Thumbnail
  • 2023 წელი ქართული სპორტისა და მისი ქომაგისთვის ძალიან საინტერესოა
  • მსოფლიოს ჩემპიონატები კალათბურთსა და რაგბიში, ევრო 2024-ის შესარჩევი
  • საქართველო რუმინეთთან ერთად U21 ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
  • ორ ქართველ მებრძოლს UFC-ის ქამრისთვის ბრძოლის მიღების კარგი შანსი აქვს

2023 წელი ქართული სპორტის ქომაგს არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას უმზადებს.

პრაქტიკულად, ახალი წლის პირველი დღეებიდანვე მოგვიწევს გულშემატკივრობის გაგრძელება ჩვენი ლეგიონერებისთვის - ხვიჩა კვარაცხელიასთვის (ნაპოლი), გიორგი მამარდაშვილისთვის (ვალენსია), ზურიკო დავითაშვილისთვის (ბორდო), გიორგი მიქაუტაძისთვის (მეცი), გოგა ბითაძისთვის (ინდიანა პეისერსი), სანდრო მამუკელაშვილისთვის (მილუოკი ბაქსი), თორნიკე შენგელიასა (ვირტუსი) თუ გიორგი შერმადინისთვის (ტენერიფე).

4 იანვარს ხვიჩა კვარაცხელიას სტუმრად მილანში ინტერთან შეხვედრა ელის

ზაფხულში ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ითამაშებენ: საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი (ჩემპიონთა ლიგა), ვიცე-ჩემპიონი დინაო ბათუმი, ბრინაჯოს პრიზიორი გორის დილა და საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის ტორპედო (სამივე კონფერენსლიგაზე), პლანეტისა თუ კონტინენტის პირველობებზე იასპარეზებენ და მედლებს კვლავაც დაისაკუთრებენ ჩვენი ძიუდოისტები, მოჭიდავეები, ძალოსნები და ა.შ. 

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

ქვემოთ 2023 წლის ხუთ გამორჩეულ სპორტულ მოვლენას დავასახელებთ, რომელთა მიმართ ქართული სპორტის ქომაგს გამორჩეული მოლოდინი აქვს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური

📅 23 თებერვალი | 🏀 ნიდერლანდები V საქართველო

📅 26 თებერვალი | 🏀 საქართველო V ისლანდია

📅 25 აგვისტო-10 სექტემბერი | 🏀 ინდონეზია, იაპონია და ფილიპინები

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კარგი შანსი აქვს, ისტორიაში პირველად პლანეტის პირველობაზე ითამაშოს. თუკი ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი შესარჩევ ციკლში დარჩენილ ორ თამაშს მოიგებს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურს გაინაღდებს. 

ილიას ზუროსს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორი გამარჯვება აშორებს

საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებს ეთამაშება, 26-ში კი შინ დასკვნით მატჩში ისლანდიას მიიღებს. შესაძლოა, ჩვენს გუნდს ამ ორ თამაშში ერთი გამარჯვებაც ეყოს, ოღონდ, ამ შემთხვევაში, უკვე სხვა მატჩების შედეგებზეც ვიქნებით დამოკიდებული.

უფრო კონკრეტულად: L ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე განაღდებული აქვთ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთსა (15 ქულა) და იტალიას (14). ჯგუფიდან გამსვლელ მე-3 ადგილს საქართველოს (12) ისლანდია (12) და უკრაინა (11) ეცილებიან, ამასთან, უკრაინელები კონკურენტებს 1 გამარჯვებით ჩამორჩებიან, თუმცა, მათი პლუსი ისაა, რომ ორივე დარჩენილი თამაში მოტივაციადაკარგულ მეტოქეებთან – იტალიასთან და ნიდერლანდებთან (8) ელით.

თებერვლის მატჩებში შერმადინსა და შენგელიაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი კალათბურთში აზიის სამ ქვეყანაში - ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში პლანეტის 32 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. ამ დროისთვის ტურნირს საგზური 17 ქვეყანას აქვს მოპოვებული. ფინალური ეტაპის წილისყრა, რომელიც თებერვალში სრულად დაკომპლექტდება, მარტში გაიმართება.

მეექვსედ მსოფლიო თასზე

📅 8 სექტემბერი-28 ოქტომბერი | 🏉 საფრანგეთი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომლისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებული გამოდგა ტიერ1-ის ქვეყნებთან, იტალიასა და უელსთან მოპოვებული გამარჯვებების გამო, ახალ წელიწადს რაგბი ევროპის ჩემპიონატში გამოსვლით დაიწყებს, რომელშიც 8 ნაკრები გამოვა. 

“ბორჯღალოსნები” A ჯგუფში გამოვლენ, სადაც მეტოქეებად ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებები ეყოლებათ. B ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 4-18 თებერვალს გაიმართება. 

"ბორჯღალოსნები" 4 თებერვალს გერმანიას უმასპინძლებენ, 11-ში სტუმრად ნიდერლანდებს დაუპისირპირდებიან, ხოლო 18-ში ესპანეთს ეწვევიან. თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეხუთე-მერვე ადგილის ნახევარფინალებს ითამაშებენ. ნახევარფინალური შეხვედრები 4-5 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 18-19 მარტს გაიმართება და ყველა ადგილი გათამაშდება. ჯგუფები ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ორი წლის ჯამში ბოლო ადგილზე გასული გუნდი "ალაფაზე" დაქვეითდება.

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ისტორიაში მეექვსედ ითამაშებენ

ლევან მაისაშვილის და მისი გუნდის მთავარი გამოწვევა კი მისთვის ისტორიაში მეექვსე მსოფლიო თასია, რომელსაც 2023 წელს საფრანგეთი უმასპინძლებს. ტურნირი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, "ბორჯღალოსნები" კი C ჯგუფში გამოვლენ, სადაც მეტოქეებად უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია ეყოლებათ. საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს ავსტრლიას ეთამაშება, 23 სექტემბერს - პორტუგალიას, 30 სექტემბერს - ფიჯის, ხოლო 7 ოქტომბერს უელსს დაუპირისპირდება.

ბუნებრივია, მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ტესტ-მატჩებს გამართავს. ტიერ1-ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელთანაც "ბორჯღალოსნების" თამაში უკვე გადაწყვეტილია, შოტლანდიაა - შეხვედრა "მერიფილდზე" 26 აგვისტოს ჩატარდება.

ევრო 2024-ზე, ჯერ შესარჩევიდან

ბუნებრივია, 2023 წელი დატვირთულია საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვისაც, რომელიც ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს და შეეცდება, არსებობის ისტორიაში, რომელიც სამ ათეულზე მეტ წელს ითვლის, პირველად მოიპოვოს დიდ საფეხბურთო ფორუმზე (მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე) გამოსვლის უფლება.

საქართველოს ნაკრები 2023 წელს ფიფას რეიტინგში 78-ე ადგილზე შეხვდა

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფშია, სადაც დაპირისპირება ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან მოუწევს. მატჩები მარტიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, ტურნირის საგზურებს კი, რომლის ფინალურ ეტაპს 2024 წელს საფრანგეთი უმასპინძლებს, პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები მიიღებენ. 

საქართველოს ნაკრების კალენდარი 
28 მარტი: საქართველო V ნორვეგია
17 ივნისი: კვიპროსი V საქართველო
20 ივნისი: შოტლანდია V საქართველო
8 სექტემბერი: საქართველო V ესპანეთი
11 სექტემბერი: ნორვეგია V საქართველო
15 ოქტომბერი: საქართველო V კვიპროსი
16 ნოემბერი: საქართველო V შოტლანდია
19 ნოემბერი: ესპანეთი V საქართველო

ვილი სანიოლს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი გზა აქვს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპიდან შეეცდება, თუმცა თუ ეს არ გამოუვიდა, მეორე გზა ერთა ლიგის პლეი ოფი რჩება, სადაც თამაშის უფლება სანიოლის გუნდმა ჯერ კიდევ 2022-ში გაინაღდა.

საშინაო ევროპის ჩემპიონატი

📅 21 ივნისი-8 ივლისი | ⚽ საქართველო, რუმინეთი

საქართველო, რუმინეთთან ერთად, ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელია.  ტურნირის დასკვნითი ეტაპი, სადაც კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს, 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. მატჩები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონსა და "მიხეილ მესხზე", ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის არენასა და ბათუმის სტადიონზე ჩატარდება. ეს უკანასკნელი ტურნირის ფინალური დაპირისპირების მასპინძელიც იქნება.

ბათუმის არენა ტურნირის ფინალური შეხვედრის მასპინძელიც იქნება

რამაზ სვანაძის გუნდი, რომელსაც ტურნირის ფინალურ სტადიაზე თამაში მასპინძლის სტატუსით გარანტირებული აქვს, A ჯგუფში გამოვა, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებები იქნებიან. ქართველი 21-წლამდელები 21 ივნისს პორტუგალიას შეხვდებიან, 24-ში - ბელგიას, ხოლო 27-ში - ნიდერლანდებს. სამივე თამაში “დინამო არენაზე” გაიმართება.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ცხელი ზაფხული ელოდება 

გარდა იმისა, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნიჭიერი მოთამაშეები გამოდიან, დებულების თანახმად, კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში შეუძლიათ 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებს. ამ ასაკობრივ კრიტერიუმს კი ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი აკმაყოფილებს: გიორგი მამარდაშვილი, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი. თუკი ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი საჭიროდ ჩათვლის, მათ ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეუძლიათ.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ტესტმატჩებს ჩაატარებს, თუმცა, ჯერჯერობით მეტოქეთა ვინაობა უცნობია.

UFC-ის ქამარი და ქართველები

📅 22 იანვარი | 🥊 გურამ ქუთათელაძე V ტიაგო მოისესი

📅 19 მარტი | 🥊 რომან დოლიძე V მარვინ ვეტორი

ამ ეტაპზე, UFC-ში 5 ქართველი სპორტსმენი გამოდის. მათგან 4 საკუთარი დივიზიონის რეიტინგის ტოპ 10-ის წევრია, ხოლო მეხუთეს ტოპ 15-ში შესვლას ორი მოგება აშორებს. ვიქონიოთ იმედი, რომ 2023 წელი მათთვის წარმატებული გამოდგება და UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონსაც ვიხილავთ.

მერაბს სუპერმსუბუქ წონაში 8 მოგებისგან შემდგარი სერია აქვს

UFC-ის ქართველ მებრძოლებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მერაბ დვალიშვილს (15-4) აქვს, რომელიც სუპერმსუბუქი წონის მე-3 ნომერია. "მანქანას" ტიტულზე ჩხუბი 2022 წელსაც შეეძლო, თუმცა აქ ჩემპიონი მისი მეგობარი ალჯამეინ სტერლინგია და მერაბი ალჯოს არასდროს დაუპირისპირდება. ამერიკელი წონის შეცვლაზე ფიქრობს, სუპერმსუბუქ წონაში რეიტინგის პირველი ნომერი შონ ო'მალია (16-1), ხოლო მეორე - პიოტრ იანი (16-4). თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, დვალიშვილს ქამარზე ჩხუბმა შესაძლოა ერთი მოგების შემდეგაც მოუწიოს.

მერაბის შემდეგ, ჩემპიონობის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი რომან დოლიძეს (12-1) აქვს. ამჟამად, რომანი საშუალო წონის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო ბრძოლას ლონდონში, 19 მარტს, მეოთხეადგილოსან იტალიელ მარვინ ვეტორის (18-6) წინააღმდეგ გამართავს და თუკი მოიგებს, გახდება რეიტინგის მეოთხე ნომერი, ამის შემდეგ კი შესაძლოა უკვე გაუჩნდეს შანსი, რომ ტიტულისთვის ბრძოლა წონის ჩემპიონთან, ბრაზილიელ ალექს პერეირასთან (7-1) მიიღოს. 

დოლიძემ 2022 წელს UFC-ში სამი ბრძოლა გამართა და სამივე ნოკაუტით მოიგო

მომდევნო ქართველი მებრძოლი, რომელსაც 2023 წელს UFC-ის ტიტულის მოგების შანსი აქვს, ეს ილია თოფურიაა (12-0). ქვემსუბუქ წონაში, რომლის რეიტინგშიც თოფურია მე-9 ადგილს იკავებს, ტიტულზე ბრძოლის არც ისე ბევრი პრეტენდენტია. ილიას წინ რეიტინგში გიგა ჭიკაძეა (14-3) და ბუნებრივია, მასთან ბრძოლა გამორიცხულია. "მატადორს" ქამარზე ჩხუბის მისაღებად, მინიმუმ, 2 მოგება დასჭირდება. საუკეთესო სცენარით, ილია 2023 წლის ბოლოს UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქამარზე ბრძოლის მთავარი პრეტენდენტი უნდა იყოს, ხოლო ტიტულზე 2024 წლის დასაწყისში იჩხუბოს.

საჩემპიონო შანსებით მომდევნო გიგა ჭიკაძეა. ჯერ უცნობია, "ნინძა" ოქტაგონზე გასვლას როდის შეძლებს, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთი სანახაობრივი მოგება გიგას ტიტულის პრეტენდენტის სტატუსს კვლავ მიანიჭებს და კატართან ჩავარდნა ამას ვერ შეცვლის. წონის მეხუთე პოზიციაზე გადასასვლელად, ჭიკაძეს მინიმუმ ერთი, ან მაქსიმუმ 2 მოგება დასჭირდება. ხოლო თუ ამ პოზიციაზე ამაღლდა, იქიდან 1 მოგებაში (ვისთანაც არ უნდა იჩხუბოს) სატიტულო მატჩია.

გურამ ქუთათელაძეს (12-3) 2023 წელს ქამრის მოპოვების შანსი ნამდვილად არ აქნება, თუმცა მისი საბრძოლო დონიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ "ქართველი ვიკინგი" წლის ბოლოს მსუბუქი წონის ტოპ 10-ში ვიხილოთ. საამისოდ გურამს 2023-ში სულ ცოტა სამი ბრძოლის ჩატარება დასჭირდება, უახლოესი შეხვედრა კი მას 22 იანვარს, რიოში, ბრაზილიელ ტიაგო მოისესთან (16-6) მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები