეტად ეხერხება.
ეს ცვლილებები გუნდს მალევე ვერ დაეხმარა. მეორე ტაიმშიც, არგენტინა ნაკლები უპირატესობით, თუმცა თამაშს მაინც აკონტროლებდა, ხოლო საფრანგეთი უმომენტოდ იყო.
თუკი სკალონიმ პირწმინდად მოუგო ვიზავის ტაქტიკური ბრძოლა მატჩის სტარტზე, შეცვლების ომი უკვე დეშამის სასარგებლოდ იყო. მან ფლანგები გააძლიერა - პირველ ტაიმში შესულ კოლო-მუანის მეორეში კინგსლი კომანიც დაემატა. კომანი ძალიან კარგად შემოვიდა, ისევე როგორც კამავინგა. ამან საფრანგეთს დამატებითი ათლეტიზმი და ძალა შესძინა. დეშამი აქცენტს ფლანგებზე აკეთებდა - საფრანგეთის შეტევების 81 პროცენტი ფლანგებიდან წარიმართა და არა არგენტინის გადატვირთული ცენტრიდან.
საპირისპიროდ, სკალონიმ ცვლილებები თითქოს დაიგვიანა. ძალიან აქტიური დი მარია აკუნიამ შეცვალა, რომელიც კატასტროფული იყო. ვერც ბურთის დაჭერაში იღებდა მონაწილეობას, პირიქით, მუდამ კარგავდა. ვერც წინ ამწვავებდა და ვერც უკან ეხმარებოდა.
კარგი ცვლილებების მიუხედავად, მატჩში გარდატეხა კი მაინც ეპიზოდიდან დაიწყო. ამ არგენტინამ მერამდენედ აჩვენა, რომ დაწინაურების შემდეგ იოლად ეშვება. ბავშვური გოლი გაუშვეს, როცა მე-80 წუთზე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ძალიან იოლი პასი გაატარეს, ხოლო ოტამენდის კოლო-მუანიმ ჯანშიც მოუგო, სისწრაფეშიც და ჭკუაშიც. პენალტი და თამაში უცებ დაიძაბა. 97 წამის შემდეგ საფრანგეთმა მეორე, ძალიან მაგარი გოლი შეაგდო. არგენტინამ მოგებული უპირატესობა წუთნახევარში გაანიავა. ეს ძალიან არასაჩემპიონო თვისებაა. ჩვეულებრივ, ჩემპიონი გუნდები თავის უპირატესობას ასე იოლად არ თმობენ ხოლმე.

მატჩის პირველ ნაწილში უპირატესობის მოპოვება და ფანატიკური თამაში არგენტინას ძალიან ბევრი ენერგია დაუჯდა. ფრანგებს უპირატესობა ჰქონდათ ჯანშიც, ენერგიაშიც, განწყობაშიც და ცვლილებებზეც უკვე გითხარით.
მბაპეს მეორე გოლის შემდეგ თამაში უკვე ფრანგების იყო. ძირითადი დროის საფინალo სასტვენამდე კიდევ 18 წუთი გავიდა, როცა არგენტინა აშკარად დემორალიზებული იყო და ისე ჩანდა, რომ ფრანგები მესამე გოლთან ძალიან ახლოს იყვნენ.
როცა არგენტინა თამაშობს, იცი, რომ ყოველთვის დრამაა. ‘ალბისელესტეს’ ტანჯვის დიდი კულტურა აქვს - იოლად არაფერი ხდება. 1986 წლის ფინალშიც 2:0-დან ორი იოლი კუთხური გაუშვეს და ის თამაში ახლიდან მოსაგები გახდა. ეს ფინალიც თითქოს იოლად მოგებული იყო, თუმცა ტანჯვად და ნერვების ომად იქცა.
ის, რაც 80 წუთიდან დაიწყო, არანაირ ყველაზე გიჟურ, ყველაზე ფანტასტიკურ სცენარშიც არ ეწერა. ეს იყო სრულიად წარმოუდგენლი, დრამატული და ეპიკური ამბავი. ისეთი, რომ წიგნისთვის და ფილმისთვისაც ვერ მოიგონებ. ისეთი, რომლის განცდითაც კი იღლები.
ამ ისტორიას ვერ მოიგონებდა ვერც ჰომეროსი და ვერც რუსთაველი, ვერ შექმნიდნენ კრისტოფერ ნოლანი და დევიდ კემერონი. ასეთი რამ მხოლოდ ფეხბურთში შეიძლება მოხდეს, ამ ცხოვრებასავით დიდ, მოულოდნელ მართლა ღვთაებრივ თამაშში.
'თითქოს მთელი ეს არგენტინა ჩანდა - ბავშვური შეცდომა და შემდეგ ჰეროიკული ხსნა'
წარსულის ყველა დიდი თამაში მაქვს ჩანაწერში ნანახი - 1970 წლის იტალია-გერმანიის (4:3) და 1982 წლის გერმანია-საფრანგეთის (3:3) და იტალია-ბრაზილიის (3:2) ჩათვლით და გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი არაფერი ყოფილა. გაგვიმართლა, რომ აქ ვიყავით და ეს განვიცადეთ. თან ფინალში, რომელიც ჩვეულებრივ ერთი შეცდომის და ერთი მომენტის თამაშია ხოლმე.
ჯერ იყო და მესის აუღო უგო ლორისმა სულ ბოლო წამებზე შორიდან დარტყმული, შემდეგ დამატებითში მომენტი მომენტზე იქმნებოდა ორივე კართან. არგენტინამ ხელიდან გაშვებული იოლი გამარჯვების შემდეგ, ისევე, როგორც ნიდერლანდებთან, კიდევ ერთხელ აჩვენა გაუტეხელი სული. ეს იყო ის მომენტი, როცა ყველაზე კრიტიკულ მომენტში წარსულის წარუმატებლობები, გადატანილი დრამები, წლობით ნაგროვები ტანჯვა დამატებით ენერგიას გაძლევს. იცი, რომ კიდევ ერთხელ მარცხის უფლება არ გაქვს. ამას უბრალოდ ვერ გადაიტან.
არგენტინის მთელი მონდომების მიუხედავად, დამატებითში საფრანგეთი მეტოქეს უკვე აღარაფრით ჩამოუვარდებოდა. პირიქით: ჩანდა, რომ ფიზიკურად გაძლებაზე არგენტინა იყო. ფრანგებს უკვე დიდი ათლეტური უპირატესობა ჰქონდათ, ბევრად სწრაფები და ენერგიულები იყვნენ. დეშამი ფსონს ჯანზე, მარტივ და პრიმიტიულ თამაშზე ჩამოვიდა და ამან გაამართლა. კოლო-მუანის 13 მოგებული ორთაბრძოლა ჰქონდა. ფრანგებს მატჩის ბოლო მონაკვეთში საჰაერო ორთაბრძოლების თითქმის 80 პროცენტი ჰქონდათ მოგებული.
აბსოლუტურად სხვა პლანეტიდან გამოიყურებოდა კილიან მბაპე - ყველაზე და ყველაფერზე სწრაფი და ძლიერი იყო. პასიური 80 წუთის შემდეგ მბაპე შეუჩერებელი გახდა - სამი გოლი 40 წუთში შეაგდო.
მატჩის წინ მაურისიო პოჩეტინოს სთხოვეს, რომ შეედარებინა მესი და მბაპე, მათთან მუშაობის გამოცდილება. პოჩე ორივეს წვრთნიდა და საინტერესო რაღაც თქვა: აღნიშნა, რომ მბაპეს აქვს უნიკალური უნარი, აბსოლუტურად იყოს გამორთული თამაშიდან და უცებ ჩაერთოს. თუნდაც წარუმატებელი 80 წუთი მასზე საერთოდ არ აისახება - მუდამ მშვიდი და თავდაჯერებულია. ერთ ეპიზოდში შეუძლია თამაშში დაბრუნება. ფინალშიც ასე მოხდა.
არგენტინის კიდევ ერთ დიდებულ კონტრშეტევას და მესის მესამე გოლს, ისევ მბაპემ უპასუხა, 118-ე წუთზე პენალტით. ყველაზე წარმოუდგენელი რამ კი 123-ე წუთზე მოხდა. არგენტინის დაცვას ძალიან იოლი ბურთი გადააფრინდა და კოლო მუანის ერთი-ერთზე, ძალიან ხელსაყრელ მომენტში ემი მარტინესმა სასწაული ბურთი აუღო. ისეთი ‘სეივი’ იყო, საჩემპიონო გოლს რომ უდრის. ამ ეპიზოდში თითქოს მთელი ეს არგენტინა ჩანდა - ბავშვური შეცდომა და შემდეგ ჰეროიკული ხსნა.

პენალტებში მარტინესმა კიდევ ერთი მაგარი ბურთი აიღო და ზოგადად, არგენტინა უფრო სოლიდური და მომზადებული ჩანდა. უკეთესი დამრტყმელებიც ‘ალბისელესტეს’ ჰყავდა - მესი, დიბალა და ლაუტარო (მეხუთე უნდა ყოფილიყო) შტატიანი პენალტისტები არიან.
‘ღმერთის ხომ გჯერა, მეტი რა ქნას, წყალზე ხომ არ გაივლის?!’ - ასე მითხრა ლეოს მესამე გოლის შემდეგ ჩემმა მეგობარმა და ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა. თუ რაიმე სამართლიანობა, რაიმე უზენაესი ლოგიკა არსებობს, მესის ასეთი ლეგენდა უნდა დაეწერა.’ღმერთის იდეაც ეგ არის, ხალხს სიხარულს ანიჭებს’ - მიამატა იქვე. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ფეხბურთის ღმერთი ვნახეთ, მისი სანაკრებო გოლგოთის ეპიკური გამარჯვებით დასასრული...
კომენტარები