Thumbnail

თქვენ გიყვართ ჩვენი YouTube არხი და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ.

იუთუბერები ამბობენ, რომ იუთუბი სულ სხვანაირი სამყაროა. გაცილებით გულწრფელი, ბუნებრივი... იუთუბზე მეტი გულახდილი ემოცია და ნაკლები აგრესიაა. ადამიანები იწერენ იმას, რაც მართლა ძალიან მოსწონთ, მეტად აფასებენ ხარისხს და ყოველთვის ამბობენ კარგზე კარგს. და თუ რამე არ მოსწონთ, უბრალოდ ტოვებენ იმ სივრცეს. ჰკითხეთ გიორგი კალატოზს ან ტატო ბაციკაძეს - ამ თემაზე დისერტაციების დაცვა შეუძლიათ...

2022 წელს ევროპოპში გადავწყვიტეთ, რომ იუთუბისთვის ძალიან სერიოზულად მოგვეკიდა ხელი. არხი მანამდეც გვქონდა და საინტერესო ვიდეოებსაც ვდებდით, მაგრამ 2022-ის ზაფხულიდან ევროპოპში ყველამ ვთქვით, რომ მეტი იყო საჭირო. და დავიწყეთ!

ჯერ იყვნენ ჯანელა, ბუდუ, ტატო და რატი

იმისთვის, რომ დაინახო, რა და როგორ უნდა აკეთო, უბრალოდ უნდა დაიწყო. როგორც ყველაფერში, იუთუბზეც ასეა: ჯერ შენ უნდა მოგწონდეს, რასაც აკეთებ და თუ სხვებსაც მოეწონათ, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ. გვჯეროდა, რომ “უპასუხე თუ შეგიძლია” თქვენი ერთ-ერთი საყვარელი რუბრიკა გახდებოდა და ამაში მაშინვე დავრწმუნდით, როცა გიორგი ჯანელიძის, ბუდუ ზივზივაძის, ტატო ბაციკაძის და რატი ანდრონიკაშვილის ვიდეოები გამოვაქვეყნეთ. რატის ვიდეოს ამ დროისთვის სულაც ყველაზე მეტი ნახვა აქვს იმ ვიდეოებს შორის, რაც ზაფხულის მერე დავდეთ.

უპასუხე თუ შეგიძლია

რუბრიკა, რომელიც პირველივე ეპიზოდიდან ყველას მოეწონა, 2022 წლის მიწურულს ჯამში 19 ვიდეოს მოიცავს. ზემოთ ჩამოთვლილი პირველი სტუმრების გარდა, “ევროპოპის” სახალისო კითხვებს უპასუხეს გიორგი ლორიამ, კონსტანტინე ჯანაშიამ, ლევან მჭედლიძემ, ვატო ნაცვლიშვილმა, მერაბ შარიქაძემ, ირაკლი ვახტანგიშვილმა, გრიგოლ ჩაბრაძემ, სანდრო ალთუნაშვილმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, მიშა მშვილდაძემ, დათო ტურაშვილმა, სანდრო ცნობილაძემ, გია ბაღაშვილმა და ა.შ. თუ რომელიმე ეპიზოდი რაღაც მიზეზით გამოგრჩათ, ან ჯერ კიდევ რომელიმე არ გინახავთ, ახალი წლის დღეებში ამის დრო ნამდვილად უნდა გამონახოთ.

📺 | "უპასუხე თუ შეგიძლიას" ყველა ვიდეოს აქ ნახავთ.

ჩემი არგუმენტი

თუკი “უპასუხე თუ შეგიძლია” უფრო სახალისო და გასართობი რუბრიკაა, “ჩემი არგუმენტი” მოიცავს ვიდეოებს, სადაც სპორტთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები კონკრეტულ საკითხზე თავის მოსაზრებას ან მოსაზრებებს გამოთქვამენ და თავიანთ არგუმენტებს წარმოგვიდგენენ, ცდილობენ, დაასაბუთონ, რატომ ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე ისე, როგორც ფიქრობენ.

რუბრიკის პირველი ვიდეო ჩვენს არხზე 6 თვის წინ აიტვირთა: მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე საუბრობს თემაზე, “რა შეცვალა კანტონამ ინგლისში”. ეს ვიდეო არ არის მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის, ინგლისური ფეხბურთის ან ერიკ კანტონას მოყვარულებისთვის - ბაქრაძის საუბრიდან ბევრ რამეს გაიგებთ და ისწავლით.

ისევე, როგორც ბევრს გაიგებთ და ისწავლით “ჩემი არგუმენტის” სხვა სტუმრებისგანაც. მაგალითად, ბიძინა ბარათაშვილი გვიხსნის, რატომაა ბუენოს აირესი ყველაზე საფეხბურთო ქალაქი მსოფლიოში და უნიკალურად საუბრობს ზოგადად სამხრეთამერიკული ფეხბურთის ფენომენზე. გია ხადური განმარტავს, რატომ იყო საბჭოთა ფეხბურთი ყალბი. მრბოლელი მევლუდ მელაძე ასაბუთებს, რატომაა რალის პილოტი უფრო მაგარი, ვიდრე ფორმულა 1-ის. კიდევ ერთი მოაზროვნე გიორგი მოსიძე ცდილობს, ახსნას, რატომ იყო ქინქლაძის სიტი წარუმატებელი. რაგბის ცნობილი მსაჯი ნიკა ამაშუკელი მარტივად გვიხსნის, რატომ არ გვიღებენ 6 ერში. მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე გვიყვება, რატომ არის უშბა ყველაზე რთული მთა ევროპაში და ა.შ.

📺 | ჩემი არგუმენტის ყველა ვიდეოს აქ ნახავთ.

მაგიდის დერბი

ეს კი სულ ახალი რუბრიკაა, რომელიც ჯერ მხოლოდ 2 ვიდეოს მოიცავს, მაგრამ უკვე ვიცით, რომ “მაგიდის დერბიც” ევროპოპის მომხმარებელთა ერთ-ერთი უსაყვარლესი რუბრიკა იქნება. ეს არის თამაში მსაჯით (დავით ველიჯანაშვილი) და VAR-ითაც. მაგიდის დერბის პირველ სერიაში ერთმანეთს გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე დავუპირისპირეთ. “დუელის” შედეგზე მეტად მათი კომენტარები და რეაქციებია საინტერესო. ასევე ის ფაქტი, რომ თამაშის დროს შეიძლება უცებ ისეთი რამ ამოგივარდეს თავიდან, რაც სხვა დროს ყოველთვის გახსოვს.

მეორე ეპიზოდს, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა, მოწინააღმდეგეთა გათვალისწინებით, შეგვიძლია მანჩესტერული დერბიც ვუწოდოთ. ჩვენს მაგიდას ამჯერად მოაზროვნეები, გიორგი ბაქრაძე და გიორგი მოსიძე მიუსხდნენ. ამ ვიდეოსაც უკვე თითქმის 60 000 ნახვა და ბევრი კარგი კომენტარი აქვს.

📺 | მაგიდის დერბის ყველა ვიდეოს აქ ნახავთ.

დაბოლოს, მთავარი: გასვლითი შეხვედრა

ვხვდებოდით, რომ ამ რუბრიკით ძალიან კარგი საქმე დავიწყეთ, მაგრამ მნახველთა რეაქციებმა და კომენტარებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვიყვარს “გასვლითი შეხვედრის” ეპიზოდების გამოხმაურების კითხვა - აქ არ დავიწყებთ კომენტარების ციტირებას, უბრალოდ გეტყვით, რომ ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მოტივაციაა.

“გასვლითი შეხვედრის” ფარგლებში ქართველ სპორტსმენებს იმ ქალაქებში ვსტუმრობთ ხოლმე, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ. გადაცემის წამყვანი, მარკეტერი და პრომოუტერი ლევან ღვინიანიძეა, რომელსაც ქართულ სპორტში მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. პირველ სერიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ კოპენჰაგენში გვიმასპინძლა. მერე “ბორჯღალოსნების” მორაგბეებთან, ბექა საღინაძესთან და დავით ნინიაშვილთან ლიონში ჩავედით. მესამე ეპიზოდში ჩვენი მასპინძელი ოთარ კიტეიშვილი გახლდათ, მეოთხე ეპიზოდი კი ნიკა კვეკვესკირს და გიორგი წიტაიშვილს მიეძღვნა.

📺 | გასვლითი შეხვედრის ყველა ვიდეოს აქ ნახავთ.

ახლახან კი, საახალწლოდ, წლის ბოლო ეპიზოდი გამოვაქვეყნეთ. ჩვენი გადამღები ჯგუფი ამჯერად სლოვაკეთში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, გურამ კაშია გადავიღეთ. ვფიქრობთ, წელს და სეზონს საუკეთესო სტუმრით ვხურავთ.

ეს პირველი სეზონის ბოლო გადაცემაა - "გასვლითი შეხვედრა" თებერვალში დაბრუნდება. სხვა რუბრიკების ახალი ეპიზოდები კი პირველი იანვრიდანვე გელოდებათ. ახალი წლის პირველივე დღეს დაელოდეთ “მაგიდის დერბის” ძალიან მაგარ ახალ ეპიზოდს.

მოკლედ, თუ ჩვენი არხი ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა სწორედ ამის დროა 🙌

კომენტარები

ბოლო ამბები