- საქართველოს ნაკრების კაპიტანი თელ ავივთან მატჩში მომხდარი ინციდენტისთვის დასაჯეს
- მსაჯებმა ეს ეპიზოდი ვერ დაინახეს, თორემ მერაბი გაძევებას ვერ გადაურჩებოდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და შავი ლომის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. RugbyPass-ის ცნობით, მიზეზი ის ინციდენტია, რომელიც რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში, ისრაელის წარმომადენელ თელ ავივ ჰითთან მოხდა.
მატჩის 28-ე წუთზე ქართული ფრენჩაიზი 15:3-ს იგებდა, როდესაც არბიტრმა სტუმრები დააჯარიმა. თამაშის გაჩერების შემდეგ, 29 წლის შარიქაძე თანაგუნდელებისკენ ბრუნდებოდა, როდესაც მას გვერდით ჰითის მგეზავმა ჯორდან ხაიტმა ჩაუარა და როგორც სჩანს, რაღაც უთხრა.
ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ მერაბ სწრაფად შეტრიალდა, სამხრეთაფრიკელ მორაგბეს წამოეწია და სახეში თავი ჩაარტყა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მინდორზე დაეცა. შარიქაძის ბედად, ეს ეპიზოდი მსაჯებს არ დაუნახავთ, საქმეში არც ვიდეო-რეფერი ჩარეულა და ქართველი მორაგბე გაძევებას გადარჩა, არადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შავ ლომს ძალიან გაუჭირდებოდა. ასე კი, ქართულმა ფრენჩაიზმა თამაში სრული შემადგენლობით გააგრძელა და სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო – 29:17.
“ამ გუნდს უხეშობა ახასიათებს. საკმაოდ ბინძურად და არასპორტულად თამაშობენ, იგინებიან და პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობენ, ამდენად, ხანდახან ძნელია თავის მოთოკვა. მათი მიზანიც ესაა, რომ პროვოკაციაზე წამოგაგონ და ზოგჯერ ღირსებას ისე ეხებიან, რომ თავის შეკავება რთულია“, - ეს კომენტარი შარიქაძემ სწორედ თელ ავივ ჰითთან მატჩის მერე გააკეთა და როგორც სჩანს, ამის სრული საფუძველი ჰქონდა.
საინტერესოა, რომ მეტოქისთვის სახეში თავის ჩარტყმა, როგორც წესი, 10-კვირიანი დისკვალიფიკაციით ისჯება, თუმცა, ვინაიდან შარიქაძე უხეში მორაგბე არაა და ასე ვთქვათ, “სუფთა წარსული” აქვს, სასჯელი ექვს მატჩზე გავრცელდება.
ამდენად, “ბორჯღალოსნების” კაპიტანი დააკლდება რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომავალ თამაშებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი გაისად თებერვალ-მარტში გაიმართება, ქართველი მორაგბეები კი ჯგუფში გერმანიას, ნიდერლანდებსა და ესპანეთს შეხვდებიან.
კომენტარები