- Ligue 2 BKT-ის ვრცელი ინტერვიუ გიორგი მიქაუტაძესთან
- მიქაუტაძის სომბრერო ამხანაგურში - იტალიური მედია მას ცნობილ კლუბს უკავშირებს
ფრანგული ლიგა 2-ის ოფიციალურმა საიტმა მეცის ქართველ ფორვარდ გიორგი მიქაუტაძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
"ის სეზონში 7 გოლისა და 3 საგოლე პასის ავტორია 14 თამაშში, მეცელი გიორგი მიქაუტაძე Ligue 2 BKT-ის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ის ოლიმპიკ ლიონის სკოლის აღზრდილია. 22 წლის ქართველი საკუთარ ისტორიას გვიყვება", - წერს საიტი.

... მეცის პირველ გუნდში დამკვიდრების პირველ შანსზე: "2017 წლიდან მეცში ვარ და ძალიან მიხარია, რომ ეს შანსი მომეცა. როცა აქ მოვედი, ჩემი მიზანიც ეს იყო. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ამ მიზანს უკვე მივაღწიე, მაგრამ ამ გზით უნდა გავაგრძელო. კარგია, როცა კლუბი გენდობა, საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ. ვერ ვიტყვი, რომ წინა წლებში გუნდს ჩემი იმედი არ ჰქონდა, მათ კარგად იცოდნენ ჩემი მონაცემები, თუმცა ბოლომდე შანსი არ მომეცა. არ ვიცი, რატომ მოხდა ეს, მაგრამ ახლა ყველაფერი გამოსწორდა და ბედნიერი ვარ".
... მეცამდე გავლილ საფეხბურთო გზაზე: "ფეხბურთის თამაში მამაჩემის ეზოში დავიწყე. ის ახლაც მახსენებს ხოლმე, რომ ბავშვობაში სულ ბურთით მხედავდნენ. უკვე 6 წლისა ჟერლანში ვიყავი, სადაც ერთი სეზონი გავატარე, შემდეგ კი ლიონის აკადემიას შევუერთდი და იქ 14 წლის ასაკამდე ვითამაშე. 7 სეზონის მიუხედავად, არ დამტოვეს და სან-პრისტში გადავედი".
...რა დააკლდა ლიონისთვის: "ვფიქრობ, ფიზიკურად არ ვიყავი მზად. ტექნიკა არ მაკლდა, კართან სახიფათოდ ვთამაშობდი, მაგრამ სულ 140 სანტიმეტრი ვიყავი სიმაღლეში. 14 წლისა, ჯერ კიდევ არ ვიყავი ფიზიკურად ჩამოყალიბებული. სხვებთან შედარებით ძალიან დაბალი ვიყავი, სხვაობა ხშირად 30 სანტიმეტრს შეადგენდა. თან ისინი მეტად ათლეტურებიც იყვნენ. მოკლედ, ეს იყო მთავარი პრობლემა".
ლიონში ზოგი ჩემზე 30 სანტიმეტრით მაღალი იყო, ამიტომ შანსი არ მქონდა.
... ლიონზე: "ის მომენტი, როცა ლიონმა ჩემი გაშვება გადაწყვიტა, ახლაც კარგად მახსოვს. ყველაფერი მეზიზღებოდა, ჩემი ქალაქის გუნდმა უარმყო. როცა ლიონელი ხარ, ოლიმპიკში თამაშზე ოცნებობ. ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ არ დავნებებულიყავი და მეც არ დავნებდი, ფეხზე უკვე სან-პრისტში წამოვდექი".
...უცნობი კლუბიდან მეცში მოხვედრაზე: "ამ კლუბში 16 და 17 წლამდელთა გუნდებში ვითამაშე, თუმცა მეორე სეზონში უკვე 19-წლამდელებში მავარჯიშებდნენ და ხანდახან, მათამაშებდნენ კიდეც. იქ ბევრი ჩემსავით დაწუნებული ფეხბურთელი იყო და ეს მეხმარებოდა. ლიონიდან 4 თუ 5 ვიყავით, მათთან კარგი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, ბევრი გოლი გამქონდა, ამან კი გზა გამიკვალა".

...პირველი ნაბიჯები მეცში: "რთული იყო, რადგან აქამდე ოჯახს არ მოვწყვეტილვარ, ახლა კი 16 წლის ასაკში მარტო ვიყავი, ირგვლივ ყველა უცნობი იყო. ამას ისიც დაემატა, რომ პირველი 6 თვე თამაში იშვიათად მიწევდა - სულ 45 ოფიციალური წუთი ვითამაშე. მეცში თავდაჯერებული მივედი, მაგრამ ამან კინაღამ გამტეხა. მაგრამ, კიდევ ერთხელ, არ დავნებდი და ჩემს შანსს დაველოდე. როგორც შანსი მომეცა, გამოვიყენე. მშობლებმა კიდევ ერთხელ დადებითი როლი შეასრულეს ჩემს კარიერაში. ხანდახან რთული ეტაპი უნდა გაიარო, რომ წარმატებული გახდე. ეს შრომის უნარებს გამოგიმუშავებს".
...ტრიუმფული პირველი სეზონი სერენში: "რთული ასახსნელია, რა მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყოველ უქმეებზე გოლებს გავიტანდი, მაგრამ კარგად ვიცოდი, რომ იჯარით სერენში გადასვლის შემდეგ შანსები მექნებოდა. იქ აღმოვაჩინე, რომ ყველას ჩემი ეიმედებოდა, კლუბის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მწვრთნელით დამთავრებული. დიდებული გუნდი გვყავდა, ყველაფერი ბრწყინვალედ ამუშავდა, ერთად გავიზარდეთ. 21 თამაშში 19 გოლი გავიტანე და ჩვენ ელიტაში გადავედით".
...მეორე იჯარა სერენში: "როცა კლუბმა კიდევ ერთი იჯარა შემომთავაზა ბელგიაში, არ გამიპროტესტებია და უსიტყვოდ წავედი. თამაში მჭირდებოდა, თვითრწმენის მატება მჭირდებოდა. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ კარგი შესაძლებლობა იყო. ბევრი სპეციალისტი ამბობდა, რომ ამდენი გოლი პირველ სეზონში იმიტომ გავიტანე, რომ ეს არ იყო პირველი დივიზიონი, მათთვის დამტკიცება მსურდა, რომ ცდებოდნენ. მეცშიც ბევრისთვის მინდოდა ამის დამტკიცება. ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, უფრო რთული იყო. წარმატებას წარუმატებლობა მოსდევდა და ასე შემდეგ, თუმცა 9 გოლი მაინც გავიტანეს. ახალი მწვრთნელების დახმარებით ტაქტიკურად უკეთესი მოთამაშე გავხდი. მეორე სეზონმა სერენში ბევრი მომცა, გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი გავხდი და მრავალმხრივი".
აქ გოლების გასატანად ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი თამაშით 100%-ით კმაყოფილი ვარ.
...მეცში დამკვიდრებაზე: "მიხაროდა, რომ მეცის მაისურითაც შემეძლო გოლების გატანა და ფანების გახარება. ამიტომაც, გადავწყვიტე, კლუბში დარჩენა. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მარტო იჯარით გასაშვები კარგი ფეხბურთელი არ ვიყავი, აქაც შემეძლო წარმატებით თამაში. 7 გოლი 14 თამაშში? რა ვთქვა, მე აქ გოლების გასატანად ვარ. ეს შედეგიანობა სულაც არ მაკვირვებს. სიმართლე გითხრათ, 100%-ით კმაყოფილი არ ვარ ჩემი თამაშით.
...7-მატჩიან "მშრალ" სერიაზე: "რთული დროება იყო. გუნდი ვერ იგებდა, ცუდად თამაშობდა, ჩემი საგოლე შანსებიც შემცირდა, ვერც გამქონდა. ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი. ამ დროს, ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად იყო, კარგად გამოვიყურებოდი, მაგრამ ეს ოფიციალურ მატჩებში არ აისახებოდა. არ დავნებდი და ეს სერიაც შევწყვიტე. თუ ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს არ ჩავთვლით, ყველა ფეხბურთელს აქვს ცუდი პერიოდები კარიერაში".
ცუდი დროება ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს გარდა ყველა ფეხბურთელს აქვს.
...თამაშის რა ასპექტებში აქვს მოსამატებელი: "მსურს, გავხდე, უფრო სტაბილური და უფრო გადამწყვეტი გუნდისთვის. უნდა ავიცილო თავიდან უგოლო სერიები. ამ ყველაფერზე სამუშაოა".
...მიქაუტაძის სათამაშო სტილი: "მეტოქის კართან სწრაფი, ტექნიკური და ეფექტური ვარ. ასევე, ვფიქრობ, რომ ჭკვიანი ფეხბურთელი ვარ. ასევე, ვცდილობ, ნაკლებ კონტაქტში ვიყო მცველებთან, რადგან, ძირითადად, ისინი აღნაგობით აღმემატებიან და დუელებში მეტი შანსი აქვთ. ეს მაძლევს საშუალებას, ვიზავიზე ადრე მოვხვდე საჭირო ზონაში".

...ლიონში მოთამაშე ქარიმ ბენზემასთან მსგავსებაზე: "ქარიმს საოცარი კარიერა აქვს, რომელიც ლიონში იწყებოდა. მან მოიგო ფეხბურთელისთვის საოცნებო პრიზი, "ოქროს ბურთი". ის ჩემი ერთ-ერთი მისაბაძი ფეხბურთელია. კარგია, თუ მადარებენ".
...შეტევაში, რომელი პოზიცია ურჩევნია: "რაც ფეხბურთს ვთამაშობ, სულ 9 ნომერი ვიყავი. ეს ჩემი საყვარელი პოზიციაა. ამ სეზონში, ხან მარცხნიდან ვუტევ, ხან თავდამსხმელის უკნიდან, ხან ერთადერთ ცენტრფორვარდად. ამის გამო არ ვწუხვარ. თავდამსხმელის უკან სულ სხვა ფუნქციები მაქვს და ბურთიც უფრო ხშირად მაქვს. ამ დროს ერთი-ორი შეხებით უნდა გავიდე ფონს და გუნდისთვის მართებული გადაწყვეტილებები მივიღო".
რაც ფეხბურთს ვთამაშობ, სულ 9 ნომერი ვიყავი.
...მთავარი გოლებია და არა პოზიცია: "მთავარი გოლებია და ასე იყო პატარაობიდანვე. ეს ჩემშია. გოლები ყველაზე მეტად მამხიარულებს და მაბედნიერებს. ფორვარდი ვარ და გოლები უნდა გავიტანო, შანსი რომ მომეცემა, ბურთი ბადეში უნდა აღმოჩნდეს".
...საქართველოს ნაკრებზე და საქართველოზე: "საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ჩემი მშობლები გაიზარდნენ და ზოგიერთი ოჯახის წევრი ახლაც ცხოვრობს. ეს იყო ბუნებრივი არჩევანი. როცა ნაკრებში თამაშის შანსი მომეცა, ერთი წამითაც არ მიყოყმანია. იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი, რომ საქართველოს ავირჩევდი, ჯერ ვილი სანიოლს ველაპარაკე, მინდოდა, მისი აზრი მომესმინა ჩემზე. რაც მან მითხრა, ძალიან მომეწონა".
...ნაკრებში თამაში, როგორც ბონუსი: "როცა ნაკრებში მიძახებენ, ყოველ ჯერზე ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, როცა ეროვნული ნაკრების მაისურით გავდივარ მოედანზე. რა თქმა უნდა, დიდი პლუსია, როცა შენთან ერთად ან შენს წინააღმდეგ დიდ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები თამაშობენ. ეს უდიდესი გამოცდილების დაგროვების შანსია. ყოველ ჯერზე, როცა ნაკრებიდან კლუბში ვბრუნდები, ვგრძნობ, რომ გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი".
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, მან საქართველოს ნაკრებში თამაში 2021 წელს გადაწყვიტა, ნაკრების 13 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა. ამ სეზონში მეცის მაისურით ჩემპიონატში და საფრანგეთის თასზე გიორგიმ 16 თამაშში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
კომენტარები