- მუნდიალის ფინალის შემდეგ მესისთვის 'ბიშტის' ჩაცმამ ბევრი გააღიზიანა
- კატარელებმა ბევრი ითმინეს და კრიტიკოსებს პასუხის ახლაღა გასცეს
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი ლოლვა რაშიდ მოჰამედ ალ-ხატერი იმ უკმაყოფილებას გამოეხმაურა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გამართულ დაჯილდოვებაზე ლიონელ მესისთვის ტრადიციული არაბული სამოსის ("ბიშტი") ჩაცმამ გამოიწვია.
“ფინალის შემდემ მესის ბიშტში გამოჩენამ ევროცენტრიზმის მომხრეები ლამის გააგიჟა. ეტყობა არ იციან, რომ მათი გამოსაშვები მანტიებიც არაბული ტრადიციებიდან მოდის. მუსლიმები ამ სამოსს ჯერ კიდევ 859 წელს ალ-ქარავიიინის უნივერსიტეტში ატარებდნენ, რომელიც სხვათა შორის ქალმა დააარსა. თუ ეს თქვენი კოლონიალური აზროვნებისთვის უკვე მეტისმეტია”, - დაწერა ტვიტერში ალ-ხატერმა, რომელიც კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი ქალია, ვისაც მინისტრის თანაშემწის პოსტი უკავია.
შეგახსენებთ, რომ სანამ ფიფას პრეზიდენტი ლიონელ მესის მსოფლიო თასს გადასცემდა, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა საჩუქარი კატარის ამირასგან მიიღო: შეიხმა ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ ლეოს კატარული ნაციონალური სამოსი ჩააცვა. “ბიშტი” აქლემის ბეწვისგან კეთდება და კატარში მაღალი ფენის წარმომადგენლებს აცვიათ ხოლმე.
მესის აშკარად ეტყობოდა, რომ ამ იდეით აღფრთოვანებული არ იყო და “ბიშტის” ჩაცმა დიდად არ უნდოდა, მაგრამ მსოფლიო თასი უნდა აეწია და ამაზე ბევრი აღარ უფიქრია. მესისთვის “ბიშტის” ჩაცმის იდეა ფეხბურთის ბევრმა ლეგენდამ გააკრიტიკა, სოციალურ ქსელში ბევრი პოსტი გაჩნდა და როგორც სჩანს, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაც თავი ვეღარ შეიკავა, რომ მათთვის პასუხი არ გაეცა.
კომენტარები