შარშან ამ დროს, წლის TOP სტატიების შესავალში ვწერდი, რომ "2021 წელი სამყაროსთვის გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე კოშმარული 2020". ანუ, 2020-ს, როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო, კოშმარული ვუწოდე. რას წარმოვიდგენდი, რომ 2022-ის შეჯამებისას შესაბამისი ეპითეტის მოფიქრება გამიჭირდებოდა. როცა სიტყვა "კოშმარული" უკვე გამოყენებული გაქვს, ძალიან ძნელია, 2022-ს რამე მოუძებნო. 2022-ში რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - ფართომასშტაბიანი ომი ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით, ბავშვების, ქალების და მოხუცების ხოცვით. მაგრამ პუტინმა მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინა ვერ დაიპყრო. 2023 წლისთვის უკრაინელი ხალხის გამარჯვებაზე უკეთესს ვერაფერს ვისურვებთ.
"ევროპოპის" 2022 წლის 5 საუკეთესო სტატიიდან ორი სწორედ უკრაინელებზეა. ომი ახალი დაწყებული იყო, როცა უკრაინის ნაკრების მოთამაშეს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უკრაინელ ფეხბურთელს, იევჰენ კონოპლიანკას დავუკავშირდით და მასთან ვიდეო-ინტერვიუ ჩავწერეთ. ამაზე ემოციურს ბევრს ვერაფერს ნახავთ. მეორე სტატია კი უკრაინელ მოკრივეს, ოლეკსანდრ უსიკს ეხება და მისი ავტორი შოთა დიღმელაშვილია.
2022 წელს უდიდესმა როჯერ ფედერერმა დიდი სცენა დატოვა. ლეგენდარული შვეიცარიელის კლასიკურ მუსიკასთან შედარება ალბათ ყველაზე ლოგიკურია.
წლის საუკეთესო სტატიების ჩამონათვალი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა. 2022-ში ევროპოპზე ჯამში 12 000-ზე მეტი სტატია, ვიდეო თუ პოსტი გამოქვეყნდა და აქედან 10 ყველაზე რეიტინგული სწორედ კვარას შესახებ სიახლეებია. წლის ბოლოს ჩვენ გიორგი უგულავას სტატია გამოვარჩიეთ, რომელშიც კვარაცხელიას პირველი მატჩებია შეჯამებული და ხვიჩა რობერტო ბაჯოსთანაა შედარებული. დაბოლოს: მეხუთე რჩეული სტატია თავად ბაჯოზეა, რომელიც 2021-ის 28 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ და მაშინვე ვთქვით, რომ ის 2022-ის საუკეთესოებს შორის უნდა მოგვეხვედრებინა.
მთელი წლის სტატისტიკით, ჩვენი სიახლეებისა და სტატიების ნახვებმა 23 მილიონს გადააჭარბა. საშუალოდ ერთ დღეში ევროპოპზე სიახლეებსა და სტატიებს დაახლოებით 65 000-ჯერ ნახულობდნენ... ეს ციფრები ჩვენთვის ძალიან საამაყოა და მხოლოდ მოტივაციას გვმატებს.
მადლობა ევროპოპის თითოეულ ერთგულ მომხმარებელს. წლიდან წლამდე თქვენც უფრო და უფრო მეტნი ხდებით და ჩვენც უფრო და უფრო მეტი მოტივაციით ვმუშაობთ თქვენთვის.
'მადლობა ქართველებს, ჩვენ ვიარსებებთ' - ინტერვიუ იევჰენ კონოპლიანკასთან
✍ ...2022 წლის თებერვლის დასაწყისში, როცა დონეცკის შახტარიდან პოლონურ კრაკოვიაში გადავიდა, ყველასათვის ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი იევჰენ კონოპლიანკა ვერ წარმოიდგენდა, რომ რუსი ოკუპანტები მის სამშობლოში შეიჭრებოდნენ და ქალაქების დაბომბვას დაიწყებდნენ. მართალია, რუსეთს იმ დროს უკვე მობილიზებული ჰყავდა ჯარი უკრაინის საზღვრებთან, მაგრამ ევროპოპთან ინტერვიუში ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელი კონოპლიანკა ამბობს, რომ მაინც არ სჯეროდა ომის დაწყების. რატომ აფასებს ქართველებს, რას ეტყოდა რუს სპორტსმენებს, როგორ უნდა დაამარცხოს პუტინი მსოფლიომ - იევჰენ კონოპლიანკასთან ინტერვიუ ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია მათ შორის, რაც ჩაგვიწერია.
📋📺 წაიკითხე და ნახე სრულად: ვიდეო-ინტერვიუ კონოპლიანკასთან

თეთრი კურდღელი, რომელსაც ომში ეჩქარება
✍ ...მოგეხსენებათ, ხანდახან სინამდვილე შეთხზულზე დაუჯერებელია. უსიკის შემთხვევაში კი სინამდვილე ასეთია: იგი პირდაპირ ფრონტის ხაზიდან დაბრუნდა, რათა მეორედ დაემარცხებინა მასზე დაახლოებით 10 სანტიმეტრით და 10 კილოთი დიდი ენტონი ჯოშუა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მძიმეწონოსანი, რომელსაც ტიტული ზედიზედ 6-ჯერ აქვს დაცული. აბა როგორ, “კაზაკთა მოდგმისააო”, დააციტირა უკრაინის ჰიმნი ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამემამულეზე სიამაყით საუბრისას...
📋 წაიკითხე სრულად: შოთა დიღმელაშვილის ბლოგი ოლექსანდრ უსიკის შესახებ

ფედერერი, როგორც კლასიკური მუსიკა
✍ ...როჯერის თამაში მრავალფეროვან რომანტიკულ სიმფონიებს ჰგავს, თითოეულ ნოტს რომ ფაქიზად ეპყრობა. მისი განვლილი გზა ჯაკომო პუჩინის კომპოზიციების მსგავსია - ადამიანისა, რომელმაც შეუფასებელი მუსიკალური მემკვიდრეობა შექმნა. ეს მსგავსება სიმბოლური იმითაცაა, რომ მუსიკა ემოციების გადმოცემის უნივერსალურ ენად მიიჩნევა. როჯერი კი ამ დაუვიწყარი სიმფონიის სწორუპოვარ მაესტროდ იქცა, რომელიც ადამიანებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჩუქნიდა.
📋 წაიკითხე სრულად: ვასილ ჩავლეშვილის ბლოგი როჯერ ფედერერზე.

აუ, ბაჯოსავით შეაგდო! მაგრამ შედარებებს არ ვიყოთ...
✍ ...სერია A-სთვის კლასიკური გოლი იყო. დიდი ათიანი რომ ბურთს სადღაც ცენტრში, ოდნავ მარცხნივ მიიღებს და შორეულ კუთხეში ჩაახვევს. ასეთი გოლები გაჰქონდა დელ პიეროს სეზონში ერთი-ორჯერ, რამდენიმე კაკასგანაც მახსოვს. მეორე დღეს ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი - სერია A-ს ყოველკვირეული გულშემატკივრობის 30-წლიანი სტაჟით და ენციკლოპედიური მეხსიერებით. ეგრევე მითხრა ის, რის გახსენებასაც ჩემი ტვინი უშედეგოდ ცდილობდა - ‘აუ, ბაჯოსავით შეაგდო’. ასეთი გოლები ყველაზე ხშირად რობის გაჰქონდა. ხშირად რა, სეზონში ერთიც რომ შეაგდო ასეთი, უკვე დიდი ამბავია...
📋 წაიკითხე სრულად: გიორგი უგულავას სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე.

ჯადოქარი, რომელსაც ვერ გავუგეთ
✍ ...ახლაც კი, როცა თითქმის 30 წლის შემდეგ ამ სტრიქონებს ვწერ, ამ ფაქტის მშვიდად მიღება არ შემიძლია. ეს იყო რაღაც უზენაესი უსამართლობა, ბედისწერის ბოროტი და ცინიკური დაცინვა - ადამიანი ამას არ იმსახურებს. ეს საფეხბურთო კი არა, ადამიანური ტრაგედია იყო.
რობი ბაჯო არა მწვრთნელების და სქემების, არამედ ხალხის კაცად დარჩა. იუვენტუსში, მილანსა და ინტერში ერთად ითამაშა და სამივეგან უყვართ. იტალიაში ის ერთადერთი კაცია, ვისაც ყველა ქალაქში ტაშს უკრავენ. მისი მიღწევები უფრო ემოციებით და მომენტებით იზომება, ვიდრე სტატისტიკითა და ტიტულებით. ასე ვინმე ფეხბურთს თამაშობდეს, არავინ გვინახავს. უსამართლობამ თუ არგამართლებამ რობი სახალხო გმირად აქცია. ბევრი გამარჯვებების და დიდი მიღწევების მიუხედავად, ყველამ ვიცით, რომ ბედისწერას მეტი უნდა მიეცა მისთვის. სწორედ ამიტომ, მუდამ მის მხარეზე ვიქნებით. ის პენალტი ცაში მაინც არ უნდა წასულიყო...
📋 წაიკითხე სრულად: გიორგი უგულავას ბლოგი "ღვთაებრივი ცხენისკუდას" ფენომენზე.

კომენტარები