Thumbnail
  • 21 წლის ქართველმა გარემარბმა ბორდოს სპარინგებში თავი კარგად წარმოაჩინა
  • ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა დავითაშვილზე ისაუბრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ზურიკო დავითაშვილი ბორდოსთან ერთად სეზონის განახლებისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველზე, რომელმაც პაუზის დროს ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა და გოლებიც გაიტანა, ბორდოს მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ისაუბრა. 

ზურიკო სეზონის განახლებას კარგ ფორმაში მყოფი ხვდება

ფრანგული ლიგა 2-ის გუნდმა სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ზურიკომ კი გოლები ბრენტფორდსა (2:1) და ბოავიშტასთან (2:0) გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დინამო ბათუმიდან ბორდოში იჯარით მოთამაშე დავითაშვილს ლიგა 2-ში ჩატარებულ 7 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს (კიდევ ერთი გოლი ზურიკომ საფრანგეთის თასზეც შეაგდო) და დავიდ გიონის სურვილიც ის არის, რომ ქართველმა შემტევმა შედეგიანობა ოფიციალურ მატჩებშიც აჩვენოს. 

ზურიკომ პრემიერლიგის გუნდთან თავი გამოიჩინა

"ის ეფექტური იყო სამივე თამაშში და ეს სწორედ ის არის, რაც მე მინდა. ის ძლიერია დასკვნით ფაზაში და მინდა, რომ უფრო მეტი ინდივიდუალიზმი წარმოაჩინოს, რათა თავისი უნარებით ჩვენს შეტევას სარგებლობა მოუტანოს. ამ დროისთვის მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ეს არასაკმარისია. მისი უნარებიდან და იმ მომენტების სიმრავლიდან გამომდინარე, რომლებსაც ქმნის, უფრო მეტი უნდა გაიტანოს. მას ბევრი მომენტის შექმნა შეუძლია. 

ჩვენი გუნდის სხვა მოთამაშეების მსგავსად, ზურიკოსაც შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. არ ვიცი, შესაძლოა ლიდერობაც, მაგრამ ის ნამდვილად არის ტექნიკური მოთამაშე, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ", - თქვა ბორდოს მწვრთნელმა.

დავითაშვილს საქართველოს ნაკრების 22 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს

საფრანგეთის ლიგა 2-ში გასული 15 ტურის შემდეგ, ბორდოს 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა. ზურიკოს გუნდი ჩემპიონატს 26 დეკემბერს, ლიდერ ლე ავრთან (32 ქულა) გასვლითი მატჩით განაახლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები