Thumbnail
  • სერბულ პრესაში ქართველი ცენტრის ევროპაში დაბრუნება დააანონსეს
  • გოგა ბითაძის აგენტმა მიშკო რაზნატოვიჩმა ეს ცნობა უარყო

ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ევროპაში დაბრუნებას არ აპირებს და კარიერას ისევ NBA-ში გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება მისმა აგენტმა გააკეთა.

“გოგა ბითაძე ევროპულ კალათბურთს არ უბრუნდება, ამის შესახებ არც კი გვიფიქრია”, - დაწერა მიშკო რაზნატოვიჩმა სოციალურ ქსელში.

ინფორმაცია, რომ ბითაძე შესაძლოა, ევროპულ კლუბში გადმოსულიყო, სერბულ პრესაში გაჩნდა. კონკრეტულად კი, გოგა ბელგრადის ცრვენა ზვეზდას დაუკავშირეს, რომელსაც ტრავმის გამო, 27 წლის ამერიკელი ცენტრი ჰასან მარტინი გამოაკლდა.

ქართველი ლეგიონერის აგენტმა აღნიშნული განცხადება კი გააკეთა, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბითაძის კარიერაში რაღაც შესაცვლელია, რადგანაც მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლა ძალიან იშვიათად უწევს.

მიშკო რაზნატოვიჩმა გოგა ბითაძის ევროპაში დაბრუნება გამორიცხა

გოგა ინდიანიაში უკვე მე-4 სეზონს ატარებს, თუმცა, ვერაფრით იქცა სასტარტო ხუთეულის წევრად, მიმდინარე ჩემპიონატში კი, თითქმის მუდმივად, სათადარიგოთა სკამზე ზის. არც ის ყოფილა გასაკვირი, რომ პეისერსმა გოგასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა და ამ სეზონის შემდეგ, მას ახალი გუნდის მოძიება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის გოგა ბითაძე NBA-ს 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად აირჩიეს. 2019 წლის 15 ივლისს მან პეისერსთან მრავალწლიანი (ახალბედის) კონტრაქტი გააფორმა. 2020 წლის დეკემბერში ინდიანამ ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა, 2021 წლის ოქტომბერში კი – კიდევ ერთი წლით. 

NBA-ს გასულ სეზონში ბითაძემ 50 მატჩში (16 სასტარტოში) ითამაშა. ის საშუალოდ 7.0 ქულას, 3.5 მოხსნას, 1.1 პასსა და 0.8 დაფარებას აკეთებდა. ქართველი ცენტრისთვის საუკეთესო სეზონის მეორე ნახევარი იყო - მარტსა და აპრილში მან ზედიზედ 10 მატჩში 10 და მეტი ქულა ჩააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები