- 30 წლის ფეხბურთელი ბედნიერი და ამაყია, რომ ბარსელონაში თამაშობს
- სერხი რობერტოს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება სურს
ბარსელონას ვიცე-კაპიტანი სერხი რობერტო სიამაყით აცხადებს, რომ საყვარელი კლუბის მაისურით თამაშის შესაძლებლობისთვის ხელფასის მნიშვნელოვნად დაკლებაზეც კი წავიდა. 30 წლის ფეხბურთელს, რომელსაც კატალონიელებთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება, კონტრაქტის გახანგრძლივება და კლუბში კიდევ დიდხანს დარჩენა სურს.
"ამჟამად იმდენს ვიღებ, რამდენსაც დუბლების მოთამაშე, თუმცა ვამაყობ ამით, რადგან აქ ყოფნა მინდოდა და დღეს ბედნიერი ვარ. ჩემთვის ეკონომიური მხარე მნიშვნელოვანი არ არის. მსურდა სიამოვნება მიმეღო, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ერთწლიანია", - ამბობს სერხი ესპანურ მედიასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონას მთავარ მწვრთნელს ჩავის სერხი რობერტოსთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს და აპირებს, კლუბის ხელმძღვანელობას აზრი შეაცვლევინოს, რომელსაც ფეხბურთელთან ივნისში განშორება აქვს გადაწყვეტილი. ჩავი აფასებს იმას, რომ სერხი რობერტოს განსხვავებულ პოზიციებზე (დაცვასა და ნახევარდაცვაში) თამაში შეუძლია და ტრავმების მიუხედავად, ფეხბურთელის ხარისხით კმაყოფილია.

"კონტრაქტის გახანაგრძლივება მინდა. ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ გვქონია, მაგრამ ჩავიმ უკვე მითხრა, რომ გუნდში ჩემი შენარჩუნება სურს", - ამბობს ესპანელი ფეხბურთელი.
სერხი რობერტო ბარსელონას სისტემაში 2006 წლიდანაა და პროფესიონალურ დონეზე სხვაგან არსად უთამაშია. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ჯამში 12 მატჩში ითამაშა და 2-2 გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.
კომენტარები