Thumbnail

მიქაუტაძის სომბრერო ამხანაგურში - იტალიური მედია გიორგის ცნობილ კლუბს უკავშირებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მეცი 2:1 ელვერსბერგი
  • იტალიური მედია გიორგი მიქაუტაძეს ცნობილ კლუბს უკავშირებს

გიორგი მიქაუტაძის მეცმა მორიგ ამხანაგურ მატჩში გერმანული ელვერსბერგი 2:1 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სასტარტოში იყო. 48-ე წუთზე დანლი ჟან ჟაკმა მას მერე გაათანაბრა, რაც გიორგის თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია. ათ წუთში მიქაუტაძეს შედევრი გაჰქონდა, მეტოქის მცველს "სომბრეროთი" გადაუგდო თავზე და დაუშვებლად დაარტყა კარში, მაგრამ მეკარემ აიღო. იუსეფ მაზიზმა 84-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი, მაგრამ იმ დროისთვის მიქაუტაძე უკვე შეცვლილი იყო (68-ე წუთზე გამოცვალეს). 

დეკემბერში მეცმა ზედიზედ სამი ამხანაგური მატჩი წააგო (მიქაუტაძემ ერთი გოლი გაიტანა), ფრანგულმა კლუბმა, როგორც იქნა, ეს სერია შეწყვიტა. 27 დეკემბერს ლიგა 2 განახლდება და მეცი ნიორს უმასპინძლებს. გიორგის გუნდი 21 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილზეა და ლიგა 1-ში აღზევების ზონას 7 ქულით ჩამორჩება. 

ამასობაში იტალიური sportal.it წერს, რომ მიქაუტაძის შეძენით ჯენოაა დაინტერესებული, რომ ეს ტრანსფერი ცნობილ კლუბს შესაძლოა, დაახლოებით სამი მილიონი ევრო დაუჯდეს. "ჯენოას ფანებს ვაფრთხილებთ, შესაძლოა "როსობლუში" გოლების მანქანა ჩაირიცხოს". ჯენოა სერია B-ში თამაშობს და 30 ქულით მე-4 ადგილზეა (ამდენივე ქულა აქვს მესამე ადგილზე მყოფ ბარის). სერია A-ში პირდაპირ ორი გუნდი გადადის, მე-3 - მე-4 ადგილებზე გასულები კი პლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩაებმებიან (მე-5 - მე-8 ადგილები პლეი ოფში მეოთხედფინალიდან იწყებენ). საიტის მიხედვით, ჯენოას მასიმო კოდას (6 გოლი ამ სეზონში) კარგი პარტნიორი ესაჭიროება შეტევის ხაზში. 

შეგახსენებთ, რომ 22 წლის გიორგი მიქაუტაძე პირველ სრულფასოვან სეზონს ატარებს მეცის პირველ გუნდში, ნოემბერში მან 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. ამ სეზონში გიორგიმ ლიგა 2-ის 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.  

კომენტარები

ბოლო ამბები