- შახტარის მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ქართველ ახალწვეულზე ისაუბრა
- იგორ იოვიჩევიჩს 21 წლის მცველის თამაშის უკრაინაში ნახვა აინტერესებს
- 'დონეცკის შახტარში რამდენიმე მიზანი მაქვს' - ინტერვიუ გიორგი გოჩოლეიშვილთან
საქართველოს ნაკრების 21 წლის მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარს მომავალი წლიდან შეუერთდება. საბურთალოს ყოფილმა ფეხბურთელმა უკრაინულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გააფორმა, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ შახტარის მთავარმა მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.
"დრო გვიჩვენებს. როდესაც მისი მახასიათებლები ვნახეთ, მივხვდით, რომ ჩვენთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. სწრაფი, ამტანი და აგრესიულია, ზუსტია დამაგვირგვინებელ ფაზაში, დარტყმა როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფეხით შეუძლია და გოლებსაც იტანს.
უკეთეს ლიგაში გადასვლით (საქართველოს ჩემპიონატიდან უკრაინის ჩემპიონატში), პროგრესის შესაძლებლობა ექნება. ვნახოთ, როგორც გაუმკლავდება კონკურენციას, რომლის წინაშეც აღმოჩნდება. ძალიან საინტერესო იქნება.
ვერ ვიტყვით, რომ გავძლიერდით, სანამ არ ვნახავთ უკრაინის საფეხბურთო მოედნებზე მის თამაშს. ის ჯერ ახალწვეულია", - თქვა 49 წლის ხორვატმა სპეციალისტმა, რომელიც დონეცკის კლუბს ზაფხულიდან მოყოლებული წვრთნის.
გიორგი გოჩოლეიშვილი საბურთალოს აკადემიის აღზრდილია. მან კლუბის მაისურით 2022 წლის ეროვნული ლიგის 30 მატჩში 4-4 გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ახალგაზრდა მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 17 ნოემბერს, მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში (0:3) ჰქონდა.

უკრაინის ჩემპიონატში 15 ტურის მატჩებია ჩატარებული, შახტარს კი მხოლოდ 13 თამაში აქვს გამართული და 30 ქულით მე-2 ადგილზეა. ლიდერი დნიპრო-1 გახლავთ, რომელსაც ერთი შეხვედრით მეტი და 35 ქულა გააჩნია. დონეცკელები უკრაინის პრემიერლიგაში მომდევნო მატჩს 4 მარტს, ხარკოვის მეტალისტთან ჩაატარებენ, თებერვალში კი ევროპა ლიგის პლეი ოფი ელით ფრანგულ რენთან.
კომენტარები