Thumbnail

ახლახან, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალურ პროგრესზე და მის პროფესიონალიზმზე ისაუბრა. თუმცა ინტერვიუს მეორე ნაწილი, რომელიც ევროპულ მედიაში დღეს გამოაქვეყნეს, უკვე საქართველოს ნაკრებს და მის პერსპექტივებს ეხება. 

...ნაკრების სხვა ტალანტებზე: "ფეხბურთელის "აფეთქება" სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული - კლუბზე, მწვრთნელზე, მიცემული შანსის სიდიდეზე. ხვიჩას გარდა ქვეყანაში გვყავს საინტერესო ახალგაზრდები. პირველ რიგში, ლუკა პარკაძე, რომელიც მალე ბაიერნის აკადამიაში იქნება. მას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა დიდი შრომა დასჭირდება. არიან 20-21 წლის ბიჭები, რომელთაც შეუძლიათ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე თამაში". 

...ერთა ლიგაში ტრიუმფზე: "ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნებს დავისახავთ. რა თქმა უნდა, რასაც მივაღწიეთ C ლიგაში არ იყო აუცილებლად მოსალოდნელი, რადგან ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია კარგი გუნდები არიან. მაგრამ ჩვენ საკუთარი თავი კარგად გამოვავლინეთ ამ ტურნირზე. ეს აჩვენებს, რომ ჩემი ფეხბურთელები პროგრესირებენ".

...ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფზე: "ამ ჯგუფიდან პირდაპირ გასვლა რთული იქნება - ჯგუფში ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია და კვიპროსია. ესპანეთი, რა თქმა უნდა, უძლიერესი ნაკრებია ჯგუფში, არც სხვები არიან სუსტები. ველი, რომ ჯგუფი ძალიან დაბალანსებული გამოვა, ჩვენ გვექნება პლეი ოფიდან ევროზე გასვლის შანსები. არ ვიცი, რამდენად გამოგვივა, თუმცა ეს საქართველოსთვის დიდი მომენტი იქნებოდა". 

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა 2024/25 წლების სეზონში B ლიგაში თამაშისა და ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. თუმცა მანამდე ამავე ტურნირის კლასიკური საკვალიფიკაციო ეტაპია, რომელშიც საქართველო A ჯგუფშია (ესპანეთთან, ნორვეგიასთან, კვიპროსთან და შოტლანდიასთან ერთად). ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები პირდაპირ მოიპოვებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურებს, დანარჩენი სამი საგზური კი 2024 წლის მარტში პლეი ოფში გათამაშდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები