Thumbnail

ჩიმაევი: გურამის შესახებ ეს ბევრმა არ იცის, თვითონ არასდროს იტყვის

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ხამზატ ჩიმაევმა და ანდრეას მაიკლმა გურამ ქუთათელაძის შესახებ ისაუბრეს
  • ჩეჩენის თქმით, ქართველს წინა ბროლის დროს სერიოზული პრობლემები ჰქონდა

ხამზატ ჩიმაევმა (12-0) და MMA კლუბი 'ALL Stars-ის' მთავარმა მწვრთნელმა ანდრეას მაიკლმა გურამ ქუთათელაძის (12-3) შესახებ ჩეჩენის იუთუბ არხის ვლოგში ისაუბრეს. 

ხამზატმა და 'გენერალმა' გურამის ამჟამინდელი ფორმა შეაფასეს და ქართველი მებრძოლის პრობლემებზე ისაუბრეს. 

ხამზატ ჩიმაევი: "გურამი ძალიან კარგად გამოიყურება. კარგ ფორმაშია, ძლიერია, სწრაფი. ახლა ერთად ვვარჯიშობთ, ჩვენი ბოლო ბრძოლების წინ ერთმანეთში არ გვისპარინგია. ბევრმა ადამიანმა არ იცის, ქუთათელაძეს ბოლო ჩხუბის წინ უამრავი პრობლემა ჰქონდა, ამაზე ლაპარაკი არ უნდა და არც არასდროს ისაუბრებს. მამამისს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, გურამიც გერმანიაში იყო და მშობელს ეხმარებოდა. შემდეგ უკვე მას ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და მკურნალობდა. ახლა კარგადაა, არაფერი სჭირს და ბრძოლაზე სრულად კონცენტრირებულია. წინა მატჩისას ჩხუბზე ვერ ფიქრობდა, რადგან მისთვის ოჯახი ყველაფერზე მაღლა დგას. თან ბრძოლამდე 4 კვირით ადრე ოპერაცია გაიკეთა. საბედნიეროდ უკვე ოჯახიც კარგად ჰყავს, თვითონაც ჯანმრთელია. როცა ჩხუბი მაქვს, ყოველთვის ჩემ გვერდითაა, სულ მეხმარება. ჩვენ ასე ვცხოვრობთ: ის მე მეხმარება, მე მას, მე და გურამი ერთად ვიზრდებით. თან ყოველდღიური კონკურენციაც გვაქვს და სულ გვინდა ერთმანეთი გავაძლიეროთ." 

ანდრეას 'გენერალი' მაიკლი: "გურამის ჩხუბში მცირე ცვლილებები შევიტანეთ, მისი ყველა მწვრთნელი ვეხმარებით. სპარინგებში საოცრად გამოიყურება, წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. ის მეტს იმსახურებს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი მებრძოლია, არამედ იმიტომ, რომ კარგი მოსწავლეა, კარგი თანაგუნდელი და კარგი ადამიანი. ყოველთვის, როცა ხამზატს ჩხუბი აქვს, მასავით არავინ ეხმარება. ასე ხდება, ჩემპიონი ვერასდროს გახდები, თუ სხვას არ ეხმარები და სხვა არ გეხმარება. ხამზატსა და გურამს კონკურენტული სული აქვთ. ხამზატი იტყვის, მივალ და ბოლოჯერ გავაკეთებო, მერე გურამი მიდის და აკეთებს, მერე ისევ ხამზატი და იმდენს აკეთებენ, რომ ხშირად მითქვამს, ბიჭებო, იქნებ სახლში გაგვიშვათ მეთქი." 

გურამ ქუთათელაძე UFC-ში მესამე ბრძოლას 22 იანვარს ბრაზილიაში, ადგილობრივი სპორტსმენი ტიაგო მოიზესის (16-6) წინააღმდეგ გამართავს. დიდი შანსია, ამ მატჩში გამარჯვებული ორგანიზაციის მსუბუქი წონის რეიტინგის ტოპ 15-ის წევრი გახდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები