Thumbnail
  • ბრინჯაოს აღების შანსი აქვთ ბექა ღვინიაშვილსა და ლუკა მაისურაძეს
  • წლის დასკვნით ტურნირზე საღამოს ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100 კგ.) ისრაელის ქალაქ იერუსალიმში მიმდინარე მასტერსის ფინალში გავიდა და საღამოს სესიაში (თბილისის დროით 19:00 საათიდან) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

საინტერესოა, რომ სულამანიძემ დილის სესიაში ოთხივე ორთაბრძოლა სრულად ჩაატარა ანუ ტატამიზე 16 წუთი გაატარა და ყველა შემთხვევაში, მეტოქეებს ვაზარით აჯობა.

ილია სულამანიძე და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი

ფინალისკენ მიმავალ გზაზე ილიამ უნგრელი ჩომბორ ვეგი, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი, ისრაელის ნაკრების წევრი პეტერ პალჩიკი და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ჯაფარ კოსტოევი ჩამოიცილა. გადამწყვეტ შეხვედრაში სულამანიძის მეტოქე ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა იქნება.

ამავე წონაში ონისე სანებლიძემ პირველივე წრეში იპონით წააგო უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან, არადა, მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს ვაზარით უგებდა და თავისივე ილეთზე მოჰყვა. ასევე მალე გამოეთიშა მასტერსს გიორგი ბერიაშვილი. ის პირველ წრეში წმინდად დამარცხდა იტალიელ ჯენარო პირელისთან.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინის შებოჭვით მოუგო, რასაც კანადელ კაილ რეიესთან ვაზარით წაგება მოჰყვა და შეჯიბრის ისიც გამოაკლდა.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი, რომლებმაც მიყოლებით წააგეს საფრანგეთის წარმომადგენელ ალექსის მატიუსთან.

მაისურაძემ თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰაელ ზგანკს იაპონით სძლია, გოლდენ სქორში მე-3 შიდო მიაღებინა სერბ ნემანია მაიდოვს, ხოლო მეოთხედფინალში ისრაელის ნაკრების წევრი გაი გურევიჩი ვაზარიზე დასცა და შემდეგ შებოჭა კიდეც. ნახევარფინალში ლუკამ მატიუსთან ვაზარით წააგო და ახლა, უზბეკ დავლატ ბობონოვთან დაპირისპირება ელის.

ბექა ღვინიაშვილს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს

ღვინიაშვილმა საწყის რაუნდებში ვადაზე ადრე მოუთავა საქმე ბერძენ ტეოდოროს ცელიდისსა და ნიდერლანდელ იესპერ სმინკს, მეოთხედფინალში კი ხსენებულ მატიუსთან ვაზარიზე 2-ჯერ დაეცა. ბექამ რეპეშაჟში გურევიჩს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრაზილიელ რაფაელ მასედოს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 90 კგ-ში ტატამიზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური უნდა გვეხილა, თუმცა, ის ტატამიზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ გავიდა.

ქალთა მძიმე წონით კატეგორიაში (+78 კგ.) სოფიო სომხიშვილმა პირველი წრე უბრძოლველად გაიარა, რადგანაც გერმანელი რენე ლუხტი ტატამიზე არ გასულა, შემდეგ კი, პორტუგალიელ როჩელ ნუნიესს ვაზარით აჯობა.

სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტის წინსვლა ამით დასრულდა, რადგანაც ფრანგებთან ზედიზედ 2-ჯერ დამარცხდა. მეოთხედფინალში რომეინ დიკოსთან 3 შიდო მიიღო, რეპეშაჟში კი იპონზე დაეცა ლეა ფონტაინთან.

კომენტარები

ბოლო ამბები