Thumbnail

ძიუდო | სულამანიძე მსოფლიოში პირველია! ცვლილებები IJF-ის რეიტინგში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ილია სულამანიძე 100 კგ-მდე წონითი კატეგორიის კლასიფიკაციაში გალიდერდა
  • შვიდიდან სამ წონაში რეიტინგის პირველ ადგილზე ქართველი ძიუდოისტები იმყოფებიან
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) განახლებულ რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. 21 წლის სულამანიძე 100 კგ-მდე წონითი კატეგორიის ლიდერი იერუსალიმის მასტერსზე გაჩემპიონების წყალობით გახდა. ილიამ პრესტიჟულ ტურნირზე ხუთ მეტოქეს ისე აჯობა, რომ გდებაც კი არ გაუშვია და 1 800 ქულა გამოიმუშავა.

შედეგად, ქართველმა ძიუდოისტმა 5 752 ქულა მოაგროვა და მეხუთედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ცნობისთვის, მე-2 პოზიციაზე მიხაელ კორელია (ნიდერლანდები, 5 325), შემდეგ კი, აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი (5 321), პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა (5 080) და ისრაელის ნაკრების ლიდერი პეტერ პალჩიკი (4 508) მოდიან. ამავე წონაში ვარლამ ლიპარტელიანი (3 531) მე-10 ადგილზეა, ონისე სანებლიძე (3 080) მეთოთხმეტეა, ხოლო გიორგი ბერიაშვილი (1 430) – 30-ე.


სულამანიძის დაწინაურების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში პირველ პოზიციაზე მყოფი ქართველი ძიუდოისტების რიცხვი სამამდე გაიზარდა. 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში კიდევ უფრო დაწინაურდა ტატო გრიგალაშვილი (9 296), რომელმაც იერუსალიმში ასევე ოქროს მედალი მოიპოვა.

საინტერესოა, რომ გრიგალაშვილის შედეგი საუკეთესოა კაცთა და ქალთა ყველა წონით კატეგორიაში, მისი უახლოესი მდევრები კი ბელგიელი მატიას კასე (7 845), აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საეიდ მოლაეი (5 924), ბრაზილიელი გილერმე შმიდტი (4 468) და უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი (4 013) არიან. ამავე წონაში გიორგი შერაზადიშვილი (1 010) 44-ეა.

73 კგ-მდე წონითი კატეგორიის სათავეში კვლავაც ლაშა შავდათუაშვილია 6 615 ქულით, რომელსაც კვალში აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი (6 070), მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (5 810), იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო (4 310) და ბრაზილიელი დანიელ კარნინი (3 722) უდგანან. ამ წონაში გიორგი ტერაშვილს (2 442) მე-16 საფეხური უკავია.

ტატო გრიგალაშვილმა მასტერსის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საეიდ მოლაეი დაამარცხა

60 კგ-ში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი სარდალაშვილს აქვს. მან იერუსალიმში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო, 1 ადგილით დაწინაურდა და 3 574 ქულით მეშვიდეა. თემურ ნოზაძეს (2 867) მე-11 ადგილი უკავია, ლუხუმ ჩხვიმიანს (2 561) – მე-13, ხოლო ჯაბა პაპინაშვილს (1 496) – 35-ე.

ამ წონაში ლიდერთა ხუთეული ასე გამოიყურება: იუნ ვეი იანგი (ტაივანი, 7 045), რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია, 4 620), ჰარიმ ლი (სამხრეთ კორეა, 4 580), ბალაბაი აღაიევი (აზერბაიჯანი, 3 902), ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი, 3 794).

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში 4 170 ქულით მე-6 ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი, რომელსაც მოლდოველი დენის ვიერუ (7 484), მონღოლი ბასხუუ იონდონოპერენლეი (5 148), ისრაელის ნაკრების წევრი ბარუხ შმაილოვი (5 001) და იაპონელი ჰიფუმი აბე (4 245) უსწრებენ. ამავე წონაში გიორგი თუთაშვილი (920) 44-ეა, ბაგრატ ნინიაშვილი (899) კი – 48-ე.

გასულ მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ, რომელიც 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. შედეგად, ის 4 865 ქულით მე-4 ადგილამდე აღზევდა (3 პოზიციით დაწინაურდა), ბექა ღვინიაშვილი კი, რომელმაც იერუსალიმში მე-3 ადგილისთვის შეხვედრა წააგო, 5 593 ქულით მესამეა. ამავე წონაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (4 000) მე-7 ადგილზეა, ლიდერები კი უზბეკი დავლატ ბობონოვი (6 298) და იაპონელი სანშირო მურაო (5 800) არიან.

ლუკა მაისურაძემ იერუსალიმში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) 4 699 ქულით მე-2 პოზიცია შეინარჩუნა გურამ თუშიშვილმა, რომელიც მხოლოდ ტაჯიკ ტემურ რახიმოვს (6 024) ჩამორჩება, ქართველი ძიუდოისტის უახლოესი მდევრები კი კუბელი ენდი გრანდა (4 432), ნიდერლანდელი იურ სპიიკერსი (4 413) და იაპონელი კოკორო კაგეურა (4 300) არიან. ამავე წონაში გელა ზაალიშვილი (3 116) მეცამეტეა, საბა ინანეიშვილი (865) – 42-ე, ხოლო ლევან მატიაშვილი (819) – 46-ე.

ქალთა კლასიფიკაციაში ეთერ ლიპარტელიანი (4 592) 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-7 ადგილზეა, ხოლო სოფიო სომხიშვილი (2 153) მძიმე წონაში (+78 კგ.) მეცხრამეტეა.

ძიუდოს რეიტინგში მორიგ ცვლილებებს უკვე გაისად უნდა ველოდეთ: 27-29 იანვარს პორტუგალიური ალმადა გრან პრის უმასპინძლებს, 4-5 თებერვალს კი, პარიზის გრანდ სლემია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები