Thumbnail

თბილისის დინამოს ლეგენდარული თავდამსხმელი ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა

  • 1964 წლის 18 ნოემბრის 'ოქროს მატჩის' მონაწილე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ვლადიმერ ბარქაიამ თბილისის დინამოში ჩატარებულ 297 მატჩში 108 გოლი გაიტანა

თბილისის დინამოს ლეგენდარული თავდამსხმელი ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ტექნიკით გამორჩეული შემტევი 1937 წლის 29 ივლისს გაგრაში დაიბადა, სადაც ვარჯიში ჯერ სკოლის საფეხბურთო სექციაში დაიწყო, შემდეგ კი სპორტსკოლაში გააგრძელა. მოგვიანებით იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, ხოლო შემდეგ გაგრის ბურევესტნიკის ღირსებას. ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ითამაშა.

ვლადიმერ ბარქაია თბილისის დინამოში 1957-1967 წლებში გამოდიოდა და მისი მაისურით ჩატარებულ 297 შეხვედრაში 108 გოლი გაიტანა. ის იყო 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს მატჩის" მონაწილე და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1959 და 1962 წლებში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 1960 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ითამაშა. 

ვლადიმერ ბარქაია თბილისის დინამოს ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა

ბარქაიას დებიუტი საბჭოთა კავშირის ნაკრებში შედგა 1965 წლის 27 ივნისს, მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიასთან (6:0), რომელშიც 2 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ჩაატარა ამხანაგური მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგვ (0:3), რომლის რიგებში პელე თამაშობდა.

ვლადიმერ ბარქაია 1967-1969 წლებში თბილისის დინამოს მწვრთნელი იყო.

2014 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამი ნისტროს გადაწყვეტილებით ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

ბოლო ამბები