Thumbnail
  • კლივლენდ კავალიერსი 117:125 ბრუკლინ ნეტსი
  • ბრუკლინმა ზედიზედ მე-9 თამაში მოიგო
  • კევინ დურანტმა სპურსის ლეგენდა ტიმ დანკანს გადაასწრო

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ტოპ-მატჩში ბრუკლინ ნეტსმა კლივლენდ კავალიერსი დაამარცხა. 125:117 მოგებულ შეხვედრაში კევინ დურანტმა და კაირი ირვინგმა ერთად 64 ქულა დააგროვეს. KD-მ სულაც რამდენიმე პირადი რეკორდი იზეიმა.

NBA-ს ისტორიის წიგნებში პირველი ცვლილება ამ მატჩის პირველივე მეოთხედის შუაში შევიდა: დურანტმა ლეგენდარულ ტიმ დანკანს (26 496 ქულა) გადაასწრო და ყველა დროის რეიტინგში ახლა უკვე მე-15 ადგილზეა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მე-10 ადგილიდან მე-15 პოზიციამდე დიდი სხვაობები არ არის, დურანტს ამ სეზონშივე შეუძლია საუკეთესო ათეულში შესვლა.

ამავდროულად, KD-მ ყველა დროის სამქულიანების ბომბარდირებში კობი ბრაიანტს (1 827 სამიანი) გადაასწრო და 21-ე ადგილზე აღზევდა. საბოლოოდ დურანტმა კლივლენდთან 32 ქულა (10/18, 5/8 სამქულიანი), 9 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. 6 ფოლის გამო მან ჯამში 36 წუთზე მეტი ვერ ითამაშა.

ძალიან კარგი თამაში ჰქონდა კაირი ირვინგსაც, რომელიც ასევე 32 ქულამდე ავიდა (7/11 სამქულიანი), ტი-ჯეი უორენის აქტივში 23 ქულაა. კლივლენდიდან კი შესანიშნავი იყო დარიუს გარლენდი, რომელმაც ბრუკლინს 46 ქულა ჩაუგდო (14/20, პლუს 8 ასისტი). თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. 

სეზონის საშინელი სტარტის შემდეგ ბრუკლინს ახლა ზედიზედ 9 მატჩი აქვს მოგებული და ეს NBA-ს მიმდინარე სეზონში მოგებათა ყველაზე გრძელი სერიაა. ამასთან, ეს ნეტსის პირველი 9-მატჩიანი მოგებათა სერიაა ისტორიული პირადი რეკორდის შემდეგ, რომელიც ბრუკლინელებმა 2006 წელს დაამყარეს, როცა ზედიზედ 14 თამაშის მოგება შეძლეს.

კომენტარები

ბოლო ამბები