Thumbnail

2022 დასრულდა. წელი, რომელიც სპორტის გულშემატკივარს ალბათ არასოდეს დაავიწყდება - თუნდაც სულ ორიოდე კვირის წინ დასრულებული მუნდიალის და მისი ეპიკური ფინალის გამო. წელს ბევრი დიდი რამ ვნახეთ - ლეო მესის და არგენტინის შესრულებული მისია; იტალიის ნაკრების ტრაგიკული ‘ფეილი’ და ზედიზედ მეორედ მუნდიალის მიღმა დარჩენა; გამარჯვებები და დამარცხებები მსოფლიო ჩემპიონატზე; გოლდენ სტეიტის მორიგი ჩემპიონობა ამჯერად უკვე კევინ დურანტის გარეშე, თავად დურანტის და მისი ბრუკლინ ნეტსის ქაოსი და ცირკი; ჩოგბურთების დიადების წასვლა და კარლოს ალკარასოს დიდი სლემი. დიდი და დიადი ამბების წელი იყო. ამ სტატიაში 2022 წელი TOP-ებისა და FLOP-ების სახით შევაჯამოთ.


TOP: მესი, სკალონი და სრულიად არგენტინა

თუ ფეხბურთის ყურება წელს დაიწყე, ეს თამაში არასოდეს გადაგიყვარდება. 2022 წლის მუნდიალმა გვაჩვენა, თუ რატომ ღირს ამ დიდი ამბისთვის ოთხი წელი ლოდინი და შემდეგ მასზე საუბარი, დავა, გახსენება, იუთუბში ძველი ვიდეობის ნახვა და მსჯელობა. მესიმ და არგენტინამ ისეთი სცენარი დაწერეს, კარგი რეჟისორიც ვერ მოიფიქრებდა. გუნდი ისტორიულ მისიაზე იყო - მესის მუნდიალების წარუმატებლობები უნდა დაესრულებინა. ყველაფერი საუდის არაბეთთან მოულოდნელი მარცხით დაიწყო და, როგორც კარგ ფილმებში ხდება ხოლმე, მთავარი გმირის მიერ საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენით, ნაბიჯ-ნაბიჯ გაძლიერებით, მესის ფეხბურთის ღმერთად საბოლოო შერაცხვით და ისეთი ფინალით დასრულდა, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება.

არგენტინამ და საფრანგეთმა, მესიმ და მბაპემ, ალბათ მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო მატჩი შემოგვთავაზეს. მესის გარდა იქ იყო სხვა ლიონელი, სკალონი, რომელმაც თამაშიდან თამაშამდე მოახერხა სწორი სქემის, საჭირო მოთამაშეების და გამარჯვების ფორმულის პოვნა. იქ იყო კაი მაგრად გიჟი ემილიანო მარტინესი - კაცი, რომელიც მაგრად იღებს პენალტებს და ბოლო წამზე გუნდის ხსნა შეუძლია, თან არგენტინულ ქუჩას განასახიერებს და, როგორც აღმოვაჩინე, დახვეწილ ქართველ (და არაქართველ) ესთეტებს საკმაოდ მაგრად უშლის ნერვებს.

მესის გარდა, ეს გამარჯვება სრულიად არგენტინამ დაიმსახურა. ხალხი სამსახურებიდან წამოვიდა, კრედიტები აიღეს, ბინები და მანქანაები გაყიდეს და კატარის მუნდიალზე მაინც ჩავიდნენ. მესის საგულშემატკივროდ. შედეგად, არგენტინა თითქოს სახლში თამაშობდა. თითქმის 40-წლიანი ტანჯვა და მოლოდინი ტრიუმფით დასრულდა. 2022 წელს თავისი ფერი რომ ჰქონდეს, ის თეთრ-ცისფერი იქნებოდა.

FLOP: კრიშტიანო რონალდო

მესის და რონალდოს შედარება იმდენად უაზრო და მომაბეზრებელი საქმეა, არ მიყვარს და ყოველთვის თავს ვარიდებ ხოლმე. თუმცა, წელს ეს დუეტი ერთ კატეგორიაშია - ერთ კონტექსტში განხილვას ვერ ავცდებით. მაშინ, როცა მესი მსოფლიოს ჩემპიონია, რონალდოს პორტუგალია უსახელოდ გავარდა მაროკოსთან.

იქამდე იყო მანჩესტერ იუნაიტედის ჩაგდებული სეზონი და ოთხეულს მიღმა დარჩენა. კრიშტიანომ ყველა ხერხით სცადა, რომ ჩემპიონთა ლიგის გუნდში აღმოჩენილიყო, თუმცა სერიოზული მსურველი არ გამოუჩნდა. მანჩესტერშიც საქმეები აერია - ფორმა დაკარგა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ხან რალფ რანგნიკი და ხან ერიკ ტენ ჰააგი რონალდოს სისტემატიურად ცვლიდნენ და არ ათამაშებდნენ. სრულიად სერიოზული გახდა განხილვა იუნაიტედი პორტუგალიელი ლეგენდის გარეშე უკეთესია, თუ არა.

ფოტო, რომელიც კარგად ასახავს რონალდოს მანჩესტერულ კარიერას

სიტუაცია თავად რონალდომაც გაართულა. ზედ მუნდიალის წინ ისეთი ინტერვიუ მისცა, რომ უკან დასახევი გზა მოიჭრა - ასე ლაპარაკი არ შეიძლება. მანჩესტერი მას არასოდეს აპატიებს, არადა კრიშტიანო ლეგენდა ამ გუნდში გახდა და ახლაც თითქოს კარიერის დასასრულებლად ჩავიდა. რონალდოს მეორე მანჩესტერული თავგადასავალი კატასტროფა იყო და კლუბმა მას ამ ინტერვიუს შემდეგ კონტრაქტი გაუწყვიტა. კრიშტიანო რონალდოს რომ ფაქტობრივად გუნდიდან გააგდებ და ისიც ახალ გუნდს ვერ პოულობს, ესეიგი საქმე ძალიან რთულადაა.

ამ ყველაფრის რეაბილიტაცია რონალდოს მხოლოდ მუნდიალზე შეეძლო. იქაც, რა გამოვიდა, უკვე გითხარით. მეტიც: რონალდო ფორმაში არ იყო და პლეი ოფში ძირითადშიც ვერ ხვდებოდა. კრიშტიანო ამ წლის სასწრაფოდ დავიწყებას ისურვებდა.

TOP: რეალი, ბენზემა და ანჩელოტი

წლის კიდევ ერთი ტრიუმფატორი მადრიდის რეალია. მაშინ, როცა წლევანდელი რეალისგან ბევრს თითქოს არ ველოდით, მადრიდელებმა ყველაფერი მოიგეს. თან ისე, რომ სიტის, პსჟ-ს და სხვა დიდი ფულით გაკეთებულ გუნდებს, ‘მასტერკარდის’ ცნობილი რეკლამისა არ იყოს, ნათლად უჩვენეს - ყველაფერს ფულით მართლა ვერ იყიდი. რეალისგან ყოველთვის გამარჯვებას ელი, თუმცა ამ რეალისგან ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ერთად მაინც თითქოს მოულოდნელი იყო. თუმცა, რეალისთვის სიტყვა შეუძლებელი არ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

გამარჯვებული იყო კარლო ანჩელოტი. რეალის ამჟამინდელი მწვრთნელი თითქოს ასაკში შევიდა და ბევრისგან ჩამოწერილი იყო. ბოლო პერიოდში კარლოს თითქოს დიდი წარმატებები არ ჰქონია. მანაც ჩემპიონთა ლიგა თავისი პირველი წარმატების შემდეგ თითქმის 20 წლის მერე მოიგო. ვერაფერს იტყვი, ლეგენდარული კაცია.

ვინისიუსი რეალის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო

რეალისთვის ტრიუმფალური წელი დაგვირგვინდა ქარიმ ბენზემას ოქროს ბურთით. სამართლიანად, რადგან ბენზემა ამ გუნდის სული და გული იყო.

FLOP: ანიელი და იუვენტუსი

ორიოდე წლის წინ ანდრეა ანიელი ჯადოქარივით გამოიყურებოდა - ყველაფერი გამოსდიოდა. სერია B-დან გადმოსული კლუბი ჩაიბარა და კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერამდე მივიდა. იქით ეს კაცი სუპერლიგას ეთამაშებოდა, აქეთ ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავდა. ეს წელი ანიელის დაცემის წელი იყო. ანდრეა სუპერლიგის ავანტიურის ჩაფლავების შემდეგ უეფაში იმდენად მიუღებელი კაცი გახდა, კენჭისყრაზე თავად აღარ დადიოდა. კლუბი ვალებში გაეხვა, შედეგები არ ჩანს და იუვესთვის ჩემპიონთა ლიგის ოთხეული გახდა სანატრელი, თავად ანიელის კი ფინანსური მაქინაციების გამო საერთოდაც იუვენტუსიდან წასვლა მოუხდა.

იუვეს შეფებს 2022 წელს უმეტესად ასეთი სახეები ჰქონდათ: არივაბენე, ანიელი, ჩერუბინი და ნედვედი

‘შეფის’ წარუმატებლობა, რა თქმა უნდა, იუვენტუსზეც აისახა. ბოლო 10 წელიწადში პირველი სეზონი ტიტულის გარეშე, სამარცხვინო გავარდნა ჩემპიონთა ლიგიდან და სასამართლოში საქმეები ფინანსური დარღვევების გამო. ვერაფერს იტყვი - ტურინში 2022-ს ბედნიერად არ გაიხსენებენ.

TOP: კილიან მბაპე

პსჟ-მ წელს ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი მტკივნეული მარცხი იწვნია, თუმცა როცა მუნდიალის ფინალში 3 გოლი გაგაქვს და პლანეტაზე ყველაზე შეუჩერებელ კაცად გამოიყურები, მაშინ მაინც შეგიძლია, საკლუბო დონეზე წარუმატებლობების მიუხედავად, TOP-ად იწოდებოდე. მუნდიალზე მბაპემ ისე ითამაშა, რომ არავის ეპარება ეჭვი - მესი-რონალდოს ეპოქის შემდეგ ფეხბურთი მისი უნდა იყოს. ინდივიდუალურ დონეზე ფრანგ ვარსკვლავს ძალიან შთამბეჭდავი ტურნირი ჰქონდა. 8 გოლი მუნდიალზე და ყველამ ვიცით, რომ ეს ბიჭი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი უნდა გახდეს.

FLOP: იტალია, გერმანია და ბრაზილია

თუკი მბაპეს სახით ახალი ლეგენდა იბადება, ძველი ელიტა წლევანდელი მუნდიალით უკმაყოფილო უნდა იყოს. მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორია თითქმის 100 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ სამი ტურნირი იყო, როდესაც იტალიას, ბრაზილიას ან გერმანიას ფინალში არ უთამაშიათ. ჯამში ამ სამეულს 21 ჩემპიონატიდან 13 აქვს მოგებული. მოკლედ, ფეხბურთის ისტორია მათია. ამ მუნდიალზე სამივემ თავი შეირცხვინა. ჯერ იყო და იტალიამ იმდენი მოახერხა, რომ ორი ვერგატანილი პენალტის გამო ჯგუფში პირველობა დათმო და პლეი ოფში აღმოჩნდა. შემდეგ ჩვენთვის ავად ნაცნობ მაკედონიასთან 90 წუთი ცალკარა ითამაშა, მაინც ვერ გაიტანა და ბოლო წამებზე ლამის 30 მეტრიდან დარტყმული გაუშვა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი "სკუადრა აძურა" მუნდიალს მიღმა ზედიზედ მეორედ დარჩა. მოკლედ, იტალიური ფეხბურთისთვის შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ მართლა ტრაგიკული წელი იყო.

ის ორი პენალტი ჟორჟინიომ ვერ გაიტანა...

გერმანია მუნდიალზე კი მოხვდა, მაგრამ ზედიზედ მეორედ დარჩა ჯგუფში. არადა, 2018 წლამდე გერმანია ჯგუფში არასოდეს ჩარჩენილა. ახლა, იაპონია და სამხრეთ კორეა ბუნდესგუნდს სტაბილურად უგებენ.

ბევრად უკეთ არც ბრაზილიის საქმეა. ტიტემ კატარში მაგარი გუნდი ჩაიყვანა, თუმცა 20 წელია ბრაზილია ან მეოთხეფინალში ვარდება, ან 1:7-ს აგებს. ამჯერადაც მეოთხედფინალში მარცხი, თან საწყენი და დასანანი მარცხი ხორვატიისგან. აქტივში ეს წელიწადი ვერც ბრაზილიას ჩაეთვლება.

TOP: სტეფ კარი და გოლდენ სტეიტი

Never underrate heart of champion - არის ასეთი ამერიკული გამოთქმა იმის შესახებ, რომ დიდი ჩემპიონების დაუფასებლობა არ შეიძლება. ეს ამბავი მაინც გვავიწყდება ხოლმე. შარშანდელი NBA-ს წინ უფრო ხშირად დავა იმაზე იყო, ‘უორიორსი’ პლეიოფში გავიდოდა, თუ ვერა. გოლდენ სტეიტმა ყველას აჩვენა, რომ მათი ჩამოწერა ჯერ ადრეა. NBA-ს მორიგი ჩემპიონობა, ამჯერად დურანტის გარეშე და შეუჩერებელი სტეფ კარი.

გოლდენ სტეიტმა საჩემპიონო დინასტია შექმნა

მგონი, მართალი იყო გოლდენ სტეიტის მფლობელი ჯო ლეიკობი, რომელმაც ამ რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ მისი ორგანიზაცია კონკურენტებს 20-30 წლით უსწრებს. გოლდენ სტეიტი მომგებიანი სისტემაა.

FLOP: ლეიკერსი და ლებრონ ჯეიმსი

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მოახერხა და ლებრონ ჯეიმსის ბოლო სეზონები უაზრობად აქცია. მაშინ, როცა ლებრონი თავისი კარიერის მიწურულს კიდევ ერთი ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოდეს, ლეიკერსმა ლეგენდის გარშემო შექმნა გუნდი, რომელიც პლეი ოფშიც ვერ გადის. რასელ ვესტბრუკის ტრეიდმა არ იმუშავა, ენტონი დევისი მუდამ ტრავმირებულია და მხოლოდ ლებრონის 30 ქულა არაფერს ყოფნის. კალიფორნიული გრანდი წინა წელს პლეი ოფს მიღმა დარჩა, შემდეგ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი შეცვალა, მწვრთნელი გაუშვა, თუმცა ამით სიტუაცია არ გაუჯობესებულა - ისეთი პირი უჩანს, ლეიკერსი წელსაც პლეი ოფს მიღმა დარჩება. არადა, პლეი ოფში ლებრონი vs კარის ყურებას რა ჯობია?!

TOP: ბოსტონ სელტიკსი

ბოსტონმა შარშან სუპერფინალები დათმო, თუმცა ეს წელი მაინც აქტივში უნდა შეიტანოს. წლის დასაწყისში სელტიკსი იმასაც რისკავდა, რომ პლეი ოფს მიღმა დარჩენილიყო, თუმცა 2022 წელი ბოსტონისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. სტატისტიკურად ამ წელს ‘სელტიკსი’ NBA-ს საუკეთესო გუნდი იყო. ახალგაზრდა გუნდმა თავისი ფენომენალური დაცვით სუპერფინალებს მიაღწია და ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დააკლდა. ამ სეზონში ბოსტონი ისე თამაშობს, რომ NBA-ს უპირველესი ფავორიტია შეუჩერებელი ტეიტუმი-ბრაუნის დუეტის ფონზე. სელტიკსს ისეთი გუნდი ჰყავს, რომ მთავარი კითხვა მათ მიმართებაში ის კი არ არის, NBA-ს თუ მოიგებენ, არამედ როდის მოიგებენ. ასე ხდება, როცა გამართული ორგანიზაცია ხარ.

FLOP: ბრუკლინი

წარმოიდგინე, რომ თან ქალი ხარ და თან ებრაელი და ბრუკლინში მუშაობ. ეს ცუდი ანეკდოტის დასაწყისი არ არის, ასე იწყებოდა ერთ-ერთი ამერიკული სტატია ოქტომბერში. ეს მაშინ, როცა კაირი ირვინგი ანტისემიტური სისულელეების გამო დისკვალიფიცირებული იყო თავისივე გუნდის მიერ, ხოლო თავად ნეტსი მწვრთნელის გაძევების შემდეგ ქალების მიმართ არცთუ დადებით მოპყრობაში ბრალდებულ, ბოსტონ სელტიკსის დისკვალიფიცირებული მწვრთნელი იმე უდოკას გადაბირებას სრულიად სერიოზულად გეგმავდა. ეს ყველაფერი ორგანიზაციული სიგიჟის და უთავმოყვარეობის მწვერვალი იყო.

ბრუკლინი 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი ფლოპია. ამ სიგიჟის შემხედვარე ჯეიმს ჰარდენმა გუნდიდან გაქცევა გადაწყვიტა. სანაცვლოდ, ნეტსმა კიდევ ერთი თავისებური და რთული მოთამაშე, კიდევ ერთი ტანჯული სული, ბენ სიმონსი დაიმატა, რომელიც კალათბურთს ხან თამაშობს, ხან - არა. გააჩნია, როგორ ხასიათზეა. იმავეს აკეთებს კაირი ირვინგი, რომელიც ბოლო წლებია, ანტისემიტიზმით, ვაქცინებთან ბრძოლით და გიჟური განცხადებებით გვამახსოვრებს თავს და არა კალათბურთის თამაშით. კევინ დურანტმა ამ ზაფხულში საერთოდაც ტრეიდი მოითხოვა, სტივ ნეში გააგდეს, ნეტსმა ბოსტონთა პლეიოფის სერია 0:4 წააგო. მოკლედ, სრული დომხალი და საგიჟეთი.

TOP: კარლოს ალკარასი

ჩოგბურთის მომავალი ამ ბიჭის ხელშია. რაფა-როჯერი-ნოლეს წასვლის შემდეგ ამ სპორტმა თავი უნდა გადაირჩინოს და ჩოგბურთის მოყვარულების მთავარი იმედი სწორედ 19 წლის კარლოს ალკარასია. ეს ბიჭი ისე თამაშობს, როგორც ახალგაზრდა ნადალი. 2022 წელს ალკარასმა უკვე მოიგო თავისი პირველი დიდი სლემი და გახდა ნომერ პირველი ჩოგანი. 

ალკარასი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია

ეჭვი მაქვს, თუ ასე გააგრძელა, TOP-ების სიაში კიდევ არაერთხელ მოხვდება. ალკარასმა მომავალი წლის გეგმები დაუყოვნებლივ მოხაზა - 'დიდ სლემებზე ახალი გამარჯვებები'.

FLOP: სრულიად ჩოგბურთის სამყარო

ჩოგბურთისთვის ეს ნაღვლიანი და უსიამოვნო წელი იყო. ამ წელს ოფიციალურად მიიღეს წასვლის გადაწყვეტილება როჯერ ფედერერმა და სერენა უილიამსმა. არადა, ჩოგბურთს ძალიან ბევრი სწორედ მათ გამო უყურებდა. ამით სრულიად სპორტული სამყარო დაზარალდა.

TOP: ოლეკსანდრ უსიკი

უკრაინის ღირსებამ წელს მეორედ მოუგო ენტონი ჯოშუას, თავისზე ბევრად მძიმე, დიდ და მაღალ კაცს, რომელიც სრულიად სერიოზულად წლების განმავლობაში გვაჩვენებდა, რომ მძიმე წონაში მასზე მაგარი არავინაა. უსიკი მძიმე წონაში ქვედა წონიდან ამოვიდა და ჯოშუას ზედიზედ მეორე დამარცხებით სერიოზული განაცხადი გააკეთა, რომ კრივის სამყაროს მეფე სწორედ ის არის.

უსიკი უკრაინის დროშით

ამ არაოფიციალურ წოდებამდე უსიკს მხოლოდ ერთი ბრძოლა - ტაისონ ფიურისთან გამარჯვება სჭირდება. თან უკრაინის ომის ფონზე უსიკის გამარჯვებას ემოციური და სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა - უსიკს მთელი უკრაინა გულშემატკივრობდა, მანაც ისე გაიმარჯვა, როგორც დავითმა გოლიათზე. შეუძლებელია, უკრაინას ამ ბრძოლაში თავისი თავი არ დაენახა.

FLOP: ენტონი ჯოშუა

ლოგიკურად, უსიკთან დამარცხებული ჯოშუა წაგებულების კატეგორიაში აღმოჩნდა. ზედიზედ მეორე მარცხი ჯოშუას დიდ კარიერას, ფაქტობრივად, წერტილს უსვამს. მისი ადგილები დიდ ჩემპიონებს შორის არ არის. სწორედ ამიტომ, ჯოშუამ წაგების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა. კრივის სამყარო ულმობელია - აქ წაგებას დიდი ფასი აქვს, ზედიზედ ორი მარცხი კი განაჩენია (ჰკითხეთ ეს დეონტეი უაილდერს). 2022 წელმა ენტონი ჯოშუას ამბიციები საბოლოოდ დაასამარა.

TOP: ალექს პერეირა და ლეონ ედვარდსი

UFC-ში ამ სტატუსს ორი მებრძოლი იმსახურებს: ალექს პერეირა და ლეონ ედვარდსი. ორივე მათგანმა თავის წონაში დაუმარცხებელ ჩემპიონებს მოუგო (ისრაელ ადესანიასა და კამარუ უსმანს), ორივემ მეხუთე რაუნდში და ორივემ 'Lucky Strike-ით'. საქმე რომ მსაჯების გადაწყვეტილებამდე მისულიყო, პერეირაც დამარცხდებოდა და ედვარდსიც. 'პოატანისა' და იზის დაპირისპირების ისტორია ცალკე აღნიშვნის ღირსია - ადესანიამ კიკბოქსინგში პერეირასთან ორჯერ წააგო, სპორტის სახეობა ბრაზილიელთან დანოკაუტების შემდეგ შეიცვალა. მოგვიანებით, ალექსიც MMA-ში გადავიდა და ძველი მეტოქე ნოკაუტში აქაც გაგზავნა. ლეონ ედვარდსს კამარუ უსმანთან წაგებული ჰქონდა. უსმანი მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგის სათავეში იდგა, ნახევრადმსუბუქი წონის ტიტულის მე-6 დაცვასთან 1 წუთი აშორებდა, თუმცა იამაიკელმა ისეთ ნოკაუტში გაუშვა, რომ ნიგერიელს იმ საღამოს მომხდარი ამბებიდან არაფერი ახსოვს. 

FLOP: ჩარლზ ოლივეირა

მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზ ოლივეირამ 2022 წელი ჯასტინ გეიჯის პირველ რაუნდში დაფინიშებით დაიწყო, წლის FLOP-ის სტატუსი მას მივანიჭეთ. ამისი მიზეზი ორია. პირველი: ოლივეირამ გეიჯისთან ბრძოლის წინ წონა ვერ ჩააბარა, 1 საათში 200 გრამი ვერ დაიკლო და ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მეორე მიზეზი მისი და ისლამ მახაჩევის ჩხუბი იყო, რომელშიც 'ბრონქსმა' ზედმეტი წონის გამო დაკარგული ქამარი ვერ დაიბრუნა. გაჩემპიონების შემდეგ ოლივეირას ბრძოლა წაგებული არ ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წესდების თანახმად ოფიციალურად ჩემპიონი არ გახლდათ, მას ყველა მაინც ჩემპიონად მიიჩნევდა. ცხადია, ჩემპიონებიც მარცხდებიან, მაგრამ თუნდაც არაოფიციალური ჩემპიონი ასე უხერხემლოდ როდის გამოიყურებოდა ქამრის დასაბრუნებლად/დასაცავად გამართულ ბრძოლაში, ძნელი გასახსენებელია. ოლივეირასა და მახაჩევის ჩხუბი არ ჰგავდა ჟოზე ალდოსა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირებას, ამ შემთხვევაში ჩარლზი უსუსურად გამოიყურებოდა და ისლამისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერაფერში მოახერხა. მახაჩევთან ჩხუბში 2017 წლამდე მებრძოლი ოლივეირა ვიხილეთ - საშუალო დონის სპორტსმენი, რომელიც ძლიერ მეტოქესთან ვერაფერს ახერხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები