Thumbnail
  • ბოსტონი 139:118 მილუოკი
  • მატჩის გმირი ჯეისონ ტეიტუმი გახდა, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო

NBA-ს საშობაო ტურში ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ბოსტონში შედგა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსი სელტიკსს გაეჯიბრა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით წააგო – 118:139.

საინტერესოა, რომ მე-3 მეოთხედის მიმდინარეობისას ბოსტონელები მხოლოდ ერთ ქულას იგებდნენ, როდესაც ჯეისონ ტეიტუმის მეთაურობით საოცარი სპურტი მოაწყვეს და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე უკვე 100:86 ენთო. თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.

ჯეისონ ტეიტუმი იანის ანტეტოკუნმპოს წინააღმდეგ

ტეიტუმმა მხოლოდ მე-3 თორმეტწუთეულში 20 ქულა ჩააგდო, საბოლოოდ კი, 41 ქულა მიითვალა და სელტიკსს სეზონში 24-ე გამარჯვებაში დაეხმარა. შედეგიანი თამაში (29 ქულა) ჰქონდა ჯეილენ ბრაუნსაც, მილუოკელთაგან კი იანის ანტეტოკუნმპო (27 ქულა, 9 მოხსნა) და ჯრუ ჰოლიდეი (23 ქულა) გამოირჩნენ.

მატჩის მიწურულს მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა, რომელშიც იანისი  და ჯეილენ ბრაუნი იყვნენ ჩართულნი, თუმცა, თანაგუნდელებმა მათი გაშველება მოახერხეს. შედეგად, ბერძენმა ვარსკვლავმა ტექნიკური ფოლი მიიღო.

📺 იანისისა და ბრაუნის კონფლიქტი

მამუკელაშვილი მოედანზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. სანდრომ მოედანზე 4 წუთი გაატარა და თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა.

მილუოკის 22 მოგების წილ 11 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა (ლიდერი სწორედ სელტიკსია), მომდევნო შეხვედრას კი 29 დეკემბერს ჩიკაგოში ბულსთან ჩაატარებს. წლის ბოლომდე ბაქსი კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს, 31 დეკემბერს, შინ, მინესოტასთან.

📺 ბოსტონი V მილუოკი

კომენტარები

ბოლო ამბები