Thumbnail

'ჩემი ისტორია დავწერე' - ქარიმ ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ბენზემამ ნაკრებში 97 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა
  • რეალის ფეხბურთელი იუბილარია, იგი დღეს 35 წლის გახდა

ოქროს ბურთის მფლობელმა, 35 წლის ქარიმ ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. იგი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა.

ფრანგულ მედიაში ძალიან ხშირად წერდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ  ბენზემას არგენტინის წინააღმდეგ ფინალის თამაში შეეძლო, მაგრამ დეშამმა მადრიდის რეალის ფორვარდი ნაკრებში აღარ დააბრუნა. 

“მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ. ცხადია, დავუშვი შეცდომებიც, საერთო ჯამში კი, განვლილი გზით ვამაყობ. ჩემი ისტორია დავწერე, ჩვენი საერთო ისტორია კი სრულდება” - აღნიშნა ბენზემამ სოციალურ ქსელში.

ქარიმი საფრანგეთის ნაკრების რიგებში 2007 წლიდან თამაშობდა, თუმცა, 2015 წელს, მისი და ვალბუენას ცნობილი სკანდალის გამო, დეშამმა ნაკრებიდან მოკვეთა. ბენზემა ეროვნულ გუნდში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ დააბრუნეს და მას შემდეგ მბაპესთან ერთად მრისხანე დუეტს ქმნიდა. “სამფეროვნებმა” მისი დახმარებით 2021 წლის ერთა ლიგა მოიგეს. 

საფრანგეთის ნაკრებში ქარიმ ბენზემას მონაგარი ასეთია: 97 მატჩში 37 გოლი. საინტერესოა, რომ ბენზემა დღეს იუბილარია, ფრანგი ფორვარდი 35 წლის გახდა.   

კომენტარები

ბოლო ამბები