- ექშენის მოყვარულებისთვის 2023 წელი გამორჩეული იქნება
- რას უნდა ველოდოთ 2023 წელს გეიმინგ ინდუსტრიაში
გეიმინგ ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება, გამოდის ახალი თამაშები, იქმნება ახალი eSports-ის სცენები, რის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით გეიმერების რაოდენობა საგრძნობლად მატულობს. 2022 წელს ძალიან ბევრი თამაში გამოვიდა, მათგან ყველაზე დიდი წარმატება კი Elden Ring-მა მოიპოვა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ Dark Souls-ის დეველოპერებმა ნამდვილი შედევრი შექმნეს.
ლოს-ანჯელესში გამართულ Game Awards 2022-ის დაჯილდოების ცერემონიაზე Elden Ring წლის საუკეთესო თამაშად დაასახელეს. მას ყველაზე დიდ კონკურენციას God of War Ragnarök უწევდა, რომელმაც ღონისძიებაზე ყველაზე მეტი ჯილდო (7) მიიღო, ხოლო Valorant წლის eSports-ის სცენის საუკეთესო თამაშია.
2023 წელი "ექშენის" მოყვარულებისთვის გამორჩეული იქნება. ამ სტატიაში ხუთი თამაში შევარჩიეთ, რომლებსაც 2023 წელს გეიმერები ყველაზე მეტად ელოდებიან.
Starfield
თამაში სამოქმედო-სათავგადასავლო ჟანრს მიეკუთვნება, რომლის სიუჟეტი კოსმოსურ სამყაროში ვითარდება. თამაშის გამოსვლა 2018 წელს დაანონსდა და მას "ექშენის" მოყვარულები დიდი ინტერესეით ელიან. თამაშში 150 000-ზე მეტი დიალოგი იქნება - ორჯერ მეტი, ვიდრე Skyrim-ში. მოთამაშეს შესაძლებლობა ექნება, როგორც პირველი, ისე მესამე პირის პერსპექტივაში ითამაშოს. Starfield-ის გამოსვლა 2023 წლის პირველ ნახევარში იგეგმება და იგი Microsoft Windows-სა და Xbox Series X/S-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
Hogwarts Legacy
ეს თამაში "ჰარი პოტერის" თაყვანისმცემლებს ნამდვილად დააინტერესებთ. მოქმედება მე-19 საუკუნის ჰოგვარსტში, ჯადოქრების სამყაროში ვითარდება. სიუჟეტი "ჰარი პოტერის" რომანებისა და ფილმების სერიების მიხედვითაა შექმნილი. მის სრულყოფაზე Avalanche Software-ის დეველოპერებმა იზრუნეს. Hogwarts Legacy 2023 წლის თებერვალში PS5-ის, Windows-ისა და Xbox X/S-ის პლატფორმებისთვის გამოვა, მოგვიანებით კი Nintendo Switch-ის პლატფორმასაც დაემატება.
Star Wars Jedi: Survivor
სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რომელშიც მოქმედება შორეულ გალაქტიკაში ვითარდება. ლეგენდარული ფრენჩაიზი 1977 წელს შეიქმნა და დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ეს თამაში 2023 წლის მთავარ მოვლენად უნდა იქცეს, მისი გეიმფლეი ერთმოთამაშიანი რეჟიმის სტრუქტურაზეა აწყობილი. სიუჟეტი ჯედაის რაინდის, კალ კესტისის დაბრუნებაზე მოგვითხრობს, რომელიც 5 წლის შემდეგ სასტიკ იმპერიას უპირისპირდება. თამაშის ძრავი Unreal Engine 4-ზეა შექმნილი, რაც მაქსიმალურად დახვეწილ გრაფიკულ გამოსახულებას იძლევა. "ვარსკვლავური ომების" ახალი სერია 2023 წლის 17 მარტს გამოვა და იგი PlayStation 5-ის, Windows-ისა და Xbox-ის პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი.
Diablo 4
Blizzard-მა ეს თამაში ჯერ კიდევ 2019 წელს დააანონსა. იგი უფრო ბნელი და გოთიკური სტილითაა წარმოდგენილი, ვიდრე მისი წინამორბედები. თამაშში PvP-ზონები იქნება, ასევე - კლასიკების ლაინაფი Diablo 2-დან და კომბატის სისტემა Diablo 3-დან, რაც ფანებისთვის მშვენიერი ამბავია. დიაბლო 4 მომავალი წლის 6 ივნისს, ამ პლატფორმებზე გამოვა: PlayStation 4, PlayStation 5, Windows, Xbox One და Xbox Series X/S.
EA Sports FC
დაბოლოს, თამაში, რომლის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ სახელი ვიცით. EA Sports-სა და ფიფას 30-წლიანი ურთიერთობა FIFA 23-ით სრულდება. ამ ორ კომპანიას შორის თანამშრობლობა ფინანსური შეუთანხმლებლობის გამო აღარ გაგრძელდება. 2023 წლის შემოდგომაზე EA Sports, FIFA 24-ის ნაცვლად, EA Sports FC-ის გამოუშვებს - იგივე თამაშს, უბრალოდ, შეცვლილი სახელით. ახალ თამაშში გეიმფლეი და რეჟიმები იგივე დარჩება, რაც FIFA 23-ში იყო. ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორი ახალ ერას იწყებს. ცხადია, ამ თამაშის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია ექსპერიმენტებს არ მიმართავს და ახალი თამაშის შექმნას არ დაიწყებს.

კომენტარები