Thumbnail

არგენტინის ნაკრებს 1994 წლიდან ვგულშემატკივრობ… სულ პატარა ვიყავი, ალბათ 8-9 წლის, როდესაც მამაჩემმა, რომელიც მთელი ცხოვრება ბრაზილიას ქომაგობს, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაღებულ ფილმს მაყურებინა. ფილმის მთავარი მოქმედი პირი, რა თქმა უნდა, დიეგო მარადონა იყო, რომლის თამაშმაც, ინგლისის თუ ბელგიის კარში გატანილმა გოლებმა და არგენტინის გამარჯვებამ ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სადღაც ერთ წელიწადში, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გადავწყვიტე, რომ არგენტინისკენ ვიქნებოდი.

აქედან დაიწყო ერთი დიდი ტკივილის და ტანჯვის ისტორია - მარადონას დისკვალიფიკაცია და მარცხი რუმინეთთან; დენის ბერგკამპის გოლი 1998 წელს; ჯგუფში ჩარჩენა უძლიერესი გუნდით 2002 წელს; ძალიან საწყენი მარცხი გერმანიასთან, პენალტების სერიაში, 2006 წელს; იმავე გერმანიასთან უშანსოდ განადგურება 2010-ში და 4 წლის შემდეგ, ალბათ ყველაზე მტკივნეული მარცხი ფინალში. პლუს 2018 წელს, სრულიად მოშლილი და არეული გუნდის გავარდნა მერვედფინალში, ასევე მთელი ამ წლების განმავლობაში კოპა ამერიკის რამდენიმე წაგებული ფინალი… მოკლედ, არგენტინის ქომაგობა ტკივილთან, იმედგაცრუებასთან და წაგებასთან იყო გაიგივებული.

2002 წელი. არგენტინის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. გაბრიელ ბატისტუტას უკან შვედები ზეიმობენ

ყველაფერი 2021 წელს შეიცვალა, როცა ჩემი გულშემატკივრობის 27 წლის თავზე, არგენტინამ პირველი ტიტული (ორი მოგებული ოლიმპიადა და ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატები ეროვნული გუნდის ტიტულები არაა) მოიგო, როდესაც კოპა ამერიკის ფინალში დი მარიას გოლით ბრაზილია დაამარცხა. რამდენიმე თვეში არგენტინამ "ფინალისიმა" მოიგო, 2022 წლის 18 დეკემბერს კი - მსოფლიოს ჩემპიონატი.

ჩემი 28-წლიანი, ხოლო არგენტინელების 36-წლიანი ლოდინი დასრულდა - “ალბისელესტე” მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ორი ლიონელი 

არგენტინის ნაკრების ეს გამარჯვება სეხნიების დამსახურებაა - ლიონელ მესი და ლიონელ სკალონი - ორი გმირი, რომელმაც თავის ქვეყანას სანუკვარი ტიტული მოუტანა. როგორ და რანაირად მოახერხეს მათ იმის გაკეთება, რაც წინა, ბევრად ვარსკვლავურმა და ფურცელზე უფრო ძლიერმა არგენტინამ ვერ შეძლო? 

სკალონეტა

სკალონიმ, თავის სამ ლეგენდარულ ასისტენტთან (ვალტერ სამუელი, რობერტო აიალა, პაბლო აიმარი) ერთად შეძლო ის, რომ ნაკრებში საოცრად კარგი ატმოსფერო შექმნა. ტურნირის დაწყებამდეც და ტურნირის დროსაც ჩანდა, რომ არგენტინა ყველაზე კარგი გუნდი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - გუნდი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, ერთი მისიის და ერთი მესიის გარშემო გაერთიანებული ფეხბურთელები, რომლებიც ამ მისიის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევენ, სისხლის თუ ოფლის ბოლო წვეთამდე ირბენენ, იბრძოლებენ და ნებისმიერ მეტოქეს ყელში კბილებით ეცემიან, თუ ამის საჭიროება იქნება. 

ის, რომ არგენტინის ეს ნაკრები ერთი დიდი ოჯახივითაა, ჩანდა ჯერ კიდევ შესარჩევი ეტაპის თუ კოპა ამერიკის დროს. ყველაზე კარგად კი ეს ერთიანობა საფრანგეთთან დასრულებული ფინალის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც მინდორზე, თანაგუნდელებთან ერთად ის მოთამაშეებიც იმყოფებოდნენ, რომელიც სხვადასხვა მიზეზით კატარში ვერ წავიდნენ - სერხიო აგეურო, ჯოვანი ლო ჩელსო, ნიკო გონსალესი, ხოაკინ კორეა - ყველა ეს მოთამაშე მოედანზე იყო და გამარჯვებას ისე აღნიშნავდა, თითქოს მუნდიალის ოქროს მედალი მათაც მოეგოთ. 

წარმატების მიზეზი მარტო კარგი ატმოსფერო და მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. 

მეორე მიზეზი ტაქტიკური მოქნილობაა, სადაც სკალონის თამამი ხასიათიც ჩანს. 2019 წლის კოპა ამერიკაზე, კოლუმბიასთან საშინლად ჩატარებული თამაშის შემდეგ, სადაც არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა უამრავი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, გუნდმა ნელ-ნელა მომატება დაიწყო. ჯერ კიდევ იქვე, იმ ტურნირზე გამოჩნდა, რომ სკალონი ცვლილებებს თუ შეცდომების აღიარებას არ ერიდებოდა და რაც მთავარია, ახალგაზრდა სპეციალისტი თანდათან სწავლობდა და იზრდებოდა. იმ ტურნირზე, არგენტინას საუკეთესო თამაშები ბოლოსკენ, ½ ფინალში ბრაზილიასთან (რომელიც წააგო) და მესამე ადგილისთვის, ჩილესთან ჰქონდა. ბრაზილიასთან წაგებული შეხვედრა, საუდის არაბეთთან დაპირისპირებამდე, არგენტინის ბოლო მარცხი იყო, რაც გუნდის თუ სკალონის ზრდაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. 

მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც სკალონი ნაკრების მწვრთნელია, არგენტინამ უამრავი სქემა, ტაქტიკა თუ სტრატეგია გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გუნდმა ჯოვანი ლო ჩელსოს სახით, ტაქტიკური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა, “ალბისელესტემ” გადაწყობა მოახერხა. სხვა გუნდებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად მუდამ ერთი სქემით და თითქმის ერთი შემადგენლობით თამაშობდნენ, სკალონი სქემას, ტაქტიკას თუ შემადგენლობას თამაშიდან თამაშამდე ცვლიდა. 4-4-2, 4-3-3, 5-3-2 - არგენტინამ თითქმის ყველა შეხვედრაში განსხვავებული შემადგენლობით თუ სქემით ითამაშა. 

მსოფლიოს ჩემპიონი ალბისელესტეს მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი

გარდა ამისა, მწვრთნელი თამამად ენდო ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებსაც ნაკრებში თამაშის დიდი გამოცდილება არ ჰქონდათ - ენცო ფერნანდესი, ხულიან ალვერესი და ალექსის მაკალისტერი ჩემპიონატის დაწყებამდე ძირითადი შემადგენლობის წევრებად არ განიხილებოდნენ. და რა სურათი მივიღეთ ფინალის დასრულების შემდეგ? ენცო ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ალვარესმა 4 გოლი გაიტანა, მაკალისტერი კი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მესამე მიზეზი კი არის იდეა. იდეა, რომლის გარშემოც ყველა გაერთიანდა - მესიმ ტიტული უნდა მოიგოს. 2021 წლის კოპა ამერიკის ფინალის დასრულების შემდეგ, მთელი გუნდი მუხლებზე დავარდნილი მესისკენ გაიქცა - გუნდმა ტიტული მოიგო, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მესი სანაკრებო კარიერას უტიტულოდ არ დაასრულებდა. 

იმავე განწყობით ჩავიდა არგენტინა კატარში, თუმცა პირველივე შეხვედრაში ისეთი შოკი მიიღო, როგორიდანაც ბევრი გუნდი ვერ გამოვიდოდა. სწორედ აქ გამოვიდა სცენაზე ის, ვინც იმ “ბევრ გუნდს” არ ეყოლებოდა - ულაპარაკო ლიდერი და კაპიტანი, ლიონელ მესი. 

მესია

სკალონის ტაქტიკური მოქნილობა, სითამამე და გუნდში არსებული კარგი ატმოსფერო არაფერს მოიტანდა, რომ არა ერთი ადამიანი: ნიკოლას ოტამდენი. არა, მართლა კი არა, რა თქმა უნდა, ლიონელ მესი. ახალი ან განსაკუთრებული რა უნდა დავწერო, ან რა უნდა ვთქვა - ყველამ კიდევ ერთხელ საკუთარი თვალებით ვნახეთ, თუ რა შეუძლია მას... ახალ მესის, როგორც მას ბოლო დროს შეარქვეს - ბევრად მებრძოლს, გამოცდილს, მოჩხუბარს, რომელიც არ ერიდება ვან გაალთან მისვლას და მისთვის საყვედურის თქმას, თუ მის წინ რიკელმეს სტილში გოლის აღნიშვნას. 

35 წლის კაპიტანმა, რომელმაც ფეხბურთში ყველაფერი ნახა, თავის გარშემო გააერთიანა საოცრად მებრძოლი და შეკრული გუნდი, რომელსაც ბოლომდე ულიდერა და რომელიც გამარჯვებამდე მიიყვანა. 

ნიდერლანდებთან, მოლინაზე გაკეთებული საოცარი საგოლე პასი, ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, იოშკო გვარდიოლის გაბითურება, თუ ავსტრალიასთან გატანილი გოლი - ყველა ეს მომენტი მნიშვნელოვანი და ლამაზი იყო, მაგრამ მთავარი გოლი მესიმ ამ ტურნირზე მეორე ტურში გაიტანა... მექსიკასთან, ურთულეს და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, შეხვედრაში, სადაც არგენტინას მომენტები ფაქტობრივად არ ჰქონია, სადაც გუნდს ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა და უდიდესი სტრესის ქვეშ თამაშობდა. 

სწორედ ამ დროს, ლეომ, როგორც ნამდვილ ლიდერს შეეფერება, თამაში საკუთარ თავზე აიღო - ჯერ დი მარიას უთხრა, საჯარიმოსთან მომეცი პასი, რადგან მექსიკელები ზედმეტად უკან იხევენ და სივრცეს ტოვებენო, მერე კი ანხელისგან ბურთი მიიღო და შორეული დარტყმით უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, გოლი, რომელმაც საბოლოოდ არგენტინას ჩემპიონობა მოუტანა. რომ არა ეგ გასროლა, კაცმა არ იცის, არგენტინა მექსიკასთან რამეს მოახერხებდა თუ არა და შესაბამისად, იყო დიდი შანსიც, გუნდი ჯგუფში ჩარჩენილიყო. მესის ამ გოლის შემდეგ კი წნეხი ერთიანად მოიხსნა, ფეხბურთელებს გაახსენდათ, რომ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები იყვნენ და გუნდმაც თამაში შედარებით მშვიდად განაგრძო.

მესიმ 7-დან 6 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა, ტურნირი 7 გოლით დაასრულა და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში სულ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ ტურნირზე ამდენი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი ვერ გახდა (აქამდე ერთადერთი ჟაირზინიო იყო, რომელმაც 1970 წელს 7 გოლი გაიტანა და გერდ მიულერს ჩამორჩა, რომელმაც 10 შეაგდო). გოლების გარდა, პულგამ 3 საგოლე პასი მიითვალა და 7-დან 5 შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო. მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელად ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაასახელეს, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რა თქმა უნდა, თასის მოგება იყო. 

ჩემი მოკრძალებული აზრით, მესი სადაც იყო, ამ ტურნირის მოგების მერეც იქ დარჩა. მუნდიალის მოგებამ, ჩემთვის და მილიონობით სხვა ქომაგისთვის მას არაფერი შემატა - ის აქამდეც უდიდესი გახლდათ. სამაგიეროდ, ამ მოგებით, არგენტინელმა ის ხალხიც (დიდ ნაწილი მაინც) გააჩუმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მესი ნაკრებში ვერ თამაშობდა… 

მისია შესრულებულია

არგენტინა კატარში მისიის შესასრულებლად ჩავიდა და ეს მისია შეასრულა - ლეო მესი მსოფლიოს ჩემპიონია. ალბათ არ იქნება დიდი ტყუილი, თუ ვიტყვი, რომ ერთი კონკრეტული სპორტსმენისთვის ამდენ ადამიანს არასდროს უგულშემატკივრია - მესის ტრიუმფის ხილვა არგენტინის გარეთ, ასობით მილიონი ადამიანის (მათ შორის ჩემი) ოცნება იყო და ეს ოცნება ასრულდა. 

მესის, სკალონის, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, არგენტინას კიდევ არაერთი გმირი ჰყავდა. ემილიანო მარტინესი, რომელმაც ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან პენალტების სერიაში იყოჩაღა და რაც მთავარია, ასტონ ვილას მეკარემ, ფინალში, 123-ე წუთზე, ალბათ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული “სეივი” განახორციელა.

ანხელ დი მარია - მესის მუდმივი “ვინგმენი”. ფეხბურთელი, რომელიც მნიშვნელოვან შეხვედრებში ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაშობს. 

რომერო, ოტამენდი და ლისანდრო მარტინესი - სამი მცველი, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ, ხან კი ერთადაც თამაშობდნენ და იშვიათი გამონაკლისების გარდა, უშეცდომოდაც იდგნენ. 

ნაუელ მოლინა, რომელმაც ნიდერლანდებთან უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. მონტიელი, რომელმაც ორ სერიაში ორი პენალტი შეაგდო. 

და, რა თქმა უნდა, როდრიგო დე პაული - “მესის პირადი მცველი”. მისი თამაში ალბათ ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი იყო, თუმცა რეალურად, უბურთოდ, ყველაზე დიდ სამუშაოს ასრულებდა და მისი ენერგია თუ მონდომება, სხვებისთვისაც გადამდები იყო. 

არგენტინა კატარში ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩავიდა და მიუხედავად უმძიმესი სტარტის და შოკისა, რომელიც პირველივე ტურში მიიღო, გუნდმა ხასიათის სიმტკიცე აჩვენა და დასახულ მიზანს მიაღწია. 

ის არ თამაშობდა ყველაზე მიმზიდველ ფეხბურთს, თუმცა მესის ჯადოსნური მომენტები სამუდამოდ დარჩება ფეხბურთის ისტორიაში და ქომაგების თავებში. 

არგენტინას არ ჰყავდა ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობა, თუმცა მას ჰქონდა მთავარი - ის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო გუნდი იყო. 

მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ნაკრები, რომელიც ტიტულს ძალიან დიდხანს ელოდა და რომელსაც ამ ტიტულის მოგება, ალბათ ყველაზე მეტად სურდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩემპიონი გახდა ფეხბურთელი, რომელიც ამ თასის მოგებას ყველაზე მეტად იმსახურებდა. 

ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონია. არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია... 

10 წლისაც არ ვიყავი, როდესაც არგენტინას 1994 წლის ჩემპიონატზე ვუგულშემატკივრე. ახლა, როდესაც ამ სტატიას ვწერ, 38 წლის ვარ. 28 წელი ძალიან დიდი დროა, მაგრამ ამბავი ისე დასრულდა, რომ ეს მოლოდინი ამად ნამდვილად ღირდა.

ტატო ბაციკაძე
ზოგადად ბევრს ლაპარაკობს და მხოლოდ მაშინ ჩუმდება, როდესაც რომელიმე სტენდ-აფ კომიკოსს უსმენს. ჯორჯ კარლინის, ფრედი მერკურის და კურტ ვონეგუტის არარსებული ქართული ფანკლუბების არარსებული დამაარსებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები